Logo

პრესრელიზი - მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად

title

24 მარტს 13:00 საათზე სასტუმრო „ბილტმორში“საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და დონორ ორგანიზაციის აივ ინფექცია/შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალურ ფონდის მხარდაჭერით გაიმართება ტუბერკულოზის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა სლოგანით

მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად

და სიცოცხლის გადასარჩენად

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ამირან გამყრელიძე, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ავალიანი. ასევე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის,   სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებლების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის და პაციენტთა სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ტუბერკულოზის მსოფლიო დღე აღინიშნება 24 მარტს. 2022 წლის ტუბერკულოზის მსოფლიო დღის თემა - „მეტი ინვესტიცია ტუბერკულოზის დასასრულებლად და სიცოცხლის გადასარჩენად“ - ყურადღებას ამახვილებს რესურსების ინვესტირებაზე, რაც აუცილებელია ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. ეს ინვესტიციები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში, რომელმაც ტუბერკულოზთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესი რისკის ქვეშ დააყენა.  


ტუბერკულოზი რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციურ დაავადებად. მსოფლიოში აქტიური ტუბერკულოზით ყოველწლიურად ავადდება 9 მილიონამდე ადამიანი და იღუპება დაახლოებით 1,5 მილიონი.  2000 წლიდან ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურმა ძალისხმევამ დაახლოებით 66 მილიონი სიცოცხლე გადაარჩინა. ტუბერკულოზის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისათვის არის გაეროს მდგრადი განვითარების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამიზნე. 

უკანასნელ პერიოდში საქართველოში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი ტუბერკულოზის მართვის სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, ბოლო მონაცემებით საქართველოში სენსიტიური ტუბერკულოზის მქონე პაციენტებისთვის მკურნალობის წარმატების მაჩვენებელმა 85%-ს, ხოლო MDR/RR-TB შემთხვევების მკურნალობის შედეგებმა 75%-ს მიაღწია.

ბოლო 10 წლის განმავლობაში, საქართველოში ტუბერკულოზის ყველა ფორმის მნიშვნელოვანი კლების ტენდენცია დაფიქსირდა - საშუალოდ 6.6% წელიწადში. ახლად დიაგნოზირებული ტუბერკულოზის შემთხვევათა მაჩვენებელი შემცირდა 65%-ით 112-დან 40-მდე 100000 მოსახლეზე. ტუბერკულოზი 2021 წელს 1646 ადამიანს დაუდგინდა, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. 2020-2021 წლებში ტუბერკულოზის შემთხვევების გამოვლენის მნიშვნელოვანი შემცირება სავარაუდოდ COVID-19 ეპიდემიის გავლენას უკავშირდება.


საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

მისამართი: ქ.თბილისი, რუსთაველის გამზირი 29