Logo

გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი

title

2018 წლის 20 ივნისს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ასათიანის 1 # 9) გაიმართა სისხლის დონორის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია და უანგარო, რეგულარული დონორებისა და მხარდამჭერი ორგანიზაციების დაჯილდოების ცერემონიალი სლოგანით:
“გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”
პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები, ევროკომისიის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის უსაფრთხო სისხლის ეროვნული პოლიტიკის ევროკავშირის რეგულაციებთან დაახლოების მიზნით საქართველოში მყოფი ექსპერტთა მისიის (TAIEX Expert Mission on the Approximation of National Blood Safety Legislation to EU Regulations) წარმომადგენლები. ასევე, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
უანგარო დონორის მსოფლიო დღე ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება და მის მიზანს წარმოადგენს უსაფრთხო სისხლისა და სისხლის პროდუქტების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მადლიერების გამოხატვა ყველა იმ დონორის მიმართ, რომელიც ნებაყოფლობით და უანგაროდ გასცემს სისხლს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
2018 წლის სისხლის დონორთა მსოფლიო დღის კამპანიის თემაა “გაუზიარე სიცოცხლე - გაიღე სისხლი”, რომელიც ყურადღებას ამახვილებს იმ იდეაზე, რომ ყველა ჩვენთაგანს სისხლის გაღებით შეუძლია სიცოცხლე აჩუქოს სხვა ადამიანებს და მოუწოდებს პოტენციურ დონორებს ნებაყოფლობით და რეგულარულად გაიღონ სისხლი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიზანია, 2020 წლისთვის სისხლის მარაგი ყველა ქვეყანაში მხოლოდ ნებაყოფლობითი და უანგარო დონორების მიერ გაცემული სისხლით შეიქმნას.
2011 წლის ივნისიდან „უსაფრთხო სისხლის“სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელია სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. სახელმწიფო პროგრამის მიზანია ტრანსფუზიით გადამდები ინფექციების პრევენცია, საქართველოს მასშტაბით სისხლის კომპონენტების თანაბარი სტანდარტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ფასიანი დონორობის ინსტიტუტის ეტაპობრივი ჩანაცვლება უანგარო, რეგულარული დონორობის სისტემით.
2018 წლის „უსაფრთხო სისხლის“ სახელმწიფო პროგრამაში 15 სისხლის ბანკი მონაწილეობს. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ სისხლის ბანკებთან თანამშრომლობით 2011-2017 წწ. უანგარო დონაციათა რაოდენობა 8 %-იდან 28 %-მდე გაიზარდა.