Logo

შიდსის მსოფლიო დღე

title

გავხდეთ თანასწორნი აივ/შიდსის დასამარცხებლად

შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება.   საქართველო ყოველწლიურად უერთდება შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნას. 

ამ  დღის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ყოველწლიურად შიდსის მსოფლიო დღე გარკვეულ თემას ეძღვნება. 2022 წლის მსოფლიო დღის კამპანიის გზავნილია: „გავხდეთ თანასწორნი!“

 

მიმდინარე წელს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, გაეროს შიდსის პროგრამა (UNAIDS) მოგუწოდებს აღმოიფხვრას უთანასწორობა, რომელიც აფერხებს მსოფლიოს წინსვლას შიდსის დასრულებაში 2030 წლისთვის.

მსოფლიოში 2030 წლისთვის აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის დამარცხება შეუძლებელი იქნება პროგრამების წარმატებული განხორციელების უპირველესი ბარიერების - უთანასწორობის, სტიგმისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გარეშე. სტიგმა და უთანასწორობა ამცირებს სერვისების სარგებლიანობას, ხელს უწყობს დაავადების გვიან სტადიაზე გამოვლენას და  არაეფექტიანს ხდის პაციენტის მკურნალობას.

დევიზი "გავხდეთ თანასწორნი!" არის მოწოდება მოქმედებისკენ, მოთხოვნა ძალისხმევის გაძლიერებისათვის უთანასწორობის აღმოსაფხვრელად და შიდსის დასამარცხებლად. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭიროა შემდეგი ღონისძიებების გატარება:

 

·       აივ ინფექციის მკურნალობის, ტესტირებისა და პრევენციის სერვისების ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდა;

 

·       კანონების, პოლიტიკისა და პრაქტიკის განახლება აივ-ინფიცირებული ადამიანების, მაღალი რისკის ჯგუფებისა და მოწყვლადი მოსახლეობის  სტიგმის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;

 

·       სამკურნალო და სადიგნოსტიკო ტექნოლოგიებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდა, რათა გლობალურ დონეზე შესაძლებელი გახდეს მეცნიერებისა და მართვის თანამედროვე მიდგომებზე თანაბარი წვდომა;

 

·       საზოგადოებებმა უნდა გამოიყენონ და განავრცონ გზავნილი - „გავხდეთ თანასწორნი!", რათა ხაზი გაუსვან კონკრეტულ უთანასწორობებს და სტიმული მისცენ მათ მოსაგვარებლად საჭირო ქმედებებს.

 

2022 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში ანტირეტროვირუსულ  თერაპიას იტარებს  5968 პაციენტი.

 

გაეროს შიდსის პროგრამის შეფასებით სამიზნეებთან მიმართებაში 2021 წლის ბოლოს საქართველოს მიღწევები შემდეგია:

 

·         გამოვლენილია აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა 88%

·         მკურნალობის პროგრამაში ჩართულია აივ ინფიცირებულთა 81%

·         ვირუსული დატვირთვა განულებულია 94%-ში, ქალ პაციენტებში 95%-ში.

 

აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა და მკურნალობა დღეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის ხელმისაწვდომია და მთლიანად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

2022 წლის 1 დეკემბერს, ჯანმო მოუწოდებს გლობალურ ლიდერებსა და ქვეყნების მოქალაქეებს, გაერთიანდნენ შიდსის მართვაში უთანასწორობის დასამთავრებლად.  ამ დღის აღსანიშნავად ვუერთდებით WHO-სა და UNAIDS-ის კამპანიას - „გავხდეთ თანასწორნი“!

შემოგვიერდით, რათა დავასრულოთ შიდსის ეპიდემია!