title
დკსჯეც - ლუგარის ცენტრში ფუნქციონირებს მოლეკულური ეპიდემიოლოგიისლაბორატორია, რომელიც პასუხისმგებელია სხვადასხვა ვირუსული, ბაქტერიული და პარაზიტული პათოგენების დეტექციაზე პაციენტებისაგან აღებულ კლინიკურ და საველე მივლინებების დროს მოპოვებულ გარემო ნიმუშებში და გამოვლენილი პათოგენის შემდგომი ტიპირებისა და ფილოგენეტიკური ანალიზის გზით ამ ნიმუშებს შორის ურთიერთკავშირების დადგენაზე.
ამ მიზნების მისაღწევად ლაბორატორია იყენებს სხვადასხვა უახლეს მოლეკულურ მეთოდებს, რომლებიც ბოლო ათი წლის განმავლობაში თანდათან ინერგებოდა რუტინული გამოყენებისათვის. ეს მეთოდებია:
პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR - Polimerase Chain Reaction);
ფლუორესცენტული ზონდებით მიმდინარე პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია რეალურ დროში (real-time PCR);
გელ-ელქტროფორეზი პულსირებად ველში (PFGE - Pulsed Field Gel-Electrophoresis);
რესტრიქციული ფრაგმენტების ანალიზი (RFLP - Restriction Fragment Length Polymorphism Analysis);
ერთ-ნუკლეოტიდური პოლიმორფიზმი (SNP – Single Nucleotide Polymorphism);
მრავლობითი ლოკუსების ტანდემურად განმეორებადი თანმიმდევრობების ცვლადი რაოდენობის ანალიზი (MLVA – Multi Locus Variable-Number Tandem Repeat Analisis);
სანგერ სექვენირების კლასიკური მეთოდი (Sanger Sequencing);
2013 წლიდან ლაბორატორიას დაემატა ახალი თაობის სექვენირების პლატფორმა Illumina, MiSeq, რომლის მეშვეობითაც უკვე შესაძლებელია ბაქტერიული და ვირუსული პათოგენების სრული გენომური ნუკლეოტიდური თანმიმდევრობის გაშიფრვა (WGS, Whole Genome Sequence).
მოლეკულური ეპიდემიოლოგიისლაბორატორია, დკსჯეც სხვა ლაბორატორიებთან ერთად დახმარებას უწევს ეპიდემიოლოგიურ სამსახურს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მოცირკულირე პათოგენების აღმოჩენაში, რითიც ხელს უწყობს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სრულფასოვან კონტროლს.
ლაბორატორია აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო კვლევებში, აქვეყნებს პუბლიკაციებს საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში. მარტო 2014 წლის განმავლობაში ლაბორატორიის თანამშრომლებს გამოქვეყნებული აქვთ 5 სამეცნიერო სტატია იმპაქტ ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში, მომზადებულია 15-მდე პოსტერი და მოხსენება სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებისათვის.
ლაბორატორიის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გავლილი აქვთ სწავლებები აშშ-სა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებსა და კვლევით ინსტიტუტებში. დღეს ისინი ინტენსიურად უტარებენ ტრენინგებს როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუდენტებსა და კოლეგებს მოლეკულური დეტექციისა და ტიპირების უახლესი მეთოდების ათვისების მიზნით.