Logo

ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე 2023 წლის 17 მაისი

title

17 მაისი ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა. მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკ-ფაქტორის - არტერიული ჰიპერტენზიის (მომატებული არტერიული წნევა) ადრეული გამოვლენის, პრევენციისა და რეგულარული მკურნალობის სარგებლის შესახებ. ჰიპერტენზიის მსოფლიო დღე  ჰიპერტენზიის მსოფლიო ლი-გის (World Hypertension League) ინიციატივით 2005 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

მიმდინარე წლის ჰიპერტენზიის მსოფლიო დღის თემაა: „სწორად გაიზომეთ არტერიული წნევა, აკონტროლეთ იგი, იცხოვრეთ უფრო დიდხანს“ და ხაზს უსვამს წნევის გასინჯვის, ადეკვატური მკურნალობის და წნევის ციფრების მუდმივი მონიტორინგის მნიშვნელობას. გზავნილი ფოკუსირებულია საკითხის შესახებ ინფორმირებულობის ზრდაზე, არტერიული წნევის გაზომვის მნიშვნელობის და მისი სწორად გაზომვის მეთოდების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, განსაკუთრებით დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში.   


მსოფლიოში მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ჰიპერტენზიით, რომელიც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ნაადრევი სიკვდილის მთავარი მიზეზია გლობალურად. ჰიპერტენზიის ტვირთი განსაკუთრებით მაღალია დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, სადაც შემთხვევების ორი მესამედი ფიქსირდება.
არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა, რომლის დროსაც იმატებს სისხლის წნევის ციფრები. ჰიპერტენზია ასოცირებულია მიოკარდიუმის ინფარქტის, თავის ტვინის ინსულტის და თირკმლის ქრონიკული დაავადების განვითარებასთან.


ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელს” უწოდებენ, ვინაიდან ხშირად ეს კლინიკური მდგომარეობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, დაავადების გამოსავლის გასაუმჯობესებლად, ადრეული გამოვლენის აქტივობები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.


ჰიპერტენზიის მქონე პირთა გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, რომ ჰიპერტენზიის დიაგნოზი აქვს. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებამ მიიღოს სწორი ინფორმაცია დაავადების შესახებ და ხელი შეუწყოს მის პრევენციასა და კონტროლს.


2025 წლისათვის ჰიპერტენზიის გავრცელების 25%-ით  შესამცირებლად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა (CDC) 2016 წ. საფუძველი ჩაუყარეს გულის გლობალურ ინიციატივას - Global Hearts Initiative. ინიციატივის ხუთი ტექნიკური პაკეტი მოიცავს: კარდიოვასკულური დაავადებების მართვის (HEARTS); თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების (MPOWER); ფიზიკური აქტივობის გაძლიერების; მარილის მოხმარების შემცირების (SHAKE) და ტრანს-ცხიმების ელიმინაციის (REPLACE) შესახებ რეკომენდაციებს; ინიციატივა მიზნად ისახავს გულის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას მთელ მსოფლიოში. ტექნიკური პაკეტი მოიცავს რეკომენდაციებს ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების ეფექტურად გამოვლენისა და მკურნალობის შესახებ პირველადი ჯანდაცვის რგოლში.
ჰიპერტენზიის კონტროლი და მისი გართულებების თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანსაღი ცხოვრების წესით და, საჭიროების შემთხვევაში, ექიმის მიერ სწორად შერჩეული მედიკამენტოზური მკურნალობით.
ჰიპერტენზიის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მაისში იმართება „მაისი - გაზომვების თვე“ გლობალური კამპანია, რომელსაც უკვე მეექვსედ, აქტიურად უერთდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ჰიპერტენზიის შემსწავლელ საზოგადოებასთან ერთად.
„მაისის გაზომვების თვეს“ ტრადიციულად ვიწყებთ წნევის გაზომვის აქციით ცენტრში, რომელიც,  17 მაისს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს, 11:00 საათზე დაიწყება.


ფაქტები ჰიპერტენზიის შესახებ:



o    მაღალ წნევად ანუ არტერიულ ჰიპერტენზიად ითვლება 140/90 მმ ვწყ. სვ. და მეტი
o    ჯანმოს მონაცემებით ჰიპერტენზიით ყოველწლიურად 1.5 მილიარდი ადამიანი ავადდება და დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი იღუპება
o    არტერიული ჰიპერტენზია ქრონიკული მდგომარეობაა. საქართველოში ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 18-69 წწ პოპულაციაში 37.7%-ია. იმათგან, ვინც ამჟამად არ იმყოფება ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობაზე, 25.1%-ს აღენიშნა წნევის მაღალი ციფრები (STEPS 2016)
o    სიკვდილის შემთხვევათა დაახლოებით 50% საქართველოში ჰიპერტენზიას უკავშირდება
o    ჰიპერტენზია რისკ-ფაქტორია ისეთი სერიოზული გართულებებისა, როგორიც არის გულის კუნთის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება
o    პაციენტმა უნდა იცოდეს რა არის მისი წნევის ციფრები და არ შეაფასოს ჰიპერტენზია, როგორც დროებითი, სიტუაციური მოვლენა
o    ჰიპერტენზია ერთერთი მარტივი სადიაგნოსტიკო კლინიკური მდგომარეობაა, მისი შეფასება, დიაგნოზის დასმა, სასტარტო მკურნალობის შერჩევა, მედიკამენტის დოზის განსაზღვრა და კომბინირებული სქემების შემუშავება - ექიმის პრეროგატივაა
o    ჰიპერტენზიის მკურნალობის პროცესში წარმატებას სწორად შერჩეული რეგულარული მკურნალობა განსაზღვრავს
o    ჭარბი წონა/სიმსუქნე, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, არაჯანსაღი კვება, მარილის ჭარბი მოხმარება, ნერვული დაძაბულობა და ა.შ. ეს ის რისკ-ფაქტორებია, რომელთა კორექციით შესაძლებელია ჰიპერტენზიის განვითარების რისკის შემცირება.


___________________________________________

https://www.paho.org/en/world-hypertension-day   
https://ish-world.com/meetings-and-events/
https://www.cdc.gov/globalhealth/healthprotection/resources/awareness/world-hypertension-day   
https://world-heart-federation.org/news/world-hypertension-day-taking-action-against-the-silent-epidemic-of-high-blood-pressure/