Logo

ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მე-6 შეხვედრა 15.03.2021

title

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებთან თანამშრომლობით, 2021 წლის 15-16 მარტს იგეგმება C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მე-6 შეხვედრის ჩატარება ვირტუალურ ფორმატში.

საერთაშორისო ექსპერტებისგან შემდგარი ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფი (TAG) ჩამოყალიბდა 2016 წელს, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO)  მხარდაჭერით. მას შემდეგ, ჯგუფი ყოველწლიურად იკრიბება და განიხილავს C ჰეპატიტის (HCV) ელიმინაციისკენ მიმართულ პროგრესს, არსებულ გამოწვევევსა და მათი გადაჭრის გზებს. თითოეული შეხვედრის შემდეგ ექსპერტები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის სტრატეგიის მიმართულებების მიხედვით: ადვოკატირების, ცნობიერების ამაღლებისა და განათლების ხელშეწყობა და HCV-სთან დაკავშირებით რესურსების მობილიზება, HCV გადაცემის პრევენცია, HCV ინფიცირებული პირების გამოვლენა, HCV ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდების გაუმჯობესება, HCV მზრუნველობა და მკურნალობა და HCV ეპიდზედამხედველობის გაუმჯობესება.

2021 წლის 31 იანვრის მონაცემებით, C ჰეპატიტზე ტესტირებულ პირთა რაოდენობა 2.5 მილიონს უახლოვდება, მათ შორის გამოკვლეულია 2.2 მილიონამდე მოზრდილი. დადებითობის მაჩვენებელი 6.8%-ია. C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარებული აქვს მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 72%-ზე მეტს. მკურნალობის     პროგრამაში ჩაერთო 73 ათასზე მეტი პაციენტი,  განკურნების მაჩვენებელი შეადგენს  98.9%-ს.

საქართველოში C ჰეპატიტის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე საყოველთაო წვდომამ ქვეყანაში მნიშვნელოვნად შეამცირა დაავადების ტვირთი და საქართველო მსოფლიოს მასშტაბით გახდა მისაბაძი ქვეყანა, რაც დაადასტურა 2019 წელს . ვენაში, ავსტრიაღვიძლის საერთაშორისო კონგრესზე (EASL 2019)  ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის  ღვიძლის საერთაშორისო ფონდის (The EASL International Liver Foundation) მიერ საქართველოსთვის მინიჭებულმა ჰეპატიტებთან ბრძოლის სანიმუშო ქვეყნის (center of excellence) საპატიო სტატუსმა.

მნიშვნელოვანი გაუმჯობესება აღინიშნა სისხლის უსაფრთხოების, ზიანის შემცირების, ინფექციის პრევენციისა და კონტროლის, ლაბორატორიული სერვისების განვითარების მხრივ. პროგრამამ საერთაშორისო აღიარება ჰპოვა სამეცნიერო წრეებში, პროგრამის მიღწევები მოხსენებებისა თუ პოსტერების სახით წარდგენილი იქნა ისეთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე, როგორიცაა ღვიძლის შემსწავლელი ევროპული ასოციაციის (EASL) მიერ ორგანიზებული ღვიძლის საერთაშორისო კონგრესები (ILC), ღვიძლის დაავადებების შემსწავლელი ამერიკული ასოციაციის (AASLD) შეხვედრები, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის საერთაშორისო შეხვედრები (IVHEM) და ა.შ.

2021 წლის TAG შეხვედრა ემსახურება პროგრამის მიმდინარე მიღწევებისა და არსებული გამოწვევების ანალიზს, რომლის საფუძველზეც მოხდება სამომავლო სამოქმედო რეკომენდაციების ჩამოყალიბება. ამასთანავე მოხდება ახალი, 2021-2025 წლების ელიმინაციის სტრატეგიის სამუშაო ვერსიის განხილვა მისი შემდგომი დახვეწის მიზნით. სტრატეგიის სამუშაო ვერსიის შემუშავებაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად იმუშავეს WHO-ის, CDC-ისა, the EASL International Liver Foundation -ისა და ბრისტოლის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა.

15 მარტს დაგეგმილ შეხვედრას გახსნიან CDC-ის ვირუსული ჰეპატიტების განყოფილების ხელმძღვანელი - კაროლინ ვესტერი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე, აშშ-ს ელჩი საქართველოში - კელი დეგნანი, კომპანიის „Gilead Sciences” ვიცე პრეზიდენტი - ბეტი ჩანგი, WHO-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი - სილვიუ დომენტე და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი - ამირან გამყრელიძე. შეხვედრაში ვირტუალურად მიიღებენ მონაწილეობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში ჩართული ორგანიზაციები, კლინიცისტები, ეპიდემიოლოგები, ინფიცირების მაღალი რისკის მქონე ჯგუფების  წარმომადგენლები და სხვ.

 დღის წესრიგი