Logo

რეკომენდაციები დაწესებულებებში სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების უზრუნველყოფისათვის

title

სკოლისა და საბავშვო ბაღის ჯანსაღ გარემოს გადამწყვეტი როლი ენიჭება ბავშვების ჯანმრთელობის დაცვისა და სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის ეფექტურობისათვის. ამ მიზნით სკოლის/ბაღის ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს სათანადო სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა.

საქართველოში სასწავლო პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების ხელმძღვანელებს გთხოვთ, გაითვალისწინოთ და შეძლებისდაგვარად უზრუნველყოთ შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

1. სტანდარტულად, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ყოველდღიურად უნდა დალაგდეს სველი წესით სოდის, საპნის ან სინთეზური სარეცხი საშუალებების გამოყენებით.

2. ჯგუფური ოთახების, საკლასო ოთახების და სხვა სასწავლო და დამხმარე ოთახების დალაგება (იატაკის მორეცხვა, მტვრის გაწმენდა ზედაპირებიდან: მაგიდები, სკამები, ფანჯრის რაფები, გამათბობლები და სხვა)უნდა მოხდეს მეცადინეობების დამთავრების შემდეგ, გაღებული ფანჯრების და ფრამუგების მდგომარეობაში. თუ სკოლაში სწავლა მიმდინარეობს ორ ცვლად, ოთახები უნდა დალაგდეს ცვლებს შორისაც.

3. თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს შენობის გენერალური დასუფთავება სარეცხი და სადეზინფექციო ხსნარების გამოყენებით. სადეზინფექციოდ გამოიყენება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სადეზინფექციო საშუალებები.

4. ფანჯრები უნდა გაიწმინდოს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ორჯერ. სანიტარიული კვანძი, კვების ბლოკი (ბუფეტი) და სამედიცინო კაბინეტი ექვემდებარება ყოველდღიურ დასუფთავებას სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.

5. სანიტარულ-ტექნიკური აღჭურვილობის დასუფთავება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. უნიტაზის დასაჯდომის, ჩასარეცხი ავზისა და კარების სახელურები უნდა გაირიცხოს ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებით. ნიჟარები, უნიტაზები უნდა გაირეცხოს ჯაგრისით სარეცხ-სადეზინფექციო (ეტიკეტზე მითითებული რეკომენდაციების შესაბამისად) საშუალებების გამოყენებით.

6. სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოიყენებულ უნდა იქნეს ამ მიზნებისათვის განკუთვნილი, სათანადოდ მარკირებული ინვენტარი, რომელიც ინახება განცალკევებით და ექვემდებარება დამუშავებას ყოველი სამუშაო დღის დასრულების შემდგომ.

7. სკოლის/ბაღის სათავსების დასუფთავებისათვის გამოყენებული სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები, უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, ისე რომ შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი გარეშე პირთათვის.

8. კვების ბლოკის (ბუფეტის) დასუფთავება უნდა მოხდეს ყოველი კვების შემდეგ. საკვების მიღების დასრულების შემდეგ მაგიდები ექვემდებარება რეცხვას ცხელი წყლით და სარეცხი საშუალებებით (საპონი, სოდა და სხვა).

9. კვების ბლოკის ჭურჭელი რეცხვის წინ უნდა განთავისუფლდეს საკვების ნარჩენებისაგან, შემდგომ კი გაირეცხოს ჯაგრისით ცხელ წყალში (>500C) და სარეცხ საშუალებებში. ამის შემდეგ ჭურჭელი უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში. ბოლოს კი გაივლოს გამდინარე ცხელი წყლით (650C) და გაშრეს სპეციალურ საშრობ კარადაში ან თაროებზე.

10. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში დეზინფექციის დროს ძირითადი ყურადღება უნდა მიექცეს იმ ნივთების დამუშავებას, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ ინფექციის გადაცემაში (ხშირად შეხებადი ზედაპირები, კარები, კარისა და ფანჯრის სახელურები, მაგიდის ზედაპირები).

ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით ხშირად უნდა განიავდეს საბავშვო ოთახები/კლასები (ყველა შესვენებაზე), გაიწმინდოს მტვრისაგან, დასუფთავდეს სველი წესით.

ნაწლავური ინფექციების გავრცელების პრევენციისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ჭურჭლის, სასადილო მაგიდების ზედაპირების, სანიტარიულ-ტექნიკური აღჭურვილობის დეზინფექციის მართებულად ჩატარებას. 

10. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში იცვლება ჭურჭლის დასუფთავების ეტაპების რიგი: საჭმლის ნარჩენებისაგან გათავისუფლებული ჭურჭელი უნდა მოთავსდეს სადეზინფექციო ხსნარში, გამოიხარშოს 2%-იანი სოდის ხსნარში – 15 წთ-ის განმავლობაში, ამის შემდეგ ჭურჭელი გაირეცხოს გამდინარე ცხელი წყლით და გაშრეს.

11. ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო პერიოდში სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საჭიროება და ხანგრძლივობა კერაში განისაზღვრება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მიერ.

13. სკოლის/ბაღის ტერიტორია ყოველდღიურად უნდა დასუფთავდეს, ხოლო ნაგავი მოგროვდეს და ჩაიყაროს ეზოში არსებულ თავსახურიან ნაგავშემკრებ კონტეინერებში, რომელიც შენობიდან არანაკლებ 25-30 მეტრის მოშორებითაა განთავსებული.

14.ყოველდღიურად უნდა ხორციელდებოდეს მყარი ნარჩენების შეგროვდება ოთახებში, სამზარეულოში, ადმინისტრაციულ და სხვა სათავსებში და უსაფრთხო გატანა შენობიდან.

15. ნაგვის კონტეინერების დაცლა მათი 3/4-ით გავსებისთანავე უნდა ხდებოდეს, რათა არ გადაივსოს.

16. ნაგვის ლპობისა და ხრწნის თავიდან აცილების მიზნით, ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს კონტეინერების გატანა სკოლის/ბაღის ტერიტორიიდან, განსაკუთრებით, წლის თბილ პერიოდში. ყოველთვიურად, კონტეინერები უნდა გაირეცხოს და ჩაუტარდეს დეზინფექცია (10%-იანი ქლორიანი კირის ხსნარით 60წთ-ის განმავლობაში, ან სხვა ნებისმიერი შესაბამისი დეზინფექტანტით).

17. სკოლაში/ბაღში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნახმარი წყლების მოცილება/არინება და სეპტიკური ავზების დაცლა დროულად და უსაფრთხოდ.

18. სკოლის/ბაღის ადმინისტრაციის ორგანიზებით, სპეციალიზებული სამსახურის მეშვეობით, უნდა ჩატარდეს ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილის, ასევე საწყობებისა და სარდაფების პერიოდული დამუშავება მწერებისა და მღრღნელების გამრავლების საწინააღმდეგო საშუალებებით (დეზინსექცია, დერატიზაცია).