Logo

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული სამუშაო შეხვედრა

title

2018 წლის 7-9 მარტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით და აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) მხარდაჭერით გაიმართა

C ჰეპატიტის ელიმინაციის მეხუთე ეროვნული

სამუშაო შეხვედრა

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, აშშ-ს ელჩის მოადგილე საქართველოში  ელიზაბეტ რუდი, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ხელმძღვანელი ბეტ სკაგსი. ასევე, ადგილობრივი ექსპერტები სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, კლინიცისტები, საერთაშორისო ექსპერტები, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრების, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნული სამუშაო შეხვედრა გახლავთ საიუბილეო – რიგით მეხუთე. 2014 წელს, სწორედ პირველ ეროვნულ შეხვედრაზე გაჟღერდა იდეა C ჰეპატიტის ელიმინაციის შესაძლებლობისა საქართველოში. 

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ფლაგმანს წარმოადგენს და ამ მხრივ იგი სახელმწიფო, საერთაშორისო და კერძო სექტორთა თანამშრომლობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. პროგრამა  ამერიკის მთავრობის, აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების, კომპანია „გილეადის“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, LIFER-ს, ECHO-ს, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის და სხვა პარტნიორების  მუდმივი მხარდაჭერით და თანადგომით მიმდინარეობს.

უკვე ტრადიციად იქცა ყოველ გაზაფხულზე C ჰეპატიტის ელიმინაციის სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და საზოგადოებისთვის პროგრამის პროგრესის წარდგენა, ხოლო წლის ბოლოს, ასევე ტრადიციულად, წლის განმავლობაში არსებული მიღწევები და გამოწვევები ჯამდება საერთაშორისო ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის შეხვედრაზე. განსაკუთრებულად ღირებული აღმოჩნდა ჯგუფის მესამე შეხვედრა, 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, როდესაც ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის მიერ შეფასდა არსებული მდგომარეობა და პროცესის ხელშეწყობის მიზნით შემუშავდა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ბოლო ხუთი წელიწადია ეროვნული სამუშაო შეხვედრის შემდეგ საქართველოსადმი მიძღვნილი სპეციალური სესია იმართება ევროპის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის ყოველწლიურ კონგრესზე (2014 -ლონდონი, 2015 - ვენა, 2016 - ბარსელონა, 2017 ამსტერდამი, 2018 - პარიზი) და უფრო ფართო საერთაშორისო აუდიტორია ისმენს საქართველოს მიღწევებსა და გამოწვევებს C ჰეპატიტის ელიმინაციის მიმართულებით.

წლევანდელი მეხუთე სამუშაო შეხვედრის მთავარ თემას წარმოადგენს C ჰეპატიტთან დაკავშირებული სერვისების დეცენტრალიზაცია და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. სერვისების დეცენტრალიზაციის მიზანია, გაუადვილდეს მოსახლეობას  HCV პროგრამაში ჩართვა, შემცირდეს დიაგნოსტიკასა და მკურნალობასთან დაკავშირებული ბარიერები, ტრანსპორტირების ხარჯები, შეიქმნას სკრინინგის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობაში ჩართვის სერვისების, საჭირო კონსულტაციების მიღების შესაძლებლობა ერთი ფანჯრის პრინციპით.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის დაწყებიდან დღემდე მკურნალობაში ჩაერთო 45 ათასამდე პაციენტი, ხოლო მედიკამენტის მიღება უკვე დაასრულა 40 ათასამდე პირმა, რაც სამიზნე პოპულაციის 30%-ს შეადგენს, მაშინ როცა მსოფლიოში მკურნალობის საჭიროების მქონე პირების მკურნალობის მოცვის მაჩვენებელი 7-9%-ადაა შეფასებული.  ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროგრამის ფარგლებში განკურნების კოეფიციენტი მნიშვნელოვნად მაღალია, განსაკუთრებით ლედიპასვირ/სოფოსბუვირის (ჰარვონის) რეჟიმზე და აღწევს 98.2%-ს.

ჯანმოს აივ/შიდსის დეპარტამენტისა და გლობალური ჰეპატიტის პროგრამის დირექტორის, დოქტორ გოტფრიდ ჰირნშალის თქმით: ,,უნდა ვიმოქმედოთ ახლავე, რათა ადამიანები არ კვდებოდნენ  ჰეპატიტებით, ეს კი მოითხოვს საჭირო სერვისებსა და მედიკამენტებზე მისაწვდომობის სასწრაფოდ გაზრდას ყველასათვის.“

საქართველოში მიმდინარე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ამ მხრივ უნიკალურია, რამეთუ სკრინინგი, კონფირმაციული კვლევები და თანამედროვე ანტივირუსული მკურნალობა საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის სრულიად ხელმისაწვდომია ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე და ბოლო სამი წლის განმავლობაში განკურნებულ ადამიანთა რიცხვი შთამბეჭდავია. 

სასურველია საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში და ჩაიტაროს სკრინინგი სწრაფი მარტივი ტესტით.  C ჰეპატიტი სრულად განკურნებადია.

საქართველოს ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და მრავალ სამედიცინო ცენტრში ქვეყნის მაშტაბით (600-მდე), რომელთა მისამართები მითითებულია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ გვერდებზე: www.moh.gov.ge www.ncdc.ge ან შესაძლებელია შეიტყოთ ცხელი ხაზების მეშვეობით: 15 05, 116 001