Logo

ევროპის იმუნიზაციის კვირეული 24-30 აპრილი,2022

title

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ევროპის რეგიონული ბიურო ევროპის იმუნიზაციის კვირელს  2022 წლის 24 - 30 აპრილს აღნიშნავს. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის (EIW) 2022 წლის თემაა „დიდხანს სიცოცხლე ყველას“. აღნიშნული მიზნად ისახავს ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის გაზრდას და ყველასათვის ხანგრძლივი და ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფას.

ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის  მნიშვნელობის  შესახებ ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება  იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების,   პოლიტიკოსების და  სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.

ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი  დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი. აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად,  ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

უკვე  ორ საუკუნეზე მეტია რაც ვაქცინების მეშვეობით დედამიწა უფრო უსაფრთხო ადგილი გახდა - ყვავილის საწინააღმდეგოდ შექმნილი პირველი ვაქცინიდან მოყოლებული, COVID-19-ის მძიმე შემთხვევების თავიდან ასაცილებელი უახლესი მ-რნმ ვაქცინების ჩათვლით. ვაქცინები გვიცავს როგორც ინდივიდუალურად, ასევეა როგორც გლობალური საზოგადოების წევრებს,  ერთმანეთის დაცვაშიც გვეხმარება.

2022 წლის ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ძირითადი თემაადიდხანს სიცოცხლე ყველას“ “Long Life for All.” მისი მიზანია ხაზი გაუსვას ვაქცინებისადმი თანაბარი და გაზრდილი წვდომის მნიშვნელობას, რათა ყველას მიეცეს დიდხანს და ჯანმრთელად ცხოვრების შესაძლებლობა.

წელს ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში ევროპაში მოღვაწე პარტნიორები ისაუბრებენ ვაქცინების მნიშვნელობაზე ყველა ასაკის და ეთნიკური კუთვნილების ადამიანის დაცვაზე ვაქცინით მართვადი დაავადებებისგან და გაიხსენებენ ვაქცინების ისტორიულ როლს. მიღწევები ბევრია, ბოლო ათწლეულის განმავლობაში კი ვაქცინების მეშვეობით დაავადებათა კონტროლის მიმართულებით პროგრესი კიდევ უფრო დაჩქარებულია.

2022 წელი გარდამტეხი მნიშვნელობისაა, რადგან ბევრი  გამოწვევა გამოვლინდა. COVID-19-ის პანდემიის პირობებში რიგ ევროპულ ქვეყანაში მოხდა ვაქცინაციის პოლიტიზება და იკლო ბავშვთა რუტინული  ვაქცინაციის მაჩვენებლებმა. უკრაინაში შეფერხდა იმუნიზაციის სერვისები. აუცილებელია, რომ ლტოლვილ ბავშვებს ყველგან ჰქონდეთ  წვდომა მათი ასაკისთვის შესაბამის ვაქცინებზე. ეს გამოწვევები კიდევ უფრო აძლიერებს ვაქცინებისადმი უნივერსალური ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ევროპის იმუნიზაციის კვირეულის განმავლობაში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იმუშავებს მის წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან, რათა უფრო გაზარდოს ცნობიერება ვაქცინების სარგებელზე და აცრების მაჩვენებლების შემცირებით გამოწვეულ რისკებზე.

 

იმუნიზაციის პროგრამა საქართველოში

 

იმუნიზაციის სახელწიფო პროგრამას საფუძველი ჩაეყარა 1996 წელს; პროგრამის მიზანია, გლობალური და რეგიონალური მიზნების შესაბამისად, მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების გზით  აცრებით მოცვის სათანადო მაჩვენებლის მიღწევა ქვეყნის მოსახლეობის ვაქცინით  მართვადი ინფექციებისაგან დასაცავად.

რუტინული ვაქცინაციის სქემა  დამოკიდებულია ქვეყნის ეპიდემიოლოგიურ და პროგრამულ თავისებურებებზე;  ქვეყნის მოსახლეობის  ვაქცინაცია რეგულირდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად.

0-18 წლის ასაკის მოსახლეობის ვაქცინაციას სახელმწიფო უზრუნველყოფს 13 ინფექციის - ტუბერკულოზის, დიფთერიის, ყივანახველას, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, ყბაყურას, წითურას, წითელას, B ჰეპატიტის, როტავირუსული ინფექციის, ადამიანის პაპილომავირუსის, პნევმოკოკური ინფექციის და  ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b საწინააღმდეგო ვაქცინაციას 9  ვაქცინის საშუალებით: BCG, HepB, DPT-Hib-HepB, IPV, DPaT/IPV, Td, MMR,  Rota,  PCV, HPV და გამოიყენება WHO-ს,EMA-ს, FDA -ს მიერ რეკომენდებული და  აღიარებული ვაქცინები,  რაც მაღალი ეფექტურობისა და უსაფრთხოების გარანტია; პროგამული ვაქცინები უფასოა მომხმარებლისთვის - ვაქცინის ღირებულებას სრულად ფარავს სახელწიფო იმუნიზაციის  პროგრამის ფარგლებში. ამავე პრინციპების დაცვით სახელმწიფო ქვეყნის მოსახელობას უზრუნველყოფს გრიპის, ანტირაბიული, ყვითელი ცხელებისა და COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით, ზოგიერთი დაავადების/მდგომარეობის საპროფილაქტიკო ან სამკურნალო ბიოაქტიური პრეპარატებით.


იმუნიზაციის პროგრამის მიღწევები:


  • 2002  - საქართველო სერთიფიცირებული იქნა როგორც ველური პოლიომიელიტის ვირუსისაგან თავისუფალი ტერიტორია
  •          ბოლო 10 წლის განმავლობაში იმუნიზაციის კალენდარში დაინერგა 5 ახალი ვაქცინა და ეროვნული კალენდარი თითქმის სრულად მიუახლოვდა განვითარებული ქვეყნების აცრების კალენდარს;
  •             იმუნიზაციის სახელწიფო პროგრამის ბიუჯეტი მდგრადი და მზარდია, პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
  •          ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფოს დაფინანსებით მნიშვნელოვნად განახლდა  და გაუმჯობესდა ქვეყნის ცივი ჯაჭვის სისტემა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
  •          2002 წლიდან ქვეყანაში მოქმედებს B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციის უნივერსალური კალენდარი - წლამდე ასაკის ბავშვთა  ოთხჯერადი ვაქცინაცია, ორსულთა სკრინინგი  HBsAg-ზე და  დადებითი შედეგის შემთხვევაში, ახალშობილთა აცრები HepB მონო ვაქცინით და იმუნოგლობულინით;
  •          2013 წლიდან  სახელწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია წინასწარ შერჩეულ რისკ-ჯგუფებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად;
  •          რუტინულ ვაქცინაციასთან ერთად, იმუნიზაციის პროგრამის ფარგლებში ასევე ხორციელდება დიფთერიის, ბოტულიზმის, ცოფის, ტეტანუსის, ყვითელი ცხელების, გველის ნაკბენის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  •          2019 წელს ქვეყანაში ამოქმედდა  პროფესიული ჯგუფის სავალდებულო ვაქცინაციის კალენდარი.
  •          2020 წელს საქართველო წითურას ვირუსისგან თავისუფალ ქვეყნად გამოაცხადა;
  •          2021 წლიდან ხორციელდება ქრონიკული დაავადების მქონე 65 წლის და უფროსი ასაკის პირებისა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციარების პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
  •           საქართველოში იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის დახმარებით 10-12 წლის 32 000-მა გოგონამ  ჩაიტარა აპვ-ს ვაქცინაცია.
  •          2022 წელს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინიის   ჩატარება 13 – 18 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფებში;

 

მხარდამჭერი ორგანიზაციები და პარტნიორები

  • იმუნიზაციის პროგრამას მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდნენ და უწევენ შემდეგი პარტნიორი ორგანიზაციები -  WHO, UNICEF, GAVI, USAID, CDC, WB, RVF, Sabin Vaccine Institute, JICA, MSF, CIF;
  • იმუნიზაციის პროგრამის მხარდაჭერის მიზნით ქვეყანაში მოქმედებს:
  •           იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისია (2000)
  •          იმუნიზაციის ექსპერტთა ეროვნული ტექნიკური საბჭო (2014)
  •           პოლიომიელიტის სასერთიფიკაციო კომიტეტი (1998)
  •           წითელასა და წითურას ელიმინაციის ვერიფიკაციის კომიტეტი (2013)
  •            იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტთა ეროვნული კომიტეტი (2018)

 

COVID – 19 - ის საწინააღმდეგო ვაქციანცია საქართველოში

 

ეპიდემიის დაწყებიდან 1 წლის თავზე მეცნიერებმა უზრუნველყვეს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავება. ამჟამად ვირუსთან გამკლავების მთავარი ხაზი გადის აცრებზე და მსოფლიოში არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სხვა პრევენციული ღონისძიებების დაცვასთან ერთად, ვირუსთან გამკლავების ყველაზე მნიშვნელოვან  საშუალებას წარმოადგენს და იგი არის პანდემიასთან გამკლავების იარაღი, რომლის სარგებელი ბევრად აღემატება შესაძლო რისკს.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულია სამიზნე ინდიკატორი, რის შესაბამისადაც, გლობალურად, ყველა ქვეყანამ 2022 წლის პირველ ნახევარში უნდა შეძლოს მოსახლეობის მინიმუმ 70%-ის აცრა, რათა პანდემიის მართვა გადავიდეს ახალ საფეხურზე და ეტაპობრივად მოხდეს მისი ენდემურ ინფექციად აღიარება.

მეცნიერული მტკიცებულებები ადასტურებს, რომ COVID -19 ით გამოწვეული მძიმე დაავადების, ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების თავიდან ასაცილებლად მნიშნელოვანია ბუსტერ დოზით აცრა, განსაკუთრებით მაღალ რისკ ჯგუფებში, როგორიცა: ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

საქართველოში 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ეროვნული პროგრამა და დღეისათვის საქართველოში სრულად აცრილია 1 261 049 ადამაინი,  რაც ზრდასრული მოსახლეობის 43,9%-ს წარმოადგენს.

ამ ეტპაზე საქართველოში ხელმისაწვდომია ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული სამი ვაქცინა: პფაიზერი, სინოვაკი და სინოფარმი. დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ   დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდს NCDC.ge.

საკომუნიკაციო სლოგანი და გზავნილები

#Longlifeforall #დიდხანსსიცოცხლე

სლოგანი: დიდხანს სიცოცხლე ყველას

ვაქცინები - ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის 

 

მთავარი გზავნილები:

დამხმარე გზავნილები: 

 

ვაქცინები ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის

 

·         დიდხანს სიცოცხლე არამხოლოდ დაპირება, არამედ მისწრაფებაა,  ყველა იმსახურებს იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით.

·         ვაქცინების მთავარი ღირებულება ჯანმრთელი და ხანგრძლივი ცხოვრების უზრუნველყოფაა.

·         ვაქცინაციასრულყოფილი ცხოვრების შესაძლებლობა და იმედია. 

ვაქცინაცია სიცოცხლისათვის საშიში დაავადებებისგან დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებაა

·         ვაქცინები ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  სამეცნიერო ინოვაციაა, რომელებიც  ემსახურებიან თაობების  მრავალი ინფექციური დაავადებისგან დაცვას.

·         1798 წლიდან ვაქცინები განურჩევლად   ყველა ადამიანის სიცოცხლეს იცავს.

·          პირველმა ყვავილის  ვაქცინამ კაცობრიობას  მისცა მძიმე დაავადების თავიდან აცილების შესაძლებლობა. 

ვაქცინაცია ბავშვების ჯანმრთელ მომავლს უზრუნველყოფს

 

·         წითელას, როტავირუსული დიარეისა და პნევმოკოკით გამოწვეული  დაავადებების საწინააღმდეგო  ვაქცინები  მთელ მსოფლიოში ბავშვებს საშუალებას  აძლევს იცხოვრონ უფრო ხანგრძლივი და სრულყოფილი ცხოვრებით.

·         ვაქცინაციის სერვისებზე ხელმისაწვდომობის პირობებში, მშობლებს აღარ უწევთ ღელვა იმაზე, რომ მათი შვილები დაზარალდებიან იმ მძიმე დაავადებებით,  რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მძვინვარებდა. 

ვაქცინაციით მოცვის შემცირება გლობალური გამოწვევაა

 

·         2020 წელს, გლობალურად, 23 მლნ ბავშვმა გამოტოვა სასიცოცხლო მნიშვნელობის რუტინული აცრები და ეს მონაცემი 3,7 მლნ-ით მეტია, ვიდრე 2019 წელს;

·         ეს არის ყველაზე მეტი არავაქცინირებული ბავშვი 2009 წლის შემდეგ, რაც 10 წელზე მეტი დროით უკან გვაბრუნებს;

·         ამ ბავშვების უმრავლესობას (17 მლნ) არ ჩატარებია არცერთი აცრა, რაც მიუთითებს ვაქცინაზე ხელმისაწვდომობის უთანასწორობას;

·         2020 წელს წითელა, წითურა, ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით (წწყ1) მოცვის მაჩვენებლი შემცირდა 84%-მდე, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით (დყტ 3) და პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზით (პოლიო 3) მოცვის მაჩვენებელი - 83%-მდე შემცირდა;

·         ბავშვთა ასაკში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლების მიღწევის გარეშე, ქვეყნები ეპიდემიების რისკის წინაშე დგანან და ეს, შესაძლებელია კატასტროფამდე მივიდეს COVID-19-ის პანდემიის პირობებში, განსაკუთრებით ყველაზე სუსტი ჯანდაცვის სისტემების მქონე ქვეყნებისთვის.

·         საქართველოში 2020-2021 წლების განმავლობაში ვაქცინაციით მოცვის საშუალო მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით, 10%-ზე მეტით შემცირდა.

ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ყველგან და ყველასთვის

·         ყველა ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს  იმსახურებს საჭირო ვაქცინებზე ხელმისაწვდომობას.

·         ადამიანის პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა(HPV)  უკვე მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია ხელმისაწვდომი, რაც  გოგონებისთვის საშვილოსნოს ყელის კიბოსგან თავისუფალ მომავალს უზნუნველყოფს.

·         მიგრანტებსა და ლტოლვილებს თანაბრად უნდა მიუწვდებოდეთ ხელი ვაქცინაციაზე, რათა დაცულები იყვნენ იმ დაავადებებისგან, რომლებიც , შესაძლოა გავრცელებული იყოს  მათი თავშესაფრის ადგილას.

ვაქცინა მუშაობს

·         მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა

·         2002 წლიდან ევროპის რეგიონში და მათ შორის საქართელოში აღარ დაფიქსირებულა პოლიომიელიტის შემთხვევები.

·         ამ დროისთვის ევროპის 29 ქვეყანაში აღმოიფხვრა წითელას და წითურას  ენდემური გავრცელება

·         1990-წლიდან რეგიონში დიფთერიის გავრცელება არ დაფიქსირებულა.

გაიგე შენი და შენი შვილის ვაქცინაციის სტატუსი

აცერი და დაიცავი!

·         პანდემიის დროს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ბავშვთა ვაქცინაციის მაჩვენებელმა იკლო. მნიშნელოვანია  გამოტოვებული აცრების თანმიმდევრული ჩატარება, რათა თავიდან ავიცილოთ  სიცოცხლისათის საშიში დაავადებების ხელახალი აფეთქება.

·         გადაამოწმე შენი   და შენი ოჯახის წევრების იმუნიზაციის სტატუსი და  დარწმუნდი, რომ სრულფასოვანი დაცვისთვის ჩატარებული გაქვს ყველა საჭირო აცრა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

„ავიცრათ ერთმანეთისთვის!“

·         აიცერი, გაიკეთე ბუსტერი და დაიცავი საკუთარი და საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა

·         აიცერი, გაიკეთე ბუსტერი და თავიდან აირიდე დაავადების მძიმე მიმდინარეობა.

·         ორსულებისთვის  მნიშვნელოვანი,უსაფრთხო და ეფექტურია!

·         ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშნელოვანია ხანდაზმულებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის

·         COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი იარაღია