title
პრესრელიზი
2019 წლის 22 აპრილს 14:00 საათზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ევროპის იმუნიზაციის კვირეულის აღსანიშნავად გაიმართება პრესკონფერენცია სლოგანით
აცერი და დაიცავი!
ვაქცინა მუშაობს!
პრესკონფერენციას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ქალაქ თბილისის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის აპარატის წარმომადგენლები, პარტნიორი ორგანიზაციების, სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები, იმუნიზაციის განხორციელების ხელშემწყობი კომისიის ექსპერტთა კომიტეტების წევრები.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა ბიურომ 2019 წლის 24 - 30 აპრილის პერიოდი ევროპის იმუნიზაციის კვირეულად გამოაცხადა. საქართველო 2007 წლიდან აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებებს.
ევროპის იმუნიზაციის კვირეულის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ. კვირეულის განმავლობაში კიდევ ერთხელ მოხდება იმუნიზაციის აქტუალობის შეხსენება და ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობის, მედიის, ჯანდაცვის სისტემის სპეციალისტების, პოლიტიკოსების და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.
ძალზე მნიშვნელოვანია იმუნიზაციის მიმართ ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის შენარჩუნება, რათა თავიდან ავიცილოთ ვაქცინით მართვადი გადამდები დაავადებების აღმოცენების და გავრცელების რისკი.
საქართველო აქტიურად არის ჩართული ევროპის რეგიონული სამოქმედო გეგმის (EVAP, 2015-2020) განხორციელების პროცესში ;გეგმა შემუშავებულია ვაქცინების გლობალური სამოქმედო გეგმის საფუძველზე (GVAP, SIXTY-FIFTH WORLD HEALTH ASSEMBLY WHA65.17) და მისი მიზანია მართვადი ინფექციების აღმოფხვრა/ელიმინაცია ვაქცინაციის საშუალებით. გლობალური სამოქმედო გეგმა ვაქცინებთან მიმართებაში თანხვედრაშია ‘ჯანმრთელობა 2020’ პროგრამის („Health 2020: European policy framework supporting action across government and society for health and well-being”)
საქართველოში ბავშვთა და მოზარდთა გეგმიური იმუნიზაცია ხორციელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კანონისა და პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად (სოტდშჯსდ მინისტრის ბრძანება #01-57/ნ 19.11.2015წ). იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა სრულად უზრუნველყოფს ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული ვაქცინების შესყიდვას და 12 დაავადების (ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი, დიფთერია, ყივანახველა, ტეტანუსი, პოლიომიელიტი, ჰემოფილუს ინფლუენცა ტიპი b, წითელა, წითურა, ყბაყურა, როტავირუსული და პნევმოკოკური ინფექციები) საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაფინანსებას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.
იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში 2000 წლიდან დღემდე დაინერგა 7 ახალი ვაქცინა. საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის მიზნით, 2019 წლიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაიწყება 9 - 11 წლის გოგონების ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია.
ვაქცინების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო შეისყიდის მხოლოდ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ პრეკვალიფიცირებულ ვაქცინებს.
მსოფლიოში იმუნიზაციის პროგრამების ფართომასშტაბიანი განხორციელების შედეგად მკვეთრად შემცირდა ვაქცინაციით მართვადი ინფექციებით ავადობა და სიკვდილიანობა
- მსოფლიოში ყოველწლიურად 2,5 მილიონამდე ბავშვის სიცოცხლეა გადარჩენილი ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით - 600 000 ადამიანის სიცოცხლე;
მიუხედავად ამ წარმატებებისა, საჭიროა უფრო მეტის გაკეთება, რადგან
- მსოფლიოში ყოველწლიურად 3 მილიონზე მეტი ადამიანი იღუპება ვაქცინებით მართვადი ინფექციებისაგან, აქედან 1,5 მილიონი 5 წლამდე ასაკის ბავშვია;
- ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2019 წლის პირველ სამ თვეში, 170 ქვეყანაში დაფიქსირდა წითელას 112 163 შემთხვევა, მაშინ როდესაც 2018 წლის იგივე პერიოდში დარეგისტრირებული იყო 28 124 შემთხვევა 163 ქვეყანაში, რაც ნიშნავს რომ მსოფლიოში დაახლოებით 300%-ით გაიზარდა წითელას შემთხვევები.
საქართველოში 2018 წელს დაფიქსირდა წითელას 2200-მდე შემთხვევა. შემთხვევების 10% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 62% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე. 2019 წელს დღემდე დარეგისტრირებულია 3000-ზე მეტი შემთხვევა. შემთხვევების 12% მოდის 1 წლამდე ასაკის ბავშვებზე, ხოლო 63% - 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაზე.
ქვეყანაში მიმდინარე ეპიდაფეთქებასთან დაკავშირებით, წითელას და წითურას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების განსახორციელებლად, სახელმწიფო უზრუნველყოფს წითელას და წითურას საწინააღმდეგო დამატებით იმუნოპროფილაქტიკას წწყ ვაქცინით. საქართველოს მთავრობის განკარგულების (#16, 18.01.2019) „წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ ფარგლებში მიმდინარეობს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაცია. აღნიშნული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შესყიდული იქნა 250 000 დოზა წწყ ვაქცინა და აიცრა 120 000 ადამიანი. წითელას საწინააღმდეგო დამატებითი ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება 2019 წლის ბოლომდე.
წითელასა და სხვა ვაქცინებით მართვადი დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დამტკიცდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება (#01-6/ნ, 22.01.2019) „სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული საქმიანობათა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“.
დოკუმენტით განისაზღვრა იმუნიზაციის ვალდებულებები სამედიცინო, პენიტენციურ დაწესებულებებში, ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროებში მომუშავე პერსონალისთვის, ასევე, თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამსახურის თანამშრომლებისა და საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებისთვის. დადგინდა მოთხოვნები B ჰეპატიტის, გრიპის, წითელას, წითურას, ტეტანუსის, დიფთერიისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასთან დაკავშირებით.
ბრძანების ამოქმედება ხელს შეუწყობს მოსახლეობაში იმუნური ფენის შექმნას და შეამცირებს გადამდები დაავადებების გავრცელებას ქვეყანაში.
განხორციელდა ცვლილება ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონში (01.01.2019) და განისაზღვრა სავალდებულო პროფილაქტიკური აცრების ჩამონათვალი. ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე, სავალდებულო გახდა სასწავლო/სააღმზრდელო პროცესის დაწყებისას იმუნიზაციის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა სასწავლო/სააღმზრდელო დაწესებულებებში.
ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შეიქმნა პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაცია, რომლის საშუალებით მშობელს შესაძლებლობა ეძლევა მიიღოს ინფორმაცია როგორც საკუთარი, ასევე შვილის/შვილების აცრის სტატუსის, აცრების ჩატარების რეკომენდებული ასაკისა და ვაქცინაციით მართვადი დაავადებების შესახებ. მობილური აპლიკაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა მომავალი აცრების თარიღის შეხსენება და მათ შესახებ ინფორმაციის მიღება/ბეჭდვა მობილური ტელეფონის საშუალებით.
ძირითადი გზავნილები
წითელა ჯერ კიდევ რჩება ადრეული ასაკის ბავშვთა გარდაცვალების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა.
პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის შესაბამისად, წითელას საწინააღმდეგო ორჯერადი ვაქცინაცია ტარდება 12 თვის და 5 წლის ასაკში წითელა-წითურა-ყბაყურას საწინააღმდეგო ვაქცინით.
გახსოვდეთ, წითელა სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა!
ვაქცინაცია წითელასგან დაცვის ერთადერთი საშუალებაა! შეაჩერე წითელას გავრცელება საქართველოში - არ გადადო, აიცერი!
ყველა ბავშვი იმსახურებს თანაბარ შესაძლებლობას იცხოვროს ჯანმრთელად, ვაქცინაცია კი ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.
გახსოვდეთ, რომ იმუნიზაცია ჩვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტია და აუცილებელია, ზუსტად დავიცვათ აცრების კალენდარი – სრულყოფილად და რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ აცრების კურსი! ამ შემთხვევაში ბავშვი დაცული იქნება იმ ინფექციური დაავადებებისგან, რომლის საწინააღმდეგოდაც ჩაუტარდა აცრები.
ექიმთან ერთი ვიზიტის დროს რამდენიმე აცრა ერთდროულად კეთდება. ეს ხელს უწყობს აცრების კურსის დროულად დამთავრებას, რაც თავის მხრივ ზრდის ვაქცინაციის ეფექტურობას.
ვაქცინა მუშაობს! აცერი და დაიცავი!
ვებ გვერდი - www.ncdc.ge
ფეისბუქი - National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH),
მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი, #99
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 946 431