Logo

ფრთხილად ჯილეხი (ციმბირული წყლული)

title


ფრთხილად ჯილეხი (ციმბირული წყლული)

ჯილეხი (ციმბირის წყლული) ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომელიც ადამიანს დაავადებული ცხოველიდან გადაეცემა. ჯილეხით ძირითადად გარეული და შინაური ბალახისმჭამელი  ცხოველები ავადდებიან: ძროხა, ხარი, ცხენი, თხა, ცხვარი, ღორი და სხვა. ინფიცირებული ცხოველი გარემოში შარდითა და ფეკალიებით გამოყოფს გამომწვევს, ნიადაგში სპორებად გარდაიქმნება და ათეული წლობით ინარჩუნებს დაავადების გამოწვევის უნარს.

ჯილეხი ადამიანს ძირითადად გადაეცემა :

  • კონტაქტური გზით - ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, ხორცის დამუშავების, მოვლის დროს; პირუტყვის ტყავის, მატყლისა და ძვლის დამუშავებით.  მიწის სამუშაოებისას იმ ტერიტორიაზე, სადაც დაავადებული ცხოველი იმყოფებოდა, ცხოველთა სამარხებზე და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე (ვითარდება ჯილეხის კანის ფორმა);
  • საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (უმი, არასრულად  შემწვარი ან მოხარშული) ხორცის გამოყენებით. სპორას ვერ ანადგურებს  ხორცის დამარილება, შებოლვა, გამოშრობა ან სხვა მსგავსი ტექნოლოგიები (ვითარდება ჯილეხის ოროფარინგული და გასტროინტესტინური ფორმები);
  • ასპირაციული  გზით -  ჯილეხის სპორით დაინფიცირებული ტყავის ან ბეწვის მტვრის ნაწილაკების შესუნთქვით, იშვიათად ნიადაგის დამუშავებისას (ვითარდება ინჰალაციური ფორმა).

ადამიანიდან ადამიანზე  ჯილეხი, როგორც წესი,  არ გადადის

როგორ მივიტანოთ ეჭვი ჯილეხზე?

ადამიანი შეიძლება დაავადდეს ჯილეხის რამდენიმე ფორმით:

  • კანის ფორმა - ვითარდება დაზიანებულ კანში მიკრობის მოხვედრით. თავდაპირველად, კანის ზედაპირზე ვითარდება მცირე ზომის ბუშტუკი, რომელიც მწერის ნაკბენს წააგავს,  ხშირად ქავილიც ახლავს. ბუშტუკი თანდათან  იზრდება და წყლულდება. წყლულს აქვს შავი ფერი და არ არის მტკივნეული. მის გარშემო შესაძლებელია მოხდეს კანისა და ახლომდებარე ლიმფური  კვანძების შეშუპება.

საქართველოში ძირითადად გვხვდება ჯილეხის კანის ფორმა

  • გასტროინტესტინური (კუჭ-ნაწლავის) ფორმა - ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, მუცლის ძლიერი ტკივილი, სისხლიანი ფაღარათი და ღებინება. მუცლის ღრუში დგება სითხე (ასციტი). 
  • ოროფარინგული (ხახის) ფორმა - ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, ყელის  ძლიერი ტკივილი, წყლული პირის ღრუში ენაზე ან ხახაში, შეშუპება კისრის არეში, შესაძლებელია სასუნთქი გზების სრული ან ნაწილობრივ დახშობა.
  • ინჰალაციური (ფილტვის) ფორმა - ახასიათებს მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, მშრალი ხველა, ქოშინი, სუნთქვის გაძნელება, შოკი და სხვა.

თუ ფიქრობთ, რომ ჯილეხი გაქვთ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს -

ჯილეხის მკურნალობა ექიმმა უნდა დანიშნოს!   

დაგვიანებული მიმართვის შემთხვევაში ინფექცია შესაძლებელია

გართულდეს და სიკვდილით დასრულდეს.

ცხოველებში ჯილეხით დაავადების  საეჭვო ნიშნებია: მადის დაკარგვა, ქოშინი, წყურვილი, ცხვირიდან, პირიდან და სწორი ნაწლავიდან  სისხლიანი, ქაფისებური გამონადენი, მაღალი ტემპერატურა. დაცემული ცხოველის ლეში გაბერილია, სუსტად არის გამოხატული გაშეშება. ცხოველებში დაავადების ყველა შემთხვევა სრულდება სიკვდილით. 

თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ჯილეხი დაემართა -

სასწრაფოდ მიმართეთ ვეტერინარს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჯილეხით ინფიცირება?

ü  აუცილებელია ცხოველების დროული ვაქცინაცია! . თუ შინაური პირუტყვი აცრილია ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინით დაავადების საშიშროება პრაქტიკულად აღარ არსებობს; 

ü  ავადმყოფი ცხოველის გამოვლენისას დაუყოვნებლივ განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და მიმართეთ ვეტერინარს;

ü  ინფიცირებული ცხოველი გაანადგურეთ სპეციალური წესით, რომელიც უნდა განახორციელოს ვეტერინარულმა სამსახურმა. ნუ გადააგდებთ პირუტყვის ლეშს. გადაგდება იწვევს ჯილეხის ახალი კერის წარმოქმნას;

ü  დაიცავით პირადი უსაფრთხოება და გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი) ცხოველების მოვლის, დაკვლა-დამუშავების, ლეშთან შეხების, სადგომის დასუფთავების,  მატყლის დამზადების, ხორცის დამუშავების დროს.

დაუშვებელია!  ჯილეხით  ინფიცირებული  ცხოველის  დაკვლა ხორცის  საკვებად გამოყენება და გაყიდვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხეს შეუქმნით არა მარტო  თქვენს არამედ  მრავალი  ადამიანის  ჯანმრთელობასა და  სიცოცხლეს.