title
ასთმის მსოფლიო დღე (WAD - World Asthma Day) (2 მაისი 2023) ორგანიზებულია გლობალური ასთმის ინიციატივის (GINA) (www.ginasthma.org) მიერ, რომელიც 1993 წელს დაარსდა და თანამშრომლობს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ასთმის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, მაისის პირველ სამშაბათს აღინიშნება ასთმის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
ასთმის მსოფლიო დღე პირველად აღინიშნა 1998 წელს, როცა ბარსელონაში (ესპანეთი) ჩატარდა გლობალური შეხვედრა ასთმის შესახებ, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მსოფლიოს 35 ქვეყნის წარმომადგენელმა. მონაწილეთა რიცხვი წლიდან წლამდე იზრდებოდა და დღეისათვის ასთმის მსოფლიო დღე გადაიქცა ასთმის შესახებ ინფორმაციისა და განათლების მიღების მნიშვნელოვან ღონისძიებად მსოფლიოში.
ასთმის გლობალური ინიციატივა ყოველწლიურად ირჩევს ასთმის მსოფლიო დღის თემას და ახდენს ამ დღისადმი მიძღვნილი მასალებისა და რესურსების მომზადებასა და გავრცელებას. ასთმის გლობალური ინიციატივა ადმინისტრირებას უკეთებს ასთმის მსოფლიო დღის მთავარ ვებგვერდს, სადაც განთავსებულია მასალები და რესურსები ჩამოსატვირთად და სისტემატურად ხდება მსოფლიო მასშტაბით აქტივობების სრულყოფილი ჩამონათვალის განახლება.
2023 წელს ასთმის მსოფლიო დღე 2 მაისს აღინიშნება და ასთმის გლობალურმა ინიციატივამ თემად შეარჩია: “ასთმის მკურნალობა ყველასათვის“.
მსოფლიოში ასთმით ავადობისა და სიკვდილიანობის ტვირთის დიდი წილი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებზე მოდის. ასთმის გლობალური ინიციატივა ცდილობს შემციროს ეს ტვირთი და მოუწოდებს ჯანდაცვის ლიდერებს უზრუნველყონ ხარისხიანი და ეფექტური მედიკამენტებით სათანადო მომარაგება და ხელმისაწვდომობა. გზავნილი “ასთმის მკურნალობა ყველასათვის“ ხელს უწყობს ასთმის მართვის ეფექტური პროგრამების განვითარებას და განხორციელებას ყველა ქვეყანაში.
ასთმის გლობალური ინიციატივა მიზნად ისახავს გაზარდოს და გააძლიეროს კავშირი გაიდლაინების შემქმნელებთან ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე. იგი, ასევე, პასუხისმგებლობას იღებს გარემოს მდგრადობის სპეციფიურ რეკომენდაციებზე, გამოხატავს რა შეშფოთებას პლანეტარული ჯანმრთელობის შესახებ და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს პაციენტთა უსაფრთხოებაზე. ასთმის გლობალური ინიციატივა ცდილობს გააუმჯობესოს ასთმით დაავადებულთა სიცოცხლის ხარისხი და მის მიერ მხარდაჭერილი მრავალწახნაგოვანი თანამშრომლობა საციცოცხლოდ აუცილებელია, რათა გაუმჯობესდეს როგორც ასთმის მკურნალობის ყველა ასპექტი, ასევე პაციენტების ჯანმრთელობა და გარემო.
მნიშვნელოვანი ფაქტები ასთმის შესახებ
• ასთმა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არაგადამდები დაავადება, რომელითაც ავადდებიან როგორც ბავშვები, ასევე მოზრდილები. ბავშვთა ასაკში იგი ყველაზე მეტად გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა.
• ფილტვების ჰაერსავალი გზების ანთება და შევიწროვება იწვევენ ასთმის სიმპტომებს, რომელებიც გამოხატება ხიხინის, სუნთქვის უკმარისობისა და გულმკერდის შებოჭილობის სხვადასხვა კომბინაციის სახით.
• 2019 წელს მსოფლიოში 262 მილიონი ადამიანს ქონდა ასთმა; ამ დაავადებამ გამოიწვია 455 000 ადამიანის სიკვდილი.
• საინჰალაციო სამკურნალო საშუალებებით ასთმის სიმპტომების კონტროლი შესაძლებელია, რაც ასთმით დაავადებულებს საშუალებას აძლევს იცხოვრონ ნორმალური, აქტიური ცხოვრებით.
• ასთმის სიმპტომების შემცირებაში ასევე დაგვეხმარება ასთმის ტრიგერებისაგან თავის არიდება.
• ასთმასთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევების უმეტესობა ხდება დაბალი და საშუალოზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, სადაც ჰიპოდიაგნოსტიკა და მკურნალობის ნაკლოვანებები კვლავ გამოწვევად რჩება.
• ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოწოდებულია ასთმის დიაგნოსტირების, მკურნალობისა და მონიტორინგის გაუმჯობესებაზე, რათა შეამციროს არაგადამდებ დაავადებათა გლობალური ტვირთი და მიაღწიოს პროგრესს უნივერსალური ჯანდაცვით მოცვის საქმეში.
ასთმა არის გლობალური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა, რომელიც მოიცავს ყველა ასაკობრივ ჯგუფს. მისი პრევალენტობა მზარდია ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბავშვებში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში შეინიშნება ასთმით გამოწვეული სიკვდილობისა და ჰოსპიტალიზაციის კლება, ასთმა ისევ მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვის სისტემებს და საზოგადოებას - იწვევს პროდუქტიულობის შემცირებას და ოჯახების გაღარიბებას .