Logo

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დააავადებების (ფქოდ) მსოფლიო დღე 2022

title

ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების (ფქოდ) მსოფლიო დღე, რომელიც ფილტვის ქრონიკულ ობსტრუქციულ დაავადებებთან ბრძოლის გლობალური ინიციატივის (GOLD) ძალისხმევით 2002 წელს დაარსდა,  ყოველწლიურად ნოემბრის მეორე ან მესამე ოთხშაბათს აღინიშნება. 2022 წელს ფქოდ-ის მსოფლიო დღე 16 ნოემბერია.

ფქოდ-ის მსოფლიო დღის მიზანს ამ დაავადებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს.  ამ დღეს ჯანდაცვის სპეციალისტები და პაციენტთა ჯგუფები სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ატარებენ. GOLD ოველწლიურად ირჩევს თემას და კოორდინაციას უწევს ფქოდ-ის მსოფლიო დღის მასალებისა და რესურსების მომზადებას და გავრცელებას, ფქოდ-ის ტვირთის შემცირების გზების განხილვა.

ფქოდ-ის მსოფლიო დღის სლოგანია „ფილტვები სიცოცხლისათვის“. სლოგანი ხაზს უსვამს ჯანმრთელი ფილტვების მნიშვნელობას მთელი სიცოცხლის მანძილზე - ჯანმრთელი ფილტვების შენარჩუნება დაბადებიდან ზრდასრულ ასაკამდე, მომავალი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის განუყოფელი ნაწილია.

 

რა არის ფქოდი?

ფქოდ - სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების ჯგუფია, რომელიც ბლოკავს სასუნთქ გზებს და აძნელებს სუნთქვას.

მსოფლიოში ფქოდ-ით დაახლოებით 200 მილიონი ადამიანი დაავადებული და ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი იღუპება. ფქოდი  სიკვდილიანობის მესამე მიზეზს წარმოადგენს მსოფლიოში. სიკვდილიანობის თითქმის 90%-ს ადგილი აქვს დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში.

ფქოდ-მა შესაძლებელია გამოიწვიოს მრავალი გართულება, მათ შორის:

·         რესპირატორული ინფექციები (ფქოდ-ით დაავადებული ადამიანები ხშირად ავადდებიან გრიპი, პნევმონიით და ა.შ.)

·         გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

·         ფილტვის კიბო

·         მაღალი წნევა ფილტვის არტერიებში

·         დეპრესია

 

სიმპტომები

ფქოდ-ის ძირითად სიმპტომებს ხველა და სუნთქვის უკმარისობა წარმოადგენს.

თუ თქვენ 40 წელზე უფროსი ხართ და გაქვთ აღნიშნული სიმპტომები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს!

მიუხედავად იმისა, რომ ფქოდი არ იკურნება,  მკურნალობის გარკვეული მეთოდებით შესაძლებელია ფილტვის დაზიანების პროცესის შენელება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილება.

 

ვინ არის რისკის ქვეშ?

გარკვეულ პერიოდში, ფქოდი ძირითადად მამაკაცებში იყო გავრცელებული; მაგრამ ქალებში თამბაქოს მოხმარების ზრდამ და ჰაერის დაბინძურებამ გამოიწვია, რომ დაავადება ერთნაირ ზიანს აყენებს როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ჯანმრთელობას.

 

რისკ-ფაქტორები

ფქოდის ძირითადი რისკ-ფაქტორი თამბაქოს მოხმარებაა (მათ შორის პასიური მწეველობა ანუ მეორადი კვამლი). კვამლში შემავალმა მავნე ქიმიურმა ნივთიერებებმა შესაძლებელია დააზიანოს ფილტვების და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსი. მოწევა ფქოდ-ის მთავარი მიზეზი და ყოველი 10 შემთხვევიდან 9 მწეველებზე მოდის.

 

სხვა რისკ-ფაქტორებია:

·         ოთახის დაბინძურებული ჰაერი  (მაგ: გათბობისათვის გამოყენებული საწვავი, სამზარეულოს გამონაბოლქვი და ა.შ.)

·         ქუჩის დაბინძურებული ჰაერი

·         პროფესიული მტვერი და ქიმიური ნივთიერებები (გამაღიზიანებელი ნივთიერებები, კვამლი და .შ.)

·         ბავშვობის ასაკში გადატანილი რესპირატორულ ინფექციები

 

სპირომეტრიის ტესტის ჩატარება (სუნთქვის სწრაფი, უმტკივნეულო გამოკვლევის მეთოდი), ფქოდ-ის სიმპტომებისა და რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებში ზრდის დაავადების ადრეულ 

სტადიაზე გამოვლენის შანსს!

 

გახსოვდეთ: დიაგნოზის დროული დასმა დაგიცავთ ფილტვის შემდგომი დაზიანებისაგან!

თუ გაქვთ ფქოდი:

·      შეწყვიტეთ თამბაქოს მოხმარება და მოითხოვეთ მოწევისათვის თავის დანებებაში  

დახმარება

·      თავი აარიდეთ თამბაქოს კვამლითა და სხვადასხვა მავნე ნივთირებებით დაბინძურებულ, მათ შორის მტვრიან გარემოს

·      ეცადეთ შეინარჩუნოთ სუფთა ჰაერი თქვენს საცხოვრებელ გარემოში

·      იცხოვრეთ ჯანსაღად: ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, ივარჯიშეთ რეგულარულად, იკვებეთ სწორად

·      ეწვიეთ ექიმს და ზუსტად შეასრულეთ მისი დანიშნულება (ინჰალატორები და ტაბლეტები - სუნთქვის გასაადვილებლად, ფილტვის რეაბილიტაციის სპეციალიზებული პროგრამა და ა.შ.)

 

 

ძირითადი ფაქტები

·         ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) სიკვდილიანობის მესამე წამყვანი მიზეზია მსოფლიოში და 2019 წელს 3,23 მილიონი სიკვდილი გამოიწვია

·         70 წლამდე ასაკის ადამიანებში, ფქოდ-ით სიკვდილიანობის თითქმის 90% დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებზე მოდის

·         ფქოდ-ის სიმპტომების პროგრესირების შენელებისა და გამწვავების შესამცირებლად, აუცილებელია მისი ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა, მათ შორის მოწევის შეწყვეტის მხარდაჭერა

·         თამბაქოს კვამლის გარემოზე ზემოქმედება, შენობებში ჰაერის დაბინძურება და პროფესიული მტვერი, ორთქლი და ქიმიური ნივთიერებები ფქოდ-ის მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორებია

·         ფქოდი გამოწვეულია მავნე აირებისა და ნაწილაკების ხანგრძლივი ზემოქმედებით, რომლებიც ბავშვის ზრდის პროცესში, სხვა ფაქტორებთან ერთად, გავლენას ახდენენ ფილტვების განვითარებაზე, მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორიც

·         ფქოდი იწვევს მუდმივ და პროგრესირებად რესპირატორულ სიმპტომებს, მათ შორის სუნთქვის გაძნელებას, ხველას და ნახველის წარმოქმნას

 

 

არასდროს არის დაგვიანებული მიმართოთ დახმარებას ფქოდ-ის დროს!

თამბაქოს მოხმარებაზე თავის დანებების სურვილის შემთხვევაში დარეკეთ: 116001 და ჩამოტვირთეთ მობილური აპლიკაცია „თავს ვანებებ“

_______________________________

 

http://www.goldcopd.org/wcd-

http://www.who.int/mediacentre/events/annual/world_copd_day/ru/index.html

http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs315/ru/index.html

https://www.who.int/news-room/fact-sheets/detail/chronic-obstructive-pulmonary-disease-(copd)