Logo

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

title

საქართველოს სტუმრობს გერმანიის ფედერაციის ბუნდესტაგის წევრების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარი დელეგაცია. ვიზიტი მიზნად ისახავს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის მხარდაჭერით მიღწეული შედეგების შეფასებას და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრთან, ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან, სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობასთან, და ასევე, ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრსა და ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში.

გლობალური ფონდი ეყრდნობა ნებაყოფლობით შემოწირულობებს სხვადასხვა წყაროდან - მთავრობებიდან, კერძო სექტორიდან, სოციალური ფონდებიდან, საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან და პიროვნებებისგან. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა სიდიდით მისი მეოთხე დამფინანსებელია. საქართველოში გლობალური ფონდის მხარდაჭერით პროექტები ხორციელდება 2003 წლიდან. საერთო ჯანში მიღებულია 119,2 მილიონი დოლარის დახმარება (74,1 მილიონი აივ პროგრამის, 41,9 მილიონი ტუბერკულოზის პროგრამის და 3,5 მილიონი მალარიის პროგრამისთვის).

გლობალური ფონდის მხარდაჭერით საქართველოში მიღწეულია მალარიის ელიმინაცია - მალარიის ადგილობრივი შემთხვევა არ დაფიქსირებულა 2010 წლიდან. უზრუნველყოფილია საყოველთაო ხელმისაწვდომობა როგორც ტუბერკულოზის, ასევე აივ/შიდსის თანამედროვე სტანდარტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე, დაინერგა ინოვაციური, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომები, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა ტუბერკულოზის ტვირთი და საქართველო რჩება აივ ინფექციის დაბალი პრევალენტობის ქვეყნად.