Logo

საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია

title

2017 წლის 11 მაისს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში გაიმართა საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია.

პრესკონფერენციას დაესწრნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული  ცენტრის ხელმძღვანელი პირები, საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ჯგუფის წევრები:ეკონომიკის სამინისტროს, შინაგან სამინისტროს, ინფრასტრუქტურის და რეგიონული განვითარების სამინისტროს, განათლების, ჯანმრთელობის სამინისტროს, მერიის, საპატრულო პოლიციის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

წელს გაეროს ინიციატივით საგზაო უსაფრთხოების მეოთხე გლობალური კვირეული 8-14 მაისს აღინიშნება. მისი თემატიკა სიჩქარის კონტროლია, რადგან სიჩქარის გადაჭარბება  საგზაო ტრავმატიზმის და სიკვდილობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. აღნიშნული კვირეულის  გზავნილია

„შეანელე სვლა,   გაუფრთხილდი სიცოცხლეს!“

მსოფლიოში საგზაო შემთხვევებით ყოველწლიურად 1.25 მილიონი ადამიანი იღუპება და 50 მილიონზე მეტი სახიჩრდება და ინვალიდდება. საგზაო შემთხვევების უდიდესი წილი მოსახლეობის ახალგაზრდა, სოციალურად აქტიურ ფენაზე მოდის და 15–29 წლის პოპულაციაში სიკვდილობისა და  ინვალიდობის  წამყვან მიზეზს წარმოადგენს.

საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად სიკვდილობის მაჩვენებელი  100 000 მოსახლეზე ზრდადი ტენდეციით ხასიათდება: 2008-19.7, 2009-16.8, 2010-15.4, 2011-11.7, 2012-13.4, 2013-11.4, 2014-11.4, 2015-16.1 და 2016-15.6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლის იანვარ - მარტში 1424 ავტოსაგზაო შემთხვევაა დაფიქსირებული, დაიღუპა 143 და დაშავდა 1994 ადამიანი. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი იყო 1332 შემთხვევა, 110 დაღუპული და 1853 დაშავებული. 2013 წლის საქართველოს საგზაო შემთხვევებით განპირობებული სიკვდილობის მაჩვენებელი (11.4), თითქმის ორჯერ აღემატება ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს (5.5). (European facts and a Global status report on road safety 2015). 

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში საგზაო შემთხვევების გაზრდილი რაოდენობის მთავარი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა, და ასევე, ქვეითების ბრალეულობით გამოწვეული შემთხვევებია.

„შეანელე სვლა“ კამპანია საგზაო უსაფრთხოების გლობალური სამოქმედო გეგმის ათწლეულის 2011-2020 პრინციპებს და 2015 წლის სექტემბერში 193 ქვეყანის ლიდერის მიერ მიღებული მდგრადი განვითარების 3.6 მიზანს და დასახულ სამიზნეს „2020 წლისთვის საგზაო შემთხვევებით განპირობებული სიკვდილობის განახევრება“ ეფუძნება.

კვირეულის აღნიშვნა ხელს უწყობს საზოგადოების ინფორმირებას საგზაო შემთხვევებით განპირობებული სიკვდილობის, ავადობისა და ინვალიდობის ტვირთის შესახებ და პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარებისა და მსხვერპლთა დახმარების სტიმულირებას ახდენს.

თქვენც შემოგვიერთდით

 

ვიმოქმედოთ, შევასრულოთ სამოქმედო დეკადა!

უზრუნველყოთ  გზებზე უსაფრთხო გადაადგილება!

 

შეანელე სვლა!  შენი გულისთვის! შენი უსაფრთხოებისთვის!!!