Logo

საქართველოს უკვე აქვს ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის სრულად აღჭურვილი ლაბორატორია 21.07.2021

title


2021 წლის 21 ივლისს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით გაიმართა ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიის გახსნის ცერემონიალი. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები, ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, გაეროს ბავშვთა ფონდის და ჯამრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანლი პირები. ასევე, დარგის ექსპერტები.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს გაეროს ბავშვთა ფონდმა „კლარიოსის“ ფონდის მხარდაჭერით გადასცა ტოქსიკური ლითონების წყაროების დასადგენი უახლესი ლაბორატორიული აღჭურვილობა და ამით დაასრულა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მასალაში (გარემოს, ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებში, საღებავებში და ა.შ) ტყვიისა თუ სხვა ტოქსიკური ელემენტების ზუსტი ანალიზისთვის საჭირო ლაბორატორის შექმნის პროცესი. ახლა საქართველოს ექნება ულტრა-თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც ასევე გარემოს ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებული ანალიზის ჩატარების საშუალებას მისცემს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით.

 

ლაბორატორიული ბაზის შექმნა ნაწილია მთავრობის სამოქმედო გეგმისა, რომლის მიზანია ტყვიის ზემოქმედების პრევენცია და ბავშვების ტოქსიკური ეფექტებისგან დაცვა. გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ბავშვების სისხლში ტყვიის მომატებული დონის შემცირებაში პრობლემის დიაგნოსტირების, ტყვიის წყაროების  დადგენის და ეროვნული რეაგირების გეგმის შემუშავებაში, რომლის ნაწილიცაა ლაბორატორიული ბაზის შექმნა.

 

კლარიოსის ფონდთან იუნისეფის პარტნიორობა არის კერძო და საჯარო სექტორის გლობალური ინიციატივის - ‘’ყველა ბავშვის პოტენციალის დაცვის’’ ნაწილი, რომელშიც ასევე გაერთიანებულია ორგანიზაცია Pure Earth. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს  ტყვიის ზემოქმედებისაგან ბავშვების დაცვას კარგად ნაცადი გადაწყვეტილებებით.

 

„ტოქსიკურ ლითონები გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ტვინს. ისინი განსაკუთრებით საშიშია მცირეწლოვანი ბავშვებისთვის და შეუძლია გამოიწვიოს შეუქცევადი ნევროლოგიური, კოგნიტური და ფიზიკური ზიანი“, აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ღასან ხალილმა. „იუნისეფი მჭიდროდ თანამშრომლობს მთავრობასთან ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მომატებულ დონესთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებაში ლაბორატორიული ბაზის შექმნით და სისხლსა და სხვა მასალებში ტოქსიკური ლითონების შემოწმების შესაძლებლობის მიცემით კლარიოსის ფონდის მხარდაჭერით ამ მიმართულებით ლაბორატორიული შესაძლებლობები საქართველოში მაქსიმალურად გაიზარდა.“

 

უკანასკნელ ერთ წელიწადში გადმოცემული აღჭურვილობა მოიცავს მას-სპექტრომეტრს ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმით (ICP MS) და გაზურ(GC) და სითხურ ქრომატოგრაფებს(LC). ასევე, სხვადასხვა დონორის, მათ შორის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით, იუნისეფმა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადასცა ატომურ-აბსორბციული სპექტრომეტრი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სხვადასხვა ტიპის მასალაში სხვადასხვა ქიმიური ელემენტის კონცენტრაციის გამოსავლენად, აგრეთვე ოთხი რენტგენოფლუორესცენტული სპექტრომეტრი  - ხელით გადასატანი სპეციალური მოწყობილობა, რომელიც სხვადასხვა ტიპის მასალაში ტოქსიკური ლითონის შემცველობის შემოწმების საშუალებას იძლევა. გადმოცემული ხელსაწყოები უნიკალურია რეგიონის მასშტაბით და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქვეყანაში გარემოს ჯანმრთელობის ლაბორატორიულ შესაძლებლობებს.

 

ქიმიურ რისკ-ფაქტორთა კვლევის ლაბორატორიაში ამ ეტაპზე მიმდინარეობს თანამშრომელთა ინტენსიური გადამზადება, ლაბორატორიული კვლევის მეთოდებისა და სტანდარტების მომზადება და დანერგვა. ხოლო შემდეგ ეტაპზე იგეგმება უკვე ადამიანის სისხლის ნიმუშებში მძიმე ლითონების, მათ შორის ტყვიის შემცველობის განსაზღვრა ინდუქციურად შეწყვილებული პლაზმის მას-სპექტრომეტრით (ICP-MS), რაც წარმოადგენს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებულ ერთ-ერთ საუკეთესო  .. „ოქროს სტანდარტს“, ხოლო XRF ანალიზატორებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.

 

ლაბორატორიაში დასაქმდნენ სპეციალისტები, რომლებიც 2021 წლის ბოლომდე გაივლიან სპეციალურ მომზადებას შეძენილი ლაბორატორიული აღჭურვილობის ოპერირებასა და მართვაში. ტრენინგებს ჩაატარებენ აღნიშნული სფეროს საერთოშორისოდ აღიარებული ექსპერტები და ინსტრუქტორები. ტრენინგების შემდეგ მოხდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის  გარემოს  ჯანმრთელობის დეპარტამენტის ქიმიური რისკ ფაქტორების შეფასების  ლაბორატორიის ჩართვა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრების ტყვიისა და ნიმუშების ანალიზების პროგრამაში (LAMP), რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრს უფასოდ უზრუნველყოფს უწყვეტ რეჟიმში ლაბორატორიის მუშაობის ხარისხის მართვით.