Logo

რამაზ ურუშაძე გამოსათხოვარი

title


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოლექტივი უდიდესი მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა საქართველოში თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეგიონული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ურუშაძე. 
ბატონი რამაზი იყო დიდი მამულიშვილი, გამორჩეული თავისი ცოდნით, გამოცდილებით, შრომისმოყვარეობით, საქმის ერთგულებითა და ქვეყნის სიყვარულით. დიდია ჩვენი, მისი მეგობრების, კოლეგებისა და ახლობლების გულისტკივილი მისი გარდაცვალების გამო. 
რამაზ ურუშაძე ჩვენი ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გამორჩეული პიროვნება იყო. ფასდაუდებელია მისი წვლილი საქართველოს ჯანდაცვის სექტორის განვითარებასა და ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ჩამოყალიბებაში. 70-იანი წლების დასასრულს, მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტის და ორდინატურის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და პრაქტიკული საექიმო საქმიანობა გააგრძელა ქირურგიის მიმართულებით. 10 წლის განმავლობაში იგი იყო დმანისის რაიონის მთავარი ექიმი. სომხეთში მომხდარი სპიტაკის მიწისძვრის დროს მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა დმანისის საავადმყოფოს სრული მობილიზება, თავის გუნდთან ერთად საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი პირველი ჩავიდა დაზიანებულ რეგიონში, კოლეგებთან ერთად თავდაუზოგავად ეხმარებოდა მაშველებს დაშავებულების გამოყვანაში და უზრუნველყოფდა მათ შემდგომ სამედიცინო დახმარებას. როგორც საველე ქირურგი, ომის დროს იგი მუშაობდა აფხაზეთში და ამ თავდადებისთვის მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდო. 
ქვეყნის დამოუკიდებლობის მიღების დღიდან იგი მონაწილეობდა ჯანმრთელობის სისტემის აღორძინებაში, 90-იანი წლების იმდროინდელ გუნდთან ერთად იყო რეფორმების პირველი ტალღის შემოქმედი და თანაავტორი და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი. იგი სათავეში ჩაუდგა ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის ორგანიზებისა და რეგიონული მართვის დეპარტამენტს. შემდგომში ბ-ნი რამაზი იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი და მინისტრის მოადგილე. მისი საქმიანობა ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა. აფხაზეთის მოვლენების შემდგომ საქართველო და ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ურთულესი ამოცანების წინაშე იდგა. აუცილებლობას წარმოადგენდა რეფორმა, რომელიც უპასუხებდა მოსახლეობის საჭიროებებს. თანამედროვე მოთხოვნებისა და სტანდარტების შესაბამისი ახალი საზოგადოებრივი ჯანდაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენი გახდა ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების დაცვაში და საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ დონეზე. ბატონი რამაზი მონაწილეობდა დიფთერიის ეპიდემიის ლიკვიდაციაში, მალარიის კონტროლში, ხოლო პოლიომიელიტის ერადიკაციისათვის გაწეული ღვაწლისათვის დაჯილდოვდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ოქროს მედლით. დიდია მისი წვლილი ქვეყანაში თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების ინიცირების კუთხით. წლების განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში იგი წარმოადგენდა საქართველოს თამბაქოს ჩარჩო კონვენციის შემუშავების პროცესში.
ბატონი რამაზი მრავალმხრივი აზროვნების ადამიანი იყო. იგი ხედავდა, რომ თანამედროვე საზოგადოებრივი ჯანდაცვა მოითხოვდა ახალ საგანმანათლებლო პროგრამებს, პროფესიონალების გადამზადებას და სათავეში ჩაუდგა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პირველ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კათედრას, სადაც შეიქმნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამა. 
2004 წელს რამაზ ურუშაძე მიიწვიეს დმანისის მუნიციპალიტეტში გამგებლის პირველ მოადგილედ. მისი თაოსნობით საფუძველი ჩაეყარა ახალი მუნიციპალური მმართველობის კულტურას, ჯანდაცვითი საკითხების აქტუალობის წარმოჩენას ადგილობრივ დონეზე. რაიონის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის 2012 წელს იგი აირჩიეს დმანისის საპატიო მოქალაქედ. 
2005 წლიდან მან პედაგოგიური საქმიანობა განაგრძო საქართველოს უნივერსიტეტში. იგი იყო ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მის ხელმძღვანელობით სკოლის არაერთი მაგისტრი და დოქტორი აღიზარდა, რომლებიც დღეს წარმატებით მოღვაწეობენ როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთ. რამაზ ურუშაძის ავტორობით გამოცემულია არაერთი სახელმძღვანელო, მათ შორის: „საზოგადოებრივი ჯანდაცვა: თეორია და პრაქტიკა“, „სახელმწიფო პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სისტემები“ და „თანამედროვე საავადმყოფოს ორგანიზაცია და მენეჯმენტი“. საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და განათლების სისტემებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის ბატონ რამაზს მიენიჭა ღირსების ორდენი. 
ბოლო ათწლეული ბატონი რამაზი მუშაობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე და კვლავ თავდაუზოგავად აგრძელებდა შრომას ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე მოთხოვნების დასამკვიდრებლად. 
რამაზ ურუშაძე იყო საუკეთესო მეგობარი, წიგნიერი და მრავალმხრივ განათლებული ადამიანი, გამორჩეული პიროვნული თვისებებით, დახვეწილი შინაგანი კულტურითა და მაღალი ღირებულებებით. ამავე დროს ის იყო საოცრად მოკრძალებული და თავმდაბალი. მისთვის უცხო იყო მტრობა, სავსე იყო ადამიანებისადმი სიყვარულით, სიკეთითა და დადებითი მუხტით. ყველა პრობლემას თუ გამოწვევას მისეული იუმორით ხვდებოდა, მხარში ედგა თითოეულ კოლეგას, ამხნევებდა და არასოდეს იშურებდა საჭირო რჩევასა და თანადგომას, იყო საოცრად ოპტიმისტი, ქვეყნის დიდი პატრიოტი და მოამაგე, შემდგომი თაობებისთვის მისაბაძი ადამიანი. 
გვჯერა, რომ მისი გან­ვლილი გზა უკ­ვა­ლოდ არ ჩა­ივლის. როდესაც დაიწერება დამოუკიდებელი საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის განვითარების ისტორია, რამაზ ურუშაძე დამსახურებულად დაიმკვიდრებს საპატიო ადგილს, რათა მომავალმა თაობამ იცოდეს ჩვენი ქვეყნის ამ გამორჩეული პიროვნების შესახებ.

ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი