Logo

შიდსის მსოფლიო დღე “დავასრულოთ უთანასწორობა, აივ/შიდსი და სხვა პანდემიები“

title

“დავასრულოთ უთანასწორობა, აივ/შიდსი და სხვა პანდემიები“

 1 დეკემბერი შიდსის მსოფლიო დღეა. უკვე 33 წელია, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ანსამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ეს დღე 160-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება. შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნას საქართველო წელს 30-ედ შეურთდა. აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება - სწორედ ეს არის შიდსის მსოფლიო დღის ძირითადი მიზანი.

“დავასრულოთ უთანასწორობა, აივ/შიდსი და სხვა პანდემიები“ - 2021 წლის შიდსის მსოფლიოს დღის კამპანიის გზავნილი ხაზს უსვამს  აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის COVID-19-ის პანდემიის პირობებში წარმოქმნილ დამატებით სირთულეებს. როგორც ცნობილია, მსოფლიოში აივ ინფექციით 37.6 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. საქართველოში კი ეს რიცხვი დაახლოებით 8400-ია. აივ ინფექციის დამარცხება პაციენტის ადრეულ დიაგნოსტირებაზე,  ეფექტურ მკურნალობაზე, ეპიდზედამხედველობასა და პრევენციაზეა დამოკიდებული. COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში აივ ინფექციაზე ტესტირება, პრევენციული პროგრამები და მკურნალობა ხელმისაწვდომია. არ გადადოთ ვიზიტი აივ ინფექციაზე ტესტირებისთვის COVID-19-ის პანდემიის დროს გახსოვდეთ, ტესტირების ცენტრებში თქვენი უსაფრთხოება COVID-19-ის  რეგულაციების შესაბამისად სრულად დაცულია.

აივ ინფექცია/შიდსის დიაგნოსტიკა შესაძლებელია ნებისმიერ მოქმედ პოლიკნიკაში. 2021 წლის 1 დეკემბერს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს გლობალურ ლიდერებსა და ქვეყნების მოქალაქეებს, გაერთიანდნენ შიდსით გამოწვეული  უთანასწორობის წინააღმდეგ და მიწვდნენ  იმ ადამიანებს, რომლებიც  არ სარგებლობენ  აივ-ის აუცილებელი მომსახურებით.

ამ დღის აღსანიშნად, ვუერთდებით WHO-სა და UNAIDS-ის კამპანიას - დავასრულოთ უთანასწორობა. დავასრულოთ შიდსი. დავასრულოთ პანდემია. შემოგვიერდით, “დავასრულოთ უთანასწორობა, აივ/შიდსი და სხვა პანდემიები“.

აივ/შიდსის სტატისტიკა საქართველოში საქართველოში, 2021 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 9124 აივ ინფიცირებული პირი, მათ შორის 6820 – მამაკაცი, 2304  კი ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 4453 პაციენტს, გარდაიცვალა 1894 ადამიანი. სპეციფიკურ ანტირეტროვირუსულ მკურნალობას გადის   5379 პაციენტი, მათ შორის 46 – ბავშვია. რეგისტრირებული შემთხვევების 50,2% ჰეტეროსექსუალურ კონტაქტებზე მოდის, რაც დაავადების გავრცელების ძირითადი წამყვანი მიზეზია. შემდეგ ადგილზეა ნარკოტიკების ინექციური მოხმარება - 35.0%, დაუცველი ჰომოსექსუალური კონტაქტებით  დაინფიცირდა პაციენტების 12.6%, სხვა გზების (დედიდან შვილზე, სისხლის გადასხმა) პროცენტული წილი კი უმნიშვნელო რჩება. შემთხვევათა 0.6% გადაცემის გზა არ არის დადგენილი. COVID-19-ის პანდემია უარყოფითად აისახა აივ/შიდსის დაავადების მართვაზე.  მნიშვნელოვნად შემცირდა აივ ტესტირებაზე მიმართვიანობა, რაც აისახა ახალი შემთხვევების გამოვლენის შემცირებით. თუ 2019 წელს საქართველოში დაფიქსირდა აივ ინფექციის 668 შემთხვევა, ეს რიცხვი 2020 წელს 530-მდე შემცირდა, 2021 წლის 11 თვის მანძილზე კი გამოვლენილია 492 ახალი შემთხვევა. 


ახალი შემთხვევების გამოვლენის კლება კიდევ უფრო ზრდის იმ პირთა რაოდენობას, ვინც ცხოვრობს აივ ვირუსით, მაგრამ არ იცის საკუთარი სტატუსის შესახებ,  არ არის ჩართული მკურნალობის პროგრამაში და შესაბამისად, ხელს უწყობს დაავადების ფართოდ გავრცელებას.