Logo

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული - პრესკონფერენცია 18.11.2016

title

201წლის 18 ნოემბერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა პრესკონფერენცია თემაზე

ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეული

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პირები და დარგის ექსპერტები.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 14-20 ნოემბერს აღნიშნავს ,ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს სლოგანით: ,,გამოიყენე ანტიბიოტიკები ფრთხილად“.

კვირეულის მიზანია ხელი შეუწყოს ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის შესახებ ინფორმირებულობის ზრდას და ბიძგი მისცეს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს ანტიბიოტიკების მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით გამოყენებას.  

„ანტიმიკრობული რეზისტენტობა წარმოადგენს ფუნდამენტურ საფრთხეს ადამიანების ჯანმრთელობის, განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის“ (მარგარეტ ჩანი). 

ჯანმო-ს მონაცემებით (ანგარიში „სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ენდემური ინფექციების ტვირთი მსოფლიოში“) ევროპაში, ყოველწლიურად, საავადმყოფოსშიგა ინფექციები კლინიკაში დამატებით დაყოვნების 16 მილიონ დღესა და 37,000 შემთხვევაში უშუალოდ სიკვდილს იწვევენ. გარდა აღნიშნულისა, საავადმყოფოსშიგა ინფექციები გარკვეულწილად განაპირობებენ გარდაცვალების კიდევ 110,000 შემთხვევას. შესაბამისად, ფინანსური ზარალი (მხოლოდ პირდაპირი დანახარჯების ჩათვლით) დაახლოებით 7 მილიარდი ევროა. 

ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის გავრცელებას აჩქარებს ანტიბიოტიკების არარაციონალური და ჭარბი მოხმარება,  ინფექციების პრევენციისა და კონტროლის არასათანადო ღონისძიებები. საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენელს შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა ანტიმიკრობული რეზისტენტობის (ამრ) შემცირებისა და გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ამასთან, სამედიცინო პერსონალს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია ანტიბიოტიკების ეფექტურობის დაცვაში.

2016 წელს მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებმა  უპრეცედენტო ყურადღება მიაპყრეს ანტიმიკრობული მედიკამენტების მიმართ რეზისტენტული ინფექციების გავრცელების შეჩერებას. 

პირველად გაეროს ისტორიაში, წევრი ქვეყნების მეთაურებმა იკისრეს ვალდებულება გამოიყენონ ფართომასშტაბიანი, კოორდინირებული მიდგომა ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამომწვევი მიზეზების საპასუხოდ.

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიაზე წევრმა ქვეყნებმა საჯაროდ დადეს პირობა, რომ გაამკაცრებენ ანტიმიკრობული პრეპარატების რეგულირებას, გააუმჯობესებენ ამრ-ის შესახებ ცოდნის დონესა და ინფორმირებულობას, აგრეთვე წაახალისებენ საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას.

ისეთი გავრცელებული და სიცოცხლისთვის საშიში ინფექციები, როგორებიცაა პნევმონია, გონორეა და პოსტ-ოპერაციული ინფექციები, ისევე, როგორც აივ ინფექცია, ტუბერკულოზი და მალარია ამრ-ის გამო სულ უფრო რთულად სამკურნალო ხდება. ამრ-ის საკითხის რეაგირების გარეშე დავტოვება მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს ქვეყნების განვითარებას.

გაეროს გენერალური ასამბლეის 71-ე სესიის თავჯდომარემ,მისმა აღმატებულება პიტერ ტომსონმა ბრძანა:

„ანტიმიკრობული რეზისტენტობა ემუქრება მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და გლობალურ პასუხს მოითხოვს“.

არც ერთ ცალკე აღებულ ქვეყანას, სექტორს ან ორგანიზაციას არ შეუძლია ეს პრობლემა მხოლოდ საკუთარი ძალებით გადაწყვიტოს.

ამრ-ის გავრცელების შეკავებისა და მსოფლიო გამოწვევების კვალდაკვალ საქართველოში:

  • შემუშავდა  ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგოეროვნული სტრატეგია;
  • თბილისის სამ კლინიკაში შესწავლილ იქნა სისხლის ნაკადის ინფექციების ეპიდემიოლოგია, იდენტიფიცირებულ იქნა სისხლის ნაკადის ინფექციების ძირითადი გამომწვევი პათოგენები და განისაზღვრა მათი ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობელობა;
  • ლუგარის ლაბორატორიაში კავკასიის რეგიონში პირველად, იზოლირებულ და იდენტიფიცირებულ იქნა საავადმყოფოსშიგა დიარეის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევის C. difficile-ს კულტურები და დაინერგა მისი დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები;
    • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავდა გაიდლაინი „ინფექციების კონტროლი და პრევენცია სტომატოლოგიურ კლინიკებში“; გადამზადდა სტომატოლოგიური კლინიკების 4250 თანამშრომელი (დკსჯეც ხელშეწყობით)  
    • საქართველო ჩაერთო ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე ზედამხედველობის სისტემაში (CAESAR). 

კვირეულის ფარგლებში მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები; აქტიური კომუნიკაცია მედიასთან და საზოგადოებასთან. ანტიბიოტიკების შესახებ ინფორმირებულობის მსოფლიო კვირეულს საქართველოც უერთდება სხვადასხვა აქტივობებით. 18 ნოემბერს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრში იწყება ,,ეროვნული ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის ქსელის“ სამუშაო შეხვედრა.

ანტიბიოტიკები: გამოიყენეთ ფრთხილად

#AntibioticResistance