Logo

განცხადება - სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლების (მ.შ. ლაბორატორიების) საყურადღებოდ!

title


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ აფიქსირებს ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განსაკუთრებულ მნიშვნელობას COVID-19-ის კლინიკური დიაგნოზის დადასტურებაში.

ამ ეტაპზე მსოფლიო პრაქტიკის გამოცდილებით გამოიყენება ლაბორატორიული დიაგნოსტირებისთვის პოლიმერაზულ ჯაჭვურ რეაქციაზე (პჯრ) დამყარებული, მოლეკულური მეთოდები (ოქროს სტანდარტი), ანტიგენის იდენტიფიცირებაზე დამყარებული სწრაფი ტესტები და ანტისხეულების აღმოჩენაზე დამყარებული სწრაფი ტესტები (IgG, IgM). ყველა ჩამოთვლილ ტესტს აქვს თავისი უპირატესობები და სუსტი მხარეები, ასევე დაავადების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მათი გამოყენების ჩვენებები დადგენილი ალგორითმის მიხედვით.

ამ ეტაპზე, საქართველო და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი იყენებს მოლეკულურ ტექნოლოგიებზე დამყარებულ (PCR) ოქროს სტანდარტს, რომლის სპეციფიკურობა და მგრძნობელობა არის ძალიან მაღალი. უკვე რამდენიმე კვირაა მოხდა აღნიშნული ტიპის ტესტირების დეცენტრალიზება და ცენტრმა ამ მიზნით მოამზადა პერსონალი და გადასცა ტესტები თავის დეპარტამენტებს ქუთაისსა და ბათუმში, ასეცე ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოს, სადაც კონცენტრირებულია ავადმყოფთა უმეტესობა და ასევე ერთ-ერთ კერძო ლაბორატორიას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად დამატებით ქვეყანაში შეფასდა 7 კერძო ლაბორატორიის შესაძლებლობები, სადაც განვითარებულია პჯრ ტექნოლოგიები და მომავალში იგეგმება ტესტირების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. ცენტრი მიესალმება ტესტირების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდას, მაგრამ ტესტირება უნდა მოხდეს ქვეყანაში დამტკიცებული შემთხვევის განსაზღვრების შესაბამისად, რომელიც გარკვეული პერიოდულობით იცვლება და მტკიცდება შესაბამისი ბრძანებით.

ამასთან, ბოლო დღეებში საქართველოში დარეგისტრირდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს მიერ ანტისხეულების გამოვლენაზე დამყარებული რამდენიმე სწრაფი ტესტი, რომელთა გამოყენება დაიწყო ზოგიერთმა ლაბორატორიამ. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აფიქსირებს და მიესალმება ყველა ტიპის საერთაშორისოდ აღიარებული ტესტირების მეთოდების არსებობას, ხელმისაწვდომობასა და დანერგვას ქვეყანაში, დამტკიცებული ალგორითმით.

ამასთან, სამედიცინო მომსახურების ყველა მიმწოდებლის საყურადღებოდ, „სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 25 მარტის №01-26/ნ ბრძანებაში  შევიდა ცვლილება და COVID-19 დაექვემდებარა სავალდებულო შეტყობინებას. შესაბამისად, ყველა ლაბორატორია ან სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გააკეთოს სასწრაფო შეტყობინება, რათა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შემთხვევის იზოლირება და კონტაქტების მოკვლევა, რაც თავიდან აგვაცილებს ინფექციის შემდგომ გავრცელებას.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ ცენტრის ცხელ ხაზზე 116 001.