Logo

ფსიქიკური დარღვევები

title

ძირითადი ფაქტები

  • არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების (ფსიქიკური აშლილობა) მრავალი ფორმა, რომლებიც განსხვავებულად მანიფესტირდება. ზოგადად, ამ ტიპის დარღვევების მქონე ადამიანები განსხვავებულად გამოხატავენ  აზრებს, იდეებს, ემოციებს, ქცევით რეაქციებს. 

  • ფსიქიკურ აშლილობას მიეკუთვნება: დეპრესია, ბიპოლარული აფექტური დარღვევები, შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები, ასევე დემენცია, გონებრივი ჩამორჩენილობა და განვითარების სხვა დარღვევები, მათ შორის აუტიზმი. 

  • ფსიქიკური დარღვევების, მათ შორის დეპრესიის პრევენციისთვის არსებობს ეფექტური სტრატეგიები. 

  • დანერგილია მკურნალობისა და ზრუნვის ხელმისაწვდომი მეთოდები, რომლებიც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს პაციენტის მდგომარეობას.  

  • მთავარი ფაქტორია ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა.

მსოფლიოს მასშტაბით, ფსიქიკური დარღვევების ტვირთი იზრდება. იგი გავლენს ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე, სოციალურ სფეროზე, ადამიანთა უფლებებსა და ეკონომიკაზე. 


დეპრესია

დეპრესია გლობალურად გავრცელებული ფსიქიური აშლილობაა, რომელიც ინვალიდობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. დეპრესიით დაახლოებით 350 მილიონი ადამიანია დაავადებული მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ქალებს, მამაკაცებთან შედარებით, უფრო ხშირად აღენიშნებათ ეს მდგომარეობა.

დეპრესია ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით: ხასიათის დათრგუნვა, ინტერესისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვა, დანაშაულის შეგრძნება, ძილისა და მადის დარღვევა, ადვილად დაღლა და დაქვეითებული კონცენტრაცია. ხანგრძლივად მიმდინარე, ისევე როგორც ეპიზოდური დეპრესია მძიმე გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე, მუშაობასა თუ სწავლაზე. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში დეპრესიამ შესაძლებელია სუიციდი (თვითმკვლელობა) გამოიწვიოს. 

არსებობს პრევენციული პროგრამები, რომლებიც ხელს უწყობს დეპრესიული დაავადებების შემცირებას როგორც ბავშვებში  (მაგალითად, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის შემდგომი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და დახმარება), ასევე მოზრდილებში (მაგალითად, სტიქიური უბედურებისა და კონფლიქტების შემდგომი ფსიქოლოგიური მხარდაჭერა). 

დანერგილია მკურნალობის ეფექტური მეთოდები. მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დეპრესია ექვემდებარება კოგნიტურ-ქცევით და ფსიქოთერაპიას. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა წარმატებით გამოიყენება დეპრესიის საშუალო და მძიმე ფორმების დროს; თუმცა, მსუბუქ შემთხვევებში მათი გამოყენება არ ხდება. აღსანიშნავია, რომ ანტიდეპრესანტები არ გამოიყენება დეპრესიით დაავადებულ ბავშვებში, მოზარდებში კი ინიშნება დიდი სიფრთხილით.

დეპრესიის მართვა უნდა მოიცავდეს ფსიქოსოციალურ ასპექტებს სტრესული ფაქტორების (როგორიც არის ფინანსური პრობლემები, სირთულეები სამსახურში, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა) გამოვლენის ჩათვლით; ასევე მნიშვნელოვანია მხარდაჭერის წყაროს, მაგ, ოჯახის წევრებისა და ახლობლების გამოვლენა. დამატებით, აუცილებელია სოციალურ აქტივობებსა და საზოგადოებაში ჩართულობის შენარჩუნება.


ბიპოლარული აფექტური დარღვევები

ბიპოლარული აფექტური დარღვევებით 60 მილიონი ადამიანია დაავადებული მსოფლიოში. იგი ხასიათდება ცხოვრების ნორმალურ პერიოდებისა და მანიაკალური და დეპრესიული ეპიზოდების მონაცვლეობით. 

მანიაკალური ეპიზოდები გამოიხატება გაღიზიანებული და/ან აგზნებული განწყობით. მისთვის დამახასიათებელია მომატებული აქტივობა, გადაჭარბებული მეტყველება, მაღალი თვითშეფასება, ძილის მოთხოვნილების დაქვეითება. პაციენტებს, მანიაკალური შეტევებით დეპრესიული ეპიზოდების გარეშე, ასევე უსვამენ „ბიპოლარული აშლილობის“ დიაგნოზს.

ბიპოლარული აშლილობის მკურნალობისა და რეციდივების თავიდან ასაცილებლად არსებობს ეფექტური სამკურნალო საშუალებები. ეს მედიკამენტები გამოიყენება განწყობის სტაბილიზაციისათვის. მკურნალობის მნიშვნელოვან ელემენტს ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა წარმოადგენს. 


შიზოფრენია და სხვა ფსიქოზები

შიზოფრენია მძიმე ფსიქიკური აშლილობაა, რომლითაც მსოფლიოში 23 მილიონი ადამიანია დაავადებული. 

ფსიქოზებს, მათ შორის შიზოფრენიას, ახასიათებს განსხვავებული აზროვნება, ემოციები, მეტყველება, საქციელი; სამყაროსა და საკუთარი თავის არასწორად აღქმა. ყველაზე გავრცელებულ ფსიქოზურ სიმპტომებს მიეკუთვნება მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები (არარსებულის დანახვა და მოსმენა) ან არარსებულის შეგრძნება, ასევე ბოდვები (მცდარი რწმენების ან ეჭვების არსებობა საპირისპირო მტკიცებულების  შემთხვევაშიც კი). ამ სახის აშლილობა ადამიანებს დიდ სირთულეებს უქმნის სწავლისა თუ მუშაობის პროცესში. 

ფსიქოზებით დაავადებულ პირებში მაღალია ადამიანის უფლებათა დარღვევის რისკი, მაგალითად, დიდ ინსტიტუციებში ხანგრძლივი ყოფნის გამო. დამატებით, ჯანმრთელობასა და სოციალურ დახმარებაზე დაბალი ხელმისაწვდომობა სტიგმატიზაციასა და დისკრიმინაციას იწვევს. 

როგორც წესი, შიზოფრენია მოზარდობის გვიან, ან ზრდასრულობის ადრეულ ასაკში ვლინდება. შიზოფრენიის მედიკამენტოზური მკურნალობა ეფექტურია ფსიქოსოციალური მხარდაჭერის პარალელურად, პაციენტებს შეუძლიათ პროდუქტიული ცხოვრება და საზოგადოებაში ინტეგრირება. ყოველდღიური მომსახურება და ზრუნვა, საცხოვრებლითა და სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა შესაძლებელია მძიმე ფსიქოზებით, მათ შორის შიზოფრენიით დაავადებული ადამიანებისათვის, გამოჯანმრთელების საფუძველი გახდეს; რადგან ეს ადამიანები ხშირად იმყოფებიან სამუშაო ადგილისა და საცხოვრებლის პრობლემების წინაშე.  


დემენცია

დემენციით მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანია დაავადებული. როგორც წესი, აღნიშნული სინდრომი ქრონიკული ან პროგრესირებადია და ახასიათებს კოგნიტიური ფუნქციის (აზროვნების უნარი) დეგრადირება უფრო მეტად, ვიდრე ეს მოხუცებულობის ასაკშია მოსალოდნელი. ხდება მეხსიერების, აზროვნების, მეტყველების, ორიენტაციის, ანგარიშის, სწავლისა და მსჯელობის უნარის დაქვეითება. კოგნიტიური ფუნქციის დაქვეითებას ხშირად თან ახლავს ან წინ უსწრებს ემოციურ მდგომარეობაზე კონტროლის, ასევე სოციალური ქცევის ან მოტივაციის გაუარესება.

დემენციის განვითარებას ხელს უწყობს ისეთი დაავადებები და ტრავმები, რომლებიც ტვინის დაზიანებას იწვევს; მაგალითად, ალცჰეიმერის დაავადება და ინსულტი.   

ამჟამად არ არსებობს თერაპიული მეთოდი, რომლის საშუალებით შესაძლებელი იქნებოდა დემენციისაგან განკურნება ან მისი პროგრესირების შეჩერება; თუმცა, სხვადასხვა სტადიაზეა მრავალრიცხოვანი მედიკამენტოზური საშუალებების კლინიკური კვლევები. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია დემენციით დაავადებული ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება მათზე მზრუნველონითა და ოჯახების მხარდაჭერით.


განვითარების დარღვევები, მათ შორის აუტიზმი

განვითარების დარღვევები ზოგადი ტერმინია, რომელიც მოიცავს როგორც განვითარების შეფერხებას, ასევე განვითარების კომპლექსურ დარღვევებს, მათ შორის აუტიზმს. როგორც წესი, იგი ბავშვობიდან იწყება და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციების განვითარების შეფერხებას ან დარღვევას იწვევს. სხვა ფსიქიკური დარღვევებისაგან განსხვავებით, განვითარების დარღვევები მეტნაკლებად ერთგვაროვნად მიმდინარეობს, მკაფიოდ გამოხატული რეციდივებისა და რემისიის პერიოდების გარეშე. 

ხშირად, განვითარების შეფერხება, განვითარების სხვადასხვა მიმართულების დარღვევებით ხასიათდება (მათ შორის კოგნიტიური და ადაპტური ქცევის). ის ხელს უშლის ადამიანს ადვილად გაუმკლავდეს ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო ამოცანებს. 

აუტიზმის დამახასიათებელ სიმპტომოკომპლექსს წარმოადგენს სოციალური ქცევის, კომუნიკაციის და მეტყველების დარღვევა, ინტერესების შეზღუდვა, განმეორებითი ქმედებები. სიმპტომები უნიკალურია თითოეული ადამიანისათვის. განვითარების დარღვევები, რომელსაც ხშირად სხვადასხვა დონის განვითარების შეფერხება ახლავს, ძირითადად ჩვილობის ან ადრეულ ასაკში ვლინდება. 

განვითარების დარღვევების მქონე პირთა ზრუნვის პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახის წევრების ჩართვა. აუცილებელია სტრესის გამომწვევი, ან პირიქით დამამშვიდებლად მოქმედი ფაქტორების გამოვლენა, ასევე სწავლისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. დროული კვების, ძილის, თამაშის, სწავლის, სხვებთან ურთიერთობის ყოველდღიური რეჟიმი ხელს უწყობს სტრესის თავიდან აცილებას. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს (ბავშვებსა და ზრდასრულებს), ასევე მათ მომვლელებს, რეგულარულად უნდა ჰქონდეთ ჯანმრთელობის მომსახურების მიღების საშუალება. 

ზოგადად, აღნიშნული დარღვევების მქონე პირთა უფლებების დაცვის საკითხში უდიდესი როლი საზოგადოებას ენიჭება.


ვინ მიეკუთვნება ფსიქიკური დარღვევების მქონე რისკ-ჯგუფს?

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქიკური დარღვევების დეტერმინანტებს (განმსაზღვრელს) წარმოადგენს არა მხოლოდ ინდივიდუალური თვისებები (უნარი მართოს საკუთარი აზრები, ემოციები, ქცევა, გარშემომყოფებთან ურთიერთობა), არამედ სოციალური, კულტურული, პოლიტიკური და ეკოლოგიური ფაქტორები - ეროვნული პოლიტიკა, სოციალური დაცვა, ცხოვრების დონე, სამუშაო პირობები და გარშემომყოფთა მხარდაჭერა. 

ფსიქიკურ დარღვევებს ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიღებული ფსიქიკური ტრავმა და სტრესი, გენეტიკა, კვებითი ჩვევები, პერინატალური ინფექციები, გარემოს არახელსაყრელი პირობები და სხვა ფაქტორები  განაპირობებს.


ჯანდაცვის სისტემების მხარდაჭერა

ამ ეტაპზე, ჯანდაცვის სისტემები არაადეკვატურად რეაგირებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების ტვირთზე. შედეგად, მსგავსი პრობლემების მქონე პაციენტების მოთხოვნილებებს, გაწეულ დახმარებასა და მკურნალობას შორის დიდი უფსკრულია. 

დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში ფსიქიკური დარღვევების მქონე პაციენტების მკურნალობა 76-85%-ში საერთოდ არ ხდება. მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში კი, ანალოგიურ მდგომარეობაში 35%-დან 50%-მდე პაციენტი იმყოფება. პრობლემას შეთავაზებული ზრუნვის დაბალი ხარისხიც აღრმავებს.

ჯანდაცვის სტრუქტურის პარალელურად, მეტად მნიშვნელოვანია გარშემომყოფთა მიერ ფსიქიკური დარღვევების მქონე პირთა დახმარება და მხარდაჭერა. ამ სახის პაციენტებს ხშირად ესაჭიროებათ მათ მოთხოვნილებაზე ადაპტირებულ სასწავლო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, მხარდაჭერა საცხოვრებლისა და სამუშაოს მოძიებაში, რათა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.   


ჯანმოს ქმედებები

ჯანმოს ფსიქიკური ჯანმრთელობის 2013-2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც დამტკიცდა 2013 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის მიერ, ითვალისწინებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა მკურნალობის გაუმჯობესებას. გეგმა ოთხ ძირითად მიზანს მოიცავს:

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის მართვის გაუმჯობესება;

  • ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების მქონე პაციენტთა მკურნალობისა და სოციალური დახმარების თემზე დაფუძნებული ყოვლისმომცველი და კომპლექსური მომსახურება;

  • მკურნალობის ეფექტურობის ამაღლებისა და პრევენციის სტრატეგიების განხორციელება; 

  • საინფორმაციო სისტემების, სამეცნიერო კვლევებისა და მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესება/გაძლიერება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2008 წლიდან წამოწყებული ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარვეზების სამოქმედო პროგრამა (mhGAP) იყენებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სახელმძღვანელოს, ინსტრუმენტებსა და სასწავლო პაკეტებს, რათა გააფართოვოს სერვისები ქვეყნებში, განსაკუთრებით მწირი რესურსების პირობებში.