Logo

ბრუცელოზი

title

1. ზოგადი მიმოხილვა - ზოონოზური ინფექციური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხელების სხვადასხვა ტიპი (რემისიული ან ინტერმისიული ტალღისებური ცხელება, დაბალი სიცხე), ოფლიანობა - განსაკუთრებით ღამით (სპეციფიური, არასასიამოვნო სუნის ოფლი), შემცივნება, მიალგია, ართრალგია, ანორექსია, ზოგადი სისუსტე, ჰეპატომეგალია, პოლილიმფადენოპათია. ადამიანის ბრუცელოზი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები ხშირად ზოგადი და არასპეციფიურია და ფიქსირდება ხანგრძლივი პერიოდის განმავალობაში, ან ახასიათებს რემისია-რეციდივის ციკლი. მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ სუბკლინიკურ, ქვემწვავე, მწვავე (ცხელება გრძელდება 5 და მეტი დღე) და ქრონიკულ (ცხელება გრძელდება 6 თვე და მეტი, შესაძლო პოლიორგანული დაზიანებებით) ფორმებს.

ბრუცელოზით, პირველ რიგში, ავადდებიან ცხოველები: ცხვრები, თხები, მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ირმები, ღორები და ძაღლები. ცხოველები ძირითადად ავადდებიან სქესობრივი და ფეკალურ-ორალური გზით (საკვები, წყალი). ადამიანზე დაავადების გადაცემა ხდება ინფიცირებული ცხოველებიდან.

ცხოველებში ბრუცელოზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს ან ვლინდება თვითნებური აბორტებით, გართულებული მშობიარობით, ცხელებით, მასტიტებით (განსაკუთრებით თხებში), სახსრების ანთებით,  წველადობის შემცირებით, ბუღებში - სათესლე ჯირკვლის ანთებით. ცხოველის ბრუცელოზით დაავადებაზე  დიაგნოზი დგინდება ლაბორატორიული გამოკვლევით. ბრუცელოზით დაავადებული ცხოველის მკურნალობა არ ტარდება.

 

ბრუცელოზის გამომწვევი ცირკულირებს ყველა კონტინენტზე. საქართველოში წელიწადში საშუალოდ 200 შემთხვევა რეგისტრირდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დაავადებას ახასიათებს სუბკლინიკური ფორმები, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დაავადებულთა რეალური რიცხვი უფრო მაღალია.

 

2.  გამომწვევი აგენტი - ბრუცელას (Brucella) გვარის ბაქტერიები. დღეისათვის რვა სახეობაა ცნობილი, მათგან ოთხი - იწვევს ადამიანის დაავადებას, ესენია: B.melitensis, B. abortus, B. suis და B. canis. უფრო მეტად საშიშია B.melitensis - აფეთქებების გამომწვევი და B. abortus  - სპორადული ავადობის გამომწვევი. საქართველოში სწორედ ეს ორი სახეობაა გამოვლენილი.

 

3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - ბრუცელოზით დაავადების რისკი მაღალია დაავადებულ ცხოველთან კონტაქტისას (მოვლა, მოწველა, მშობიარობისას დახმარება, დაკვლა), მისი თერმულად დაუმუშავებელი რძის, მისი პროდუქტების და ხორცის  საკვებად გამოყენებისას, სადგომის დასუფთავებისას წარმოქნილი მტვრის შესუნთქვისას, კონტამინირებული წყლის სასმელად გამოყენებისას.

 

4. რეზერვუარი - ბრუცელას ყველა სახეობას თავისი ბუნებრივი რეზერვუარი აქვს: B.melitensis - ცხვარი და თხა, B. Abortus - მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, B. Suis - ღორი და B. Canis - ძაღლი.

 

5. გადაცემის გზები - კონტაქტური - დაავადებულ ცხოველთან კონტაქტი; საკვებით - ინფიცირებული თერმულად დაუმუშავებელი (აუდუღარი, მოუხარშავი) ცხოველური პროდუქტების გამოყენებით (რძე, ყველი, არაჟანი, ხაჭო, კარაქი, ხორცი);

ვექტორული - შესაძლებელია ინფექციის გადაცემა ტკიპებით;  ასპირაციული  გზით -  ბრუცელას ბაქტერიებით დასენიანებული მტვრის, მშრალი ნაკელის, მატყლის ნაწილაკების  პირის, ცხვირისა და თვალის ლორწოვანზე მოხვედრისას.

 

6. ინკუბაციური პერიოდი- ერთი კვირიდან რამოდენიმე თვემდე, უფრო ხშირად 2-4 კვირა.

 

7.  გადამდებლობის პერიოდი - ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა იშვიათია, შესაძლებელია სისხლის გადასხმისას, ორგანოთა ტრანსპლანტაციისას, სქესობრივი კონტაქტისას, ძუძუთი კვებისას. ავადმყოფის მოვლისას მინიმალური სიფრთხილის დაცვაა საჭირო.

 

8. მიმღებლობა - ბრუცელას მიმღებლობა საყოველთაოა. ავადდება ყველა ასაკისა და სქესის ადამიანი.  დაავადების გადატანის შემდეგ განვითარებული იმუნიტეტი ხანმოკლეა და სახეობასპეციფიური. რეინფექცია შესაძლებელია.

 

9. კონტროლის ღონისძიებები:

ა) პრევენციული ღონისძიებები

ბრუცელოზისაგან საუკეთესო დაცვა - თვითონ ცხოველის დაცვაა ბრუცელოზისაგან!

Ø  ჩაუტარეთ თქვენს ცხოველს გამოკვლევები ბრუცელოზზე;

Ø  ავადმყოფი ცხოველის გამოვლენისას დაუყოვნებლივ განაცალკევეთ დაავადებული ცხოველი ჯანმრთელისაგან და მიმართეთ ვეტერინარს;

Ø  ცხოველი მშობიარობისას იყოლიეთ იზოლირებულად. ნაადრევი ან/და გართულებული მშობიარობისას მიმართეთ ვეტერინარს;

Ø  დაიცავით პირადი უსაფრთხოება და ცხოველების მოვლისას გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი (რეზინის ხელთათმანი, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი), განსაკუთრებით მშობიარობის, დაკვლა-დამუშავების, სადგომის დასუფთავების,   მატყლის დამზადების დროს;

Ø  ნუ მიიღებთ აუდუღარ რძეს, აუდუღარი რძით დამზადებულ რძის პროდუქტებს, ჭყინტ ყველს და თერმულად დაუმუშავებელ ხორცს  საკვებად;

Ø  ბრუცელოზით დაავადებული შინაური ცხოველის რძით დამზადებული ყველი მოათავსეთ მინიმუმ 60 დღე მარილწყალში;

Ø  ვეტერინარის რჩევით ჩაუტარეთ თქვენს შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია.

ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი - პაციენტმა კლინიკური ნიშნების გამოვლენისთანავე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, რათა ექიმის მიერ მოხდეს დროული კლინიკური დიაგნოსტირება და შესაბამისი მკურნალობა, ზუსტი დიაგნოსტირებისათვის კი აუცილებელია კლინიკური დიაგნოზი დადასტურებული იყოს ლაბორატორიული კვლევის საფუძველზე.

ბრუცელოზი სავალდებულო/სასწრაფო შეტყობინებას დაქვემდებარებული დაავადებაა. ერთეული შემთხვევების გარდა, შესაძლებელია დაფიქსირდეს დაავადების ჯგუფური შემთხვევები და ეპიდაფეთქებები.

ყველა საეჭვო შემთხვევა/შემთხვევები ექვემდებარება რეგისტრაციას გადამდებ დაავადებათა რეგისტრაციის ჟურნალ 60/A-ში და სასწრაფო შეტყობინებას (გამოვლენიდან 24 საათის განმავლობაში)  შესაბამის  ეპიდემიოლოგიურ სამსახურში ნებისმიერი ხელთარსებული საშუალებით („სასწრაფო შეტყობინების ბარათი“ - ფორმა N58/1, ტელეფონი, ფაქსი, თუ ელ-ფოსტა). შეტყობინების მიღებისთანავე ეპიდემიოლოგი იწყებს შემთხვევის/შემთხვევების კვლევას სტანდარტული ეპიდკვლევის ბარათის შესაბამისად.

კონტაქტებად უნდა ჩაითვალონ ის პირები რომელთაც ქონდათ იგივე ექსპოზიცია რაც ავადმყოფს (იგივე პროდუქტის საკვებად გამოყენება ან კონტაქტი იმავე ცხოველთან). მათი მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა დაავადების (განსაკუთრებით სუბკლინიკური ფორმების) დროულად გამოსავლენად.

 

გ)ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები - ინფექციის წყაროს მოძიება და ლიკვიდაცია.

 

დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - არ შეესაბამება

 

ე) საერთაშორისო ღონისძიებები-სათანადო კონტროლი ცხოველებისა და მათი პროდუქტების ექსპორტ/იმპორტზე.

შესაძლებელია ბრუცელას განზრახ გავრცელება. მისი თვისება, დააავადოს როგორც ადამიანი, ისე ცხოველი და დაბალი ინფექციური დოზა (10-100 მიკრობი) ზრდის  საფრთხეს.