Logo

სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღე, 2022

title

10 სექტემბერი სუიციდის პრევენციის მსოფლიო დღეა. ეს დღე სუიციდის პრევენციის საერთაშორისო ასოციაციის (IASP) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მხარდაჭერით 2003 წლიდან აღინიშნება და ყურადღებას ამახვილებს გლობალური ვალდებულების მნიშვნელობაზე სუიციდის პრევენციის მიზნით.  ეს დღე ასევე ხელს უწყობს სუიციდის პრევენციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს ურთიერთთანამშრომლობისაკენ.


სუიციდი საზოაგდოებრივი ჯანმრთელობის გლობალური პრობლემაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, ყოველდღიურად, საშუალოდ, 3000 ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. სუიციდი კომპლექსური მდგომარეობაა - მისი გამომწვევი მიზეზები რთული და მრავალრიცხოვანია. მასზე გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური, სოციალური, კულტურული და სხვა ფაქტორები. 


2022 წლის დღის თემაა „შევქმნათ იმედი ქმედებით“, რაც ასახავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ამ გადაუდებელი პრობლემის გადასაჭრელად ერთობლივი  ქმედებების აუცილებლობას. თითოეულ ჩვენგანს - ოჯახის და საზოგადოების წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, განმანათლებლებს, რელიგიურ ლიდერებს, ჯანდაცვის პროფესიონალებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს და მთავრობებს - შეუძლია თვითმკვლელობის პრევენციისთვის აუცილებელი ზომების მიღება. 


აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია ჯანდაცვის სერვისების მიმწოდებლებისა  და სხვა დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებით; ზოგადი მოსახლეობისა  და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების ინფორმირებულობით. სახლში, სკოლაში, სამუშაო ადგილებზე და სხვ. ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ  ღია დისკუსიების ხელშეწყობით. 


შევქმნათ იმედი ქმედებით!


სუიციდი და სუიციდის მცდელობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ ოჯახებსა და საზოგადოებაზე. COVID-19-ის პანდემიის დროს კიდევ უფრო გაძლიერდა სუიციდის ისეთი რისკ-ფაქტორები, როგორიცაა სამუშაო ან ფინანსური დანაკარგი, ტრავმა ან ძალადობა, ფსიქიკური აშლილობა და ნივთიერებადამოკიდებულება, ჯანმრთელობის სერვისებზე  წვდომის ბარიერები. 


თვითმკვლელობის პრევენცია შესაძლებელია!

 

თვითმკვლელობის პრევენციის მტკიცებულებებზე დაფუძნებული ძირითადი ღონისძიებები მოიცავს სუიციდის საშუალებებზე (მაგ. ცეცხლსასროლი იარაღი, ქიმიური ნივთიერებები, მედიკამენტები და ა.შ.) წვდომის შეზღუდვას, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ალკოჰოლის შემცირების პოლიტიკის გაძლიერებას  და მედიის საშუალებებით სუიციდის სწორი გაშუქების ხელშეწყობას. 


სოციალური სტიგმა და ინფორმირებულობის ნაკლებობა კვლავ თვითმკვლელობის პრევენციის მთავარ ბარიერად რჩება, რაც მიუთითებს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლებისა და სტიგმის საწინააღმდეგო კამპანიების აუცილებლობაზე.


სუიციდი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია ჯანმოს ფსიქიური ჯანმრთელობის  2008 წლის სამოქმედო პროგრამაში (mhGAP), რომელიც მოიცავს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ტექნიკურ გზამკვლევს ფსიქიკური, ნევროლოგიური და ნივთიერებადამოკიდებულების მიმართულებით საჭირო სერვისებისა და მოვლის (ზრუნვის) გასაუმჯობესებლად.


ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიკური ჯანმრთელობის 2013–2030 წწ სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჯანმო-ს წევრმა ქვეყნებმა აიღეს ვალდებულება გლობალური მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს 2030 წლისათვის ქვეყნებში სუიციდის მაჩვენებლის ერთი მესამედით შემცირებას. 
სუიციდით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ასევე წარმოადგენს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნის 3.4 ინდიკატორს: 2030 წლისთვის, პრევენციითა და დროული მკურნალობით, არაგადამდებ დაავადებებთან დაკავშირებული სიკვდილობის ერთი მესამედით შემცირება, ასევე ფსიქიკური ჯანმრთელობის და კეთილდღეობის ხელშეწყობა
ფაქტები სუიციდის შესახებ:


ყოველწლიურად 700 000-ზე მეტი ადამიანი ასრულებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით
ის ადამიანები, რომელთაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე სცადეს თვითმკვლელობა, მომავალში სუიციდის მაღალი რისკის ქვეშ არიან
თვითმკვლელობა, გლობალურად, 15-29  წლის ასაკში სიკვდილობის მეორე წამყვანი მიზეზია
თვითმკვლელობის 77%-ზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ხდება.

დამატებითი ინფორმაცია:


სუიციდის პრევენცია შესაძლებელია და ამ პროცესში  საზოგადოების ჩართულობა მნიშვნელოვანია:
„შევქმნათ იმედი ქმედებით“- მიზანია ნდობა და იმედი ჩაუნერგოს ადამიანებს. ის არის შეხსენება იმისა, რომ თვითმკვლელობის ნაცვლად ყოველთვის არსებობს სხვა გამოსავალი და რომ ნებისმიერ ჩვენს  ქმედებას შეუძლია იმედი მისცეს მათ, ვინც ფიქრობს თვითმკვლელობაზე.  
პრობლემის შესახებ (მ.შ. სუიციდის მიზეზები, გამაფრთხილებებლი ნიშნები) საზოგადოების განათლება და ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია სუიციდის პრევენციაში. 
 თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია წვლილი შეიტანოს და გადაარჩინოს სიცოცხლე, ამისთვის კი მნიშვნელოვანია ღიად ვისაუბროთ სუიციდზე და სუიციდურ ქცევაზე; გავაზიაროთ საკუთარი გამოცდილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ; გამოვიჩინოთ თანაგრძნობა და მზრუნველობა სტრესის ქვეშ მყოფი ადამიანებისადმი.
სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანები შესაძლოა თავს ხაფანგში გრძნობდნენ: აქვთ შეგრძნება, რომ ტვირთად აწვებიან მეგობრებს, ოჯახის წევრებს და გარშემომყოფებს, ამიტომ თავს მარტოსულად გრძნობენ და ფიქრობენ, რომ თვითმკვლელობის გარდა სხვა არჩევანი არ აქვთ. COVID-19-ის პანდემიამ კი ხელი შეუწყო იზოლაციისა და დაუცველობის შეგრძნების გაზრდას. 


შთავუნერგოთ იმედი თანადგომით - ჩვენ ყველას შეგვიძლია ჩვენი, თუნდაც პატარა წვლილი შევიტანოთ სუიციდის პრევენციაში. თანადგომა და ამ ადამიანების პრობლემების გაზიარება, სუიციდზე ღიად ლაპარაკი, უხშირესად, თვითმკვლელობის თავიდან აცილების საშუალებაა. მცირე საუბრებს შეუძლიათ გადაარჩინონ სიცოცხლე და იმედი მისცეს ადამიანს.


სტიგმა მთავარი ბარიერია - სტიგმა, რომელიც სუიციდს ახლავს, ერთ-ერთი ფაქტორია, რის გამოც ადამიანები, რომელთაც თვითმკვლელობის მცდელობა აქვთ, არ ითხოვენ და შესაბამისად, ვერ ღებულობენ მათთვის საჭირო დახმარებას. სუიციდის პრევენციის პროგრესისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და საკითხის ღია განხილვა, ისეთი გარემოს შექმნა, სადაც სუიციდური ფიქრების მქონე ადამიანს შეეძლებათ ეძიონ და მიიღოს დახმარება. 


სუიციდზე საკუთარი გამოცდილების გაზიარება ადამიანებს ეხმარება სუიციდის კარგად გააზრებაში და ხელს უწყობს საჭიროების შემთხვევაში ითხოვონ ან გაუწიონ დახმარება მათ, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას.
ემოციური სტრესის, სუიციდის მცდელობების და ფიქრების შესახებ ღიად ლაპარაკი მსგავსი გამოწვევების მქონე ადამიანებს აძლევს იმედს, რომ  მათაც შეუძლიათ გადალახონ კრიზისის პერიოდი. 
ადამიანები, რომლებიც ღიად საუბრობენ საკუთარი გამოცდილების და იმის შესახებ, თუ როგორ შეძლეს დაბრუნებოდნენ „ახალ რეალობას“, ეხმარებიან მათ,  რომელთაც განიცადეს დანაკარგი და ასწავლიან როგორ იცხოვრონ ამ დანაკარგთან ერთად.