title
28 მაისი ქალთა ჯანმრთელობისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომელიც უკვე 30 წელია ქალთა უფლებების ადვოკატირების, რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო მოძრაობის (SRHR) მიერ აღინიშნება.
ქალთა ჯანმრთელობისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღე 1987 წლის 28 მაისს, კოსტა-რიკაში, ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო შეხვედრის ფარგლებში ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კავშირის მიერ (LACWHN) დაარსდა. ამ ორგანიზაციამ რეგიონალური საქმიანობის პოპულარიზაციაზე და კოორდინაციაზე აიღო პასუხისმგებლობა, ხოლო ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის გლობალურმა კავშირმა (WGNRR) ვალდებულება აიღო ყოველწლიურად 28 მაისს მსოფლიოს მასშტაბით აწარმოოს საგანმანათლებლო კამპანია.
28 მაისს ნებისმიერ ორგანიზაციას ან პირს შეუძლია იმ თემების ირგვლივ საზოგადოების მობილიზაცია, რომელიც მის კონკრეტულ თემშია პრიორიტეტული. წლების განმავლობაში ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის გლობალური კავშირი ახდენდა პრიორიტეტული და აქტუალური თემების ადვოკატირებას. წლევანდელი საგანმანთლებლო კამპანიის გზავნილს წარმოადგენს „მობილიზება, აზრის გამოთქმა, მოქმედება“ .
პირველი მრავალწლიანი კამპანია, რომლის გზავნილს „მოწოდება ქმდებისაკენ“ წარმოადგენდა მიმართული იყო დედათა სიკვდილიანობისა და ავადობის შემცირებისა და აღმოფხვრისაკენ. კამპანიისას მიმდინარეობის შემდეგ ქალთა ორგანიზაციებისათვის ხელმისაწვდომი გახდა ისეთი ინფრომაცია, რაც ადრე მხოლოდ სპეციალიზირებულ ჟურნალებში ქვეყნდებოდა. გარდა ამისა, კამპანიის მიმდინარეობისას გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები ქალთა ჯანმრთელობის მონაცემებში.
მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო დონეზე კოორდინირებულმა მუშაობამ ხელი შეუწყო ქალთა ჯანმრთელობისათვის ბრძოლის საკითხი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო „უსაფრთხო დედობის“ ფარგლებში. მათ ხელი შეუწყვეს ინვესტიციების მოზიდვას სემინარების, ტრენინგებისა და სხვადასხვა კვლევითი პროგრამების ქალთა ჯანრთელობისათვის ბრძოლის საკითხთან დაკავშირებით.
28 მაისი მიჩნეული იქნა ქალთა ჯანმრთელობისათვის ბრძოლის საერთაშორისო დღედ მსოფლიოს სხვდასხვა მთავრობების, სხვადასხვა საერთაშორისო სააგენტოებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქალთა ჯანმრთელობის საერთაშორისო კავშირი (LACWHN) და ქალთა რეპროდუქციული უფლებების დაცვის გლობალური კავშირი (WGNRR) კამპანიას ყოველწლიურად სხვადასხვა თემებზე აწარმოებენ. წლების მიხედვით საგანმანთლებლო კამპანია შემდეგ თემებს მოიცავდა:
ხარისხიან ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა
სიღარიბის ფემინიზაცია
უსაფრთხო და ლეგალური აბორტი
მთავრობის პასუხისმგებლობა ჯანმრთელობის პრიორიტეტების განსაზღვრების კუთხით
ჯანდაცვის სექტორის რეფორმა და ქალთა ჯანმრთელობა
ქალები და აივ / შიდსი
საერთაშორისო სავაჭრო ხელშეკრულებები და ქალთა ჯანმრთელობა
ჯანმრთელობა როგორც გადაუდებელი მდგომარეობა
ახალგაზრდების რეპროდუქციული ჯანმრთელობა
კონტრაცეპტივებზე ხელმისაწვდომობა
ქალთა ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელი COVID-19-ით გამოწვეული გლობალური კრიზისის პერიოდში, როდესაც შემცირდა გოგონებისათვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია COVID-19 პანდემიის დროს. შესაბამისად, მთავრობებმა უნდა უზრუნველყონ ჯანმრთელობისათვის საჭირო შესაბამისი სერვისების მიწოდება გოგონებისა და ქალებისათვის.
მსოფლიოში მიმდინარე COVID-19 პანდემიის პირობებში ჯანმოს რეკომენდაციით ვირუსის გავრცელების შეზღუდვისათვის უმნიშვნელოვანესია თვითიზოლაციისა და დისტანციის წესების დაცვა; ასევე, მასობრივი ტესტირების უზრუნველყოფა ძლიერი ჯანდაცვის სისტემის არსებობისას. მიმდინარე საგანგებო მოვლენებმა აჩვენა, რომ გენდერული საკითხები არათანაბარადაა გადანაწილებული. ქალებს ჯერ კიდევ ესაჭიროებათ კომპლექსური სერვისები, რათა დაცული იქნას მათი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.