title
პერინატალური სერვისების განხორციელება ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების დროს
დღეისათვის არ არის ცნობილი, იმყოფებიან, თუ არა ორსული ქალები COVID-19-ით დაინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ. თუმცა, რამდენადაც ორსულობის დროს ორგანიზმი განიცდის მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ზოგიერთი ინფექციის რისკი, მნიშვნელოვანია მათი დაცვა კორონავირუსული ინფექციისაგანაც.
შესაბამისად, ეპიდემიური სიტუაციის პირობებში ყველა ანტე- და პერინატალური სერვისის მიმწოდებელმა დაწესებულებამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:
ა) ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება თავის დაწესებულებაში აღრიცხვაზე მყოფ ყველა ორსულთან ამყარებს კომუნიკაციას (ტელეფონით, ინტერნეტით და სხვა ნებისმიერი ხელმისაწვდომი დისტანციური საშუალებით) და აწვდის რეკომენდაციებს COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის წესების შესახებ;
ბ) ორსულობის პერიოდში, მწვავე რესპირატორული სიმპტომების (ყელის სიმშრალე, მშრალი ხველა, მაღალი ტემპერატურა, ფაღარათი, სხვ.) გამოვლენისას, პირველადი კომუნიკაცია ოჯახის ექიმთან/მეან-გინეკოლოგთან ხორციელდება სატელეფონო კონსულტაციის საშუალებით, რომლის დროსაც ხდება დეტალური ანამნეზის შეკრება როგორც პაციენტის ჩივილების, ასევე COVID-19-ით დაინფიცირებისათვის სარისკო კონტაქტების (მათ შორის მოგზაურობის ისტორიის) გამოვლენის მიზნით;
გ) იმ შემთხვევაში, როდესაც ანამნეზით COVID-19-ით დაინფიცირების სარისკო კონტაქტი გამოირიცხება, ორსულის მართვა (საჭიროების შემთხვევაში ბინაზე) ხორციელდება ოჯახის ექიმის მიერ ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ ექიმ-მეან გინეკოლოგთან კომუნიკაციით, პაციენტის მდგომარეობისა და ორსულობის ვადის გათვალისწინებით;
დ) სამედიცინო დაწესებულებაში ორსულის ვიზიტის განხორციელებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი რეკომენდაციები:
• ექიმთან კონსულტაციისთვის გამოყენებული უნდა იყოს სატელეფონო და ინტერნეტ-საშუალებები;
• აუცილებლობის შემთხვევაში, დაწესებულებაში ვიზიტი ჩანიშნულ უნდა იქნას დროის ისეთ პერიოდში, როდესაც სრულად იქნება გამორიცხული სხვა პაციენტებთან კონტაქტი;
• მაქსიმალურად იქნეს შეზღუდული დამატებითი ვიზიტები;
• ამბულატორიული მიღებისა და კონსულტირებისთვის გამოყენებული უნდა იქნას ისეთი კაბინეტები, რომელთა მოსაცდელი გამიჯნულია დაწესებულების საერთო მოსაცდელი სივრცისგან;
• დაწესებულებაში ვიზიტის დროს ორსულს უნდა ეკეთოს ნიღაბი და შესვლის წინ დაიმუშავოს ხელები ხელის ანტისეპტიკით/სანიტაიზერით;
• სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი ყველა პირი აღჭურვილი უნდა იყოს ქირურგიული ნიღბით და მკაცრად იცავდეს უსაფრთხოების სათანადო ზომებს.
ე) ყველა ორსული, რომლებიც წარმოადგენენ COVID-19-ის დადასტურებულ ან სავარაუდო შემთხვევას (მიუხედავად დაავადების სიმძიმისა და ორსულობის ვადისა), ექვემდებარება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას;
ვ) COVID-19 ტესტის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, ორსულის სტაციონარში ჰოსპიტალიზაციაზე გადაწყვეტილება მიიღება ოჯახის ექიმისა და ანტენატალური სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მეან-გინეკოლოგის მიერ დაავადების სიმძიმისა და ორსულობის ვადის გათვალისწინებით;
ზ) ორსულები, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში/თვითიზოლაციაში, რესპირატორული
ინფექციის ნიშნების (მაღალი ტემპერატურა, ხველა, ქოშინი და ა.შ) გამოვლენისთანავე ექვემდებარებიან მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრულ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას მიუხედავად დაავადების სიმძიმისა და ორსულობის ვადისა.