Logo

28 სექტემბერი ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა!

title

მსოფლიოში ცოფი კვლავ რჩება გამოწვევად და ყოველწლიურად 59 ათასზე მეტი ადამიანის   სიკვდილის მიზეზია, უმეტესად აზიასა და აფრიკაში.  

ცოფი - ვაქცინით მართვადი ვირუსული დაავადებაა და იგი მსოფლიოს 150 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული. თითქმის 99% ადამიანებზე ცოფის ვირუსის გადაცემა ხდება  ძაღლებისგან.

2015 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, ცოფთან ბრძოლის გლობალურმა ალიანსმა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ  შექმნეს გლობალური თანამშრომლობა ”გაერთიანება ცოფის წინააღმდეგ”, რათა მიღწეულ იქნას "ნული -ადამიანის ცოფით სიკვდილი 2030 წლისთვის".

2019 წლის 28 სექტემბერს მსოფლიო ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს მეცამეტედ აღნიშნავს და მიმართულია ვაქცინაციაზე, რაც ძირითადია - ცოფის  კონტროლის ღონისძიებებიდან. 

აცერი და დაამარცხე ცოფი!

საქართველოში წლების მანძილზე ადამიანთა ცოფით დაავადება მნიშვნელოვან ტვირთს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის. ამ ვერაგი დაავადების კლინიკური მანიფესტაცია 100%-ით ლეტალურად მთავრდება. გასული საუკუნის ბოლოსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში არსებული მდგომარეობა განაპირობებდა მოხეტიალე ცხოველთა უმართავ პოპულაციებს, მათში ცოფის გავრცელებას, ცხოველთა მიერ  ადამიანთა დაზარალების რიცხვის ზრდას. რიგ შემთხვევებში მწვავედ დგებოდა ანტირაბიული მომსახურების ხელმისაწვდომობის საკითხი. ადამიანთა ცოფით დაავადების ზრდის ტენდენციამ მაქსიმალურ რაოდენობას 1996 წელს მიაღწია, როდესაც ამ დაავადებამ 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ბოლო წლებში საქართველოს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტად იქცა ქვეყანაში გადამდები და სოციალურად საშიში დაავადებების შემცირება და  ეპიდზედამხედველობის სისტემის ეფექტური ფუნქციონირება. 

„ცოფის პრევენციის მიზნით 2014-2018 წლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების თანმიმდევრულმა განხორციელებამ  შედეგი გამოიღო. 

ჯანმრთელობის დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამსახურების მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა - კარგად გამიზნულმა პოსტექსპოზიციურმა მკურნალობამ, თანამედროვე ანტირაბიული პრეპარატების  ხელმისაწვდომობის გაზრდამ მოსახლეობის ყველა ფენისთვის, მოსახლეობის ინფორმირებულობამ ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ქცევის წესების შესახებ, ცოფის გადამტან შინაურ ცხოველთა იმუნური ფენის შექმნამ უზრუნველყო დადებითი შედეგი _ 2015 წლიდან  2017 წლის ჩათვლით საქართველოში არ დაფიქსირებულა ადამიანის ცოფით დაავადების შემთხვევა, 2018 წელს დაფიქსირდა 2 შემთხვევა, 2019 წელს კი   1 შემთხვევა (9 თვის მონაცემებით). 2018 წელს ერთ შემთხვევაში ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის დრო, ცხოველის სახეობა და შესაბამისად, ჭრილობის ლოკალიზაცია ვერ გამოვლინდა; მეორე შემთხვევაში კი - ინფექციის წყარო გარეული ცხოველია (ტურა). 2019 წელს კი დამზარალებელი ცხოველი ძაღლია. ბოლო ორი შემთხვევა დაფიქსირებულია საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე.


ცოფის შემთხვევების მრავალწლიანი დინამიკა, საქართველო, 2002-2019 (9 თვე) წ.წ.




2009 წლიდან 2013 წლამდე საქართველოში შეჩერებული იყო ცხოველებში ცოფის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროფილაქტიკური ვაქცინაცია და მათი ვაქცინაცია ხდებოდა მხოლოდ ცხოველთა მეპატრონეების მიერ (ძალზე მცირე რაოდენობით), შესაბამისად აღნიშნულ წლებში ეტაპობრივად მოიმატა ცოფის შემთხვევებმა ცხოველებში.

2013 წელს სურსათის ეროვნულმა სააგანეტომ დაიწყო შინაური ხორცისმჭამელი ცხოველების (ძაღლი და კატა) ცოფის საწინააღმდეგო უფასო მასიური პროფილაქტიკური ვაქცინაციის კამპანია, რომელიც ყოველწლიურად მოიცავს ქვეყნის ყველა რეგიონის 3000-მდე სოფელს. 


წელი

ვაქცინირებული ცხოველების რაოდენობა

2013

124 202

2014

235 454

2015

254 799

2016

259 706

2017 

289 311

2018

262 000


2013 წლიდან აღინიშნება ცხოველების ცოფით დაავადების შემთხვევების კლება, ასევე აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის შემდგომ დაავადების მკვეთრი კლება აღინიშნება ძაღლებში.


დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული სისტემა დღეს სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სისტემებს საშუალებას აძლევს რეალურ დროში გაცვალონ ინფორმაცია ზოონოზური დაავადებების, მ.შ. ცოფის შესახებ. 


ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე მიზნად ისახავს მოსახლეობაში დაავადებაზე ცნობიერების დონის ამაღლებას, ინფორმაციის ფართო გავრცელებას სიცოცხლის გადასარჩენად. 

თბილისისა და საქართველოს ზოგიერთი რაიონის სასწავლო დაწესებულებებში (ბაღები, სკოლები) ჩატარდება შეხვედრები ბავშვებთან და საუბრები დაავადებისა და ცხოველის მოვლა/შენახვისა და მათთან ქცევის წესების შესახებ.