Logo

ევროპის იმუნიზაციის კვირეული 20 – 26 აპრილი, 2020

title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2020 წლის 20 – 26 აპრილი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან  აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

ხედვა და მიზანი

“ვაქცინაციით მართვადი დაავადებებისგან თავისუფალი ევროპის რეგიონი, სადაც ყველა ქვეყანა უზრუნველყოფს თანაბარ წვდომას მაღალი ხარისხის, უსაფრთხო ვაქცინებსა და იმუნიზაციის სერვისებზე მთელი ცხოვრების მანძილზე“. 

კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების,   პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად.  ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. 

იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში

საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის    ბრძანება #01-60/ნ,2019წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 13 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, ადამიანის პაპილომავირუსი, როტავირუსული, და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. 

იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში  2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით,  2019 წლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიწყოა 9-11 წლის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია.

ვაქცინების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს.

2017-2019 წლებში ქვეყანაში წითელას  ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით და წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების წითელას საწინააღმდეგო ერთჯერად ვაქცინაციას. 

წითელასა და სხვა ვაქცინებით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცდა   საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაური დაცვის მინისტრის    ბრძანება (#01-6/ნ, 2019) „სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“. 

დოკუმენტით განისაზღვრა იმუნიზაციის ვალდებულებები სამედიცინო, პენიტენციურ დაწესებულებებში, ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროებში მომუშავე  პერსონალისთვის, ასევე, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლებისა და საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებისთვის. დადგინდა მოთხოვნები B ჰეპატიტის, გრიპის, წითელას, წითურას, ტეტანუსის, დიფთერიისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით. 

ბრძანების ამოქმედება ხელს შეუწყობს  მოსახლეობაში იმუნური ფენის შექმნას და შედეგად,   შეამცირებს გადამდები დაავადებების გარცელებას ქვეყანაში და ინფექციების კონტროლის ღონისძიებების წარმატებულად განხორციელებას სამედიცინო დაწესებულებებში და ბავშვთა ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას საგანმანათლებლო - სააღმზრდელო დაწესებულებებში.

მოსახლეობისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შეიქმნა პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის    მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით მშობელს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს ინფორმაცია როგორც საკუთარი, ასევე შვილის/შვილების აცრის სტატუსის,   აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. მობილური აპლიკაციის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მომავალი აცრების თარიღის შეხსენება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება/ბეჭდვა მობილური ტელეფონის საშუალებით.

გლობალურად, პანდემიური და ეპიდემიოლოგიური სიტუაციების გათვალისწინებით, მსოფლიო დადგა  COVID-19 ინფექციით გამოწვეული ფართო სპექტრის პრობლემების და საფრთხეების წინაშე და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება მასშტაბით, სირთულეებით და საერთაშორისო შედეგებით. 

კერძოდ,  კრიზისული გარემო პირობების ფონზე, შესაძლოა გაიზარდოს რისკ-ფაქტორები ან ჩამოყალიბდეს ხელსაყრელი პირობები სხვადასხვა დაავადებების გავრცელებისთვის. განსაკუთრებულმა სიტუაციებმა შესაძლებელია  შეუქცევადი ზიანი მიაყენოს ქვეყნების ვაქცინაციის პროგრამებს და გამოიწვიოს მოცვის მაჩვენებლების კლება, როგორც ქვეყნის, ასევე გლობალური მასშტაბით. 

ვაქცინაციის პროცესის შეჩერება გამოიწვევს მოსახლეობის იმუნიტეტის დაქვეითებას, ვაქცინაციით მართვადი ინფექციების  ეპიდაფეთქებების პოტენციური რისკის ზრდას და შესაბამისად, დაავადებების ფართემასშტაბურ გავრცელებას. როგორც მოგეხსენებათ, მსგავსი სიტუაციების პრევენციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციას, როგორც  მართვადი ინფექციების პროფილაქტიკის ერთადერთ უნიკალურ საშუალებას. 

არსებულ ვითარებაში ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის პროცესის უწყვეტობა, რაც მომავალში მართვადი ინფექციების ეპიდსიტუაციის შესაძლო გამწვავების პრევენციის გარანტიაა.  

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მართვადი ინფექციების დიდი ნაწილი (წითელა, ჰიბ-ი, პნევმოკოკი, ყივანახველა)  მსგავსად ახლი კორონავირუსისა, აზიანებს ადამიანის სასუნთქ სისტემას და შესაძლებელია გახდეს პნევმონიების გამომწვევი მიზეზი. შესაბამისად, ვაქცინაცია,  ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის დარღვევებთან ერთად, ზოგიერთი სახის პნევმონიის პრევენციის საუკეთესო საშუალებაა. 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით,  კორონავირუსული ინფექციის (COVID-19) პანდემიის პროცესში, ბავშვთა რუტინული აცრების პროცესი უნდა განხორციელდეს შეუფერხებელად და მისი  უწყვეტიობის უზრუნველყოფის მიზნით განსაკუთრებული როლი ენიჭებათ პირველადი რგოლის სამედიცინო პერსონალს და მშობლებს; 

2020 წელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ექთნისა და ბებიაქალის წლად გამოაცხადა  უდაო ფაქტია, რომ უდიდესია მათი წვლილი ვაქცინაციის პროცესში რადგან:

  • ექთნები არიან ვაქცინაციის ჩემპიონები   საყოველთაო ჯანმრთელობის უზრუნველყოფის საქმეში

  • ბებიაქალი ვაქცინაციის გზით იცავს  დედების და მათი ახალშობილების, ჯანმრთელობას ვაქცინაციის გზით.

  • ჯანდაცვის პროფესიონალები არიან  ყველაზე სანდო ინფორმაციის წყარო ვაქცინაციის შესახებ.

  • მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაციის გავრცელებით, ექიმები, ექთნები და ბებიაქალები  ზრდიან საზოგადოების ცნობიერებას და იცავენ სიცოცხლეს.

ძირითადი გზავნილები 

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვა

  •     ყველა ადამიანს აქვს ჯანმრთელობის უმაღლესი მიღწევადი   სტანდარტით ცხოვრების უფლება, რომელიც გულისხმობს ვაქცინაციაზე თანასწორ წვდომას.

  •       ვაქცინაცია ახდენს დაავადებების პრევენციას და წარმოადგენს ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მყარ საფუძველს მთელი ცხოვრების მანძილზე. 

  •    ვაქცინაცია ეხმარება ბავშვებს გახდნენ ჯანმრთელი ზრდასრულები ვაქცინაცია ამცირებს უთანასწორობას ჯანმრთელობისა და განათლების სფეროში

  •      ვაქცინაცია გვეხმარება  ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის წინააღმდეგ ბრძოლაში.  


 დაავადების პრევენცია

  •      ვაქცინაცია  წითელას და ამ დაავადებით გამოწვეული სერიოზული გართულებების პროფილაქტიკის უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა.

  •     ყველა გოგონა იმსახურებს ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.,  არცერთი ქალი არ უნდა კვდებოდეს საშვილოსნოს ყელის კიბოთი.

  •      წითურამ ორსულობის დროს  შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის  შეწყვეტა და/ან და ნაყოფის თანდაყოლილი  პათოლოგიები. წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, გადაარჩენს სიცოცხლეს.

  •      B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იცავს ამ  ვირუსით გამოწვეული ქრონიკული დაავადებისა და ღვიძლის კიბოსგან

  •   მსოფლიოში პოლიომიელიტის შემთხვევების არსებობამდე, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ვაქცინაცია ყველგან.  ვიმუშაოთ ერთად და #დავამარცხოთპოლიო 

  • წითელა  ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად,  მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.

  • ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად,  ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

  • გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდაც ჩაუტარდა აცრები.

  • ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.


      ვაქცინა მუშაობს!                                                                                   აცერი და დაიცავი!