title
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1988 წელს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად შიდსის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 1 დეკემბერს აღინიშნება. წელს შიდსის მსოფლიო დღეს 160-ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს, მათ შორის საქართველო უკვე 29-ე წელია უერთდება შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნას.
შიდსის მსოფლიო დღის მიზანს აივ-ინფექცია/შიდსთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და ამ მიმართულებით ღონისძიებების გაფართოების აუცილებლობაზე ყურადღების გამახვილება და აივ/შიდსის მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს. ყოველწლიურად შიდსის მსოფლიო დღე გარკვეულ თემას ეძღვნება. 2020 წლის მსოფლიო დღის კამპანიის გზავნილია: „საერთაშორისო სოლიდარობა, გაზიარებული პასუხისმგებლობა“, რაც ხაზს უსვამს საერთაშოროსო საზოგადოების, თემებისა და ინდივიდების ჩართულობის მნიშვნელობას ცვლილებების მისაღწევად.
აივ ინფიცირების შემთხვევების შემცირება, მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და აივ/შიდსით სიკვდილობის შემთხვევების დასრულება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა.
გაეროს შიდსის პროგრამის მიერ შიდსთან საბრძოლველად 2015 წლიდან დაწყებულია ახალი კამპანია „დიდი ნაბიჯებით შიდსის დამარცხებისკენ“ (On the Fast-Track to end AIDS), რაც მიზნად ისახავს 2030 წლისათვის შიდსის ეპიდემიის ელიმინაციის მისაღწევად მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილი ღონისძიებების გაფართოებას და დაჩქარებას.
აივ-ინფექცია/შიდსი ციფრებში
გლობალურად:
2019 წელს
1.7 მილიონი ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა;
38 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა აივ/შიდსით მთელს მსოფლიოში;
შიდსით 690 ათასი ადამიანი გარდაიცვალა
26 მილიონი ადამიანია ჩართული შიდსის ანტირეტროვირუსულ მკურნალობაში.
აივ-ინფექცია/შიდსი საქართველოში:
შიდსის პირველი შემთხვევა ჩვენს ქვეყანაში 1989 წელს დაფიქსირდა.
2020 წლის 30 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8598 შემთხვევა, მათგან 6422 მამაკაცია და 76 - ქალი. ქვეყანაში აივ/შიდსით ავადმყოფების სავარაუდო რიცხვია 9400. შიდსი განუვითარდა 4441 ავადმყოფს და 1781 გარდაიცვალა.
30 ნოემბრის მონაცემებით არვ მკურნალობაზე იმყოფება 5379 (4799+600 აფხაზეთი), მათ შორის 46 ბავშვი.
2020 წელს დარეგისტრირდა აივ ინფექციის 496 შემთხვევა, გარდაიცვალა 141 ინფიცირებული.
ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევები 600-700-ის ფარგლებში მერყეობს.
2015 წლის დეკემბრიდან საქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც შეუერთდა ჯანმოს სტრატეგიას „ვუმკურნალოთ ყველას“, დღეისათვის მკურნალობა უტარდება ყველა აივ/შიდსით ავადმყოფს იმუნური სტატუსის და დაავადების სტადიის მიუხედავად.
გაზიარებული, საერთო პასუხისმგებლობა როგორც არასდროს საჭიროა დღეს, როცა ქვეყნები, მათ შორის საქართველოც, იბრძვის კოვიდ-19 ეპიდემიის წინააღმდეგ და სამედიცინო რესურსების დიდი ნაწილი მიმართულია კოვიდ-19 პაციენტების დასახმარებლად. ამ გლობალური პრობლემის პირისპირ ჩვენი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩნენ აივ ინფიცირებული და აივ ინფექციის მაღალი რისკის მქონე პირები, ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ შიდსის სამკურნალო მედიკამენტებითა და აივ პრევენციის საშუალებებით მათი მომარაგების უწყვეტობა და, საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური დახმარება კოვიდ-19 ინფექციის დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
საქართველოში არსებული მძიმე კოვიდ-19 ეპიდემიის მიუხედავად შიდსით დაავადებული პაციენტებისა და მაღალი რისკის პირებისთვის მოქმედებს მედიკამენტების მიწოდების მობილური სერვისები და ონლაინ პლატფორმა აივ ტესტებისა და აივ პრევენციის საშუალებების გამოწერისა და მიწდოებისთვის, რამაც შესაძლებელი გახადა თავიდან აგვეცილებინა წყვეტა მკურნალობასა და პრევენციის მომსახურების მიწოდებაში.
დაავადებათა კონტორლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოგიწოდებთ შეუერთდეთ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევას გლობალური სოლიდარობისათვის აივ ინფექცია/შიდსით დაავადებულ პირთა მიმართ და მათთვის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სერევისებზე ხელმისაწვდომობის გამუჯობესებისათვის.
პოსტერი