title
2018 წლის 15-19 ოქტომბერს, განათლების
სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეეგიული ცენტრის (SIU) მიერ დაფინანსებული
პროექტის „ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანდაცვაში“ ფარგლებში, ნორვეგიის
სამეფოს ჩრდილოეთ არქტიკული (ტრომსოს) უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა
და საქართველოს უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო და სადოქტორო
პროგრამების სტუდენტებისათვის საქართველოში მიმდინარეობს კურსი „გლობალურ და საერთაშორისო
ჯანმრთელობაში“. სწავლების პროცესში მონაწილეობენ ქართველი და ნორვეგიელი პროფესორები
და დარგის სპეციალისტები. კურსს ესწრებიან ნორვეგიელი, გერმანელი, დანიელი, რუსი, ნეპალელი,
ტაილანდელი და ქართველი მსმენელები.
საქართველოს, ჯანდაცვის
სფეროში ნორვეგიის სამეფოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო
ორი ათეული წლის მანძილზე წარმატებით იქნა განხორციელებული ერთობლივი პროექტები, რომელთაგანაც
ხაზგასასმელია ქვეყნის მაშტაბით დაბადების რეგისტრის დანერგვა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის
მიმართულებით განხორციელებული ერთობლივი კვლევები, ჯანმრთელობის სფეროში საგანმანათლებლო
პროგრამების შემუშავება როგორ აკადემიური სწავლებისთვის, ასევე სპეციალისტების გადამზადების
კუთხით და სხვა.
პროექტის ფარგლებში
ერთობლივი სასწავლო კურსის პირველი შეკრება გაიმართა ნორვეგიის არქტიკულ უნივერსიტეტში
(ტრომსო), მეორე შეკრება ხორციელდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს
უნივერსიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის ერთობლივი მასპინძლობით.
კურსის მანძილზე მონაწილე
სტუდენტებს და კოლეგებს ნორვეგიიდან მიეცათ საშუალება დაეთვალიერებინათ დაავადებათა
კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ახალი კამპუსი და რიჩარდ
ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი.