Logo

"ქალები ირჩევენ წითელს" 2022 წლის 4 თებერვალი

title

ამერიკის გულის ასოციაციის მიერ ინიცირებული ყოველწლიური კამპანია „ქალები ირჩევენ წითელს“ – „Go Red for Women“ ყოველწლიურად თებერვლის პირველ პარასკევს აღინიშნება და ეძღვნება  ქალთა კარდიოვასკულური ავადობის რისკების შესახებ გათვითცობიერების გაძლიერებას.

არტერიული ჰიპერტენზია კარდიოვასკულურ დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორია და ჰიპერტონული კრიზი კი განსაკუთრებულად აქტუალურია სისხლძარღვოვანი გართულებების რისკების მხრივ.

რა არის ჰიპერტონული კრიზი

ჰიპერტონული კრიზი არტერიული წნევის  უეცარი, მკვეთრი მატებაა, უხშირესად წნევის ციფრები აღემატება 180/120 მმ.ვწყ.სვ., რაც შეიძლება გახდეს  ისეთი სისხლძარღვოვანი კატასტროფის განვითარების საფუძველი, როგორიცაა მაგალითად თავის ტვინის ინსულტი.

ჰიპერტონული კრიზის ორი კატეგორია განიხილება - (1)გადაუდებელი, როდესაც აღნიშნული კლინიკური მდგომარეობა ვითარდება ე.წ.სამიზნე ორგანოების დაზიანების გარეშე და (2)სასწრაფო, როდესაც სამიზნე ორგანოები დაზიანებულია. აღნიშნულს სამედიცინო პერსონალისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს წნევის დაქვეითების რეჟიმის და, ზოგადად, კრიზის მართვის ტაქტიკის განსასაზღვრად  პრეჰოსპიტალურ ან სტაციონარის პირობებში.

ჰიპერტონული კრიზის განვითარების ერთერთი ხშირი მიზეზი წნევისდამწევი პრეპარატების მიღების პროცესში წყვეტილობაა (გულმავიწყობა, ე.წ.კურსობრივი მკურნალობის შესაძლებლობის შესახებ მცდარი შეხედულება და ა.შ.)

ჰიპერტენზიული კრიზის ნიშნები  და სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გახდეს გართულების საფუძველი:

·         ძლიერი თავის ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ  თან ახლავს დეზორიენტაციის მოვლენები, მხედველობის დაბინდვა და ა.შ.

·         გულისრევის შეგრძნება  და/ან  პირღებინება

·         შფოთვის გამოხატული სიმპტომატიკა

·         ტკივილი გულმკერდის არეში

·         ჰაერის უკმარისობა

·         კრუნჩხვა

·         არეაქტიულობა

·         და სხვ.

საინტერესო მონაცემები იქნა მიღებული ჩვენს ქვეყანაში 2021 წლის ჰიპერტენზიის მსოფლიო სასკრინინგო კამპანიის „მაისის გაზომვების თვე“ – “May Measurement Month” (MMM) ფარგლებში, როდესაც კვლევის ზოგად ინსტრუმენტს ქართული საჭიროებების გათვალისწინებით დაემატა რამდენიმე კითხვა, მათ შორის ანამნეზში ჰიპერტონული კრიზის ეპიზოდების შესახებ.

მოგვყავს რამოდენიმე მათგანი:

v  გამოკვლეულთა 28%-მა აღნიშნა ანამნეზში არტერიული წნევის კრიზული მატების შემთხვევები; მნიშვნელოვანია, რომ ამ კონტინგენტის უმრავლესობა (64%) ქალია

v  გამოკვლეულთა 50%-მა აღნიშნა, რომ დაჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარება და/ან ჰოსპიტალიზაცია

v  რაც შეეხება ჩივილებს, ქალების 62%-მა აღნიშნა თავის ტკივილი, 11%-მა თავბრუსხვევა, 3%-მა მხედველობის დაბინდვა და ა.შ.

თუ გაქვთ არტერიული წნევის მკვეთრ მატების ეპიზოდები, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. ჰიპერტონული კრიზისის მკურნალობა შეიძლება საჭიროებდეს ჰოსპიტალიზაციას და ე.წ. არჩევის პრეპარატებით მკურნალობას.