Logo

საქართველოს ერათობლივი გარე შეფასება (JEE).

title

2019 წლის 10-14 ივნისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოორდინირებით საქართველოს ეწვია მისია ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების ფარგლებში არსებული ძირითადი შესაძლებლობების შეფასების მიზნით. მისიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, სურსათის ეროვნული სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული 13 საერთაშორისო ექსპერტი.

მისიის განმავლობაში შეფასდა საქართველოს პრევენციის, მზადყოფნისა და რეაგირების შესაძლებლობები (19 ტექნიკური სფერო) საზოგადოებრივი ჯანდაცვის საგანგებო მდგომარეობებზე და ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების (IHR 2005) ძირითადი შესაძლებლობების განხორციელების სტატუსი.

შეხვედრის დროს მოწვეულმა ექსპერტებმა განახორციელეს ვიზიტი 112-ში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში, ეროვნულ სიტუაციურ ოთახში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვაქცინების საცავში, შემოსასვლელ პუნქტში (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი), რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრში და სამედიცინო დაწესებულებაში, კერძოდ ნიუ-ჰოსპიტალში. ვიზიტის დროს მათ შეისწავლეს ზემოხსენებული დაწესებულების მუშაობისა და მოქმედების მექნიზმები, როგორც რუტინული საქმიანობისას, ასევე გადაუდებელი შემთხვევების დროს.
19 ტექნიკური სფეროს განხილვისა და ვიზიტების შემოდგომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მოწვეულმა ექსპერტებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომელიც შემდგომში დაეხმარება ქვეყანას პრიორიტეტების განსაზღვრასა და ხარვეზების აღმოფხვრაში ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების საშუალებით.