Logo

გლობალური ფონდი

title

გლობალური ფონდი

2000 წლის სექტემბერში გაეროს ათასწლეულის გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ ათასწლეულის მიზნების დეკლარაციაში სხვა მიზნებთან ერთად პირველად მსოფლიო საზოგადეობამ მიზნად დაისახა აივ ინფექცია/შიდსის, ტუბერკულოზის და სხვა მაღალი სიკვდილობის გამომწვევი ინფექციური დაავადებების დამარცხება.

ამ მიზნის განხორციელებისთვის და მსოფლიო საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით 2002 წელს შიდსთან, ტუბერკულოზსა და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდი შეიქმნა. ფონდის კონცეფცია მარტივი იყო. ქვეყნებმა უკვე იცოდნენ თუ რისი გაკეთება იყო აუცილებელი ამ დაავადებებთან საბძოლველად, ხოლო ფონდის მიზანი იყო ამისთვის საჭირო თანხების მობილიზება და ქვეყნებისთვის გრანტების სახით გაცემა.

ტუბერკულოზი, ერთ დროს დავიწყებული დაავადება, კვლავ იქცა მნიშვნელოვან გამოწვევად, განსაკუთრებით შიდსის ეპიდემიის ფონზე და წარმოადგენს აივ ინფიცირებულთა სიკვდილობის წამყვან მიზეზს. კიდევ უფრო საგანგაშოა ტუბერკულოზის მულტირეზისტენტული შტამების სწრაფი გავრცელება.

2003 წლიდან დღემდე შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიასთან ბრძოლისთვის საქართველოს გლობალური ფონდიდან მიღებული აქვს 94.9 მილიონი აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა პროგრამებზე შემდეგნაირად ნაწილდება - შიდსი 61%, ტუბერკულოზი 36% და მალარია 3%.

გლობალური ფონდის დაფინანსების წყალობით ქვეყანამ შეძლო დაენერგა ძირითად მოწყვლად პოპულაციებზე გამიზნული შიდსის პრევენციის თანამედროვე ეფექტიანი მიდგომები, გაეძლიერებინა შიდსისა და ტუბერკულოზის სამკურნალო დაწესებულებების ბაზები და უზრუნველეყო პაციენტებისთვის ხარისხიანი მკურნალობის და მოვლის მომსახურების მიწოდება. გლობალური ფონდის დაფინანსებით საქართველომ შეძლო მიეღწია მალარიის სრული ელიმინაციისთვის, გლობალური ფონდის პროექტების ფარგლებში შეძენილი პირველი და მეორე რიგის ანტირეტროვირუსული და ტუბერკულოზის საწინააღმდეგო მედიკამენტების საშუალებით 2300 ზე მეტ შიდსით დაავადებულს შეუნარჩუნდა სიცოცხლე, 5000-ზე მეტ   ახალგამოვლენილ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა ეფექტინი მკურნალობა. 

2014 წლის 1 აპრილიდან აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის გრანტის ძირითადი მიმღები საქართველოში სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გახდა, რომელიც  მასთან გაფორმებული #GEO-T-NCDC და #GEO-H-NCDC ხელშეკრულებების ფარგლებში „ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის“ და „საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ პროგრამებს ახორციელებს.

 

საიტის მისამართი www.prncdc.ge