Logo

2018 წლის 1 მაისიდან საქართველო თავისუფლდება თამბაქოს კვამლისაგან

title

თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა მსოფლიოში.

თამბაქოს მოხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, კიბოს, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებებისა და დიაბეტის ძირითადი რისკ-ფაქტორია; იგი მნიშვნელოვნად ამწვავებს ასთმის შეტევებს ბავშვებში. ამ დაავადებებს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 60% მსოფლიოში, 85% ევროპაში და 94% საქართველოში. სიკვდილის ყოველი 8 ძირითადი მიზეზიდან 6 ასოცირებულია თამბაქოს მოხმარებასთან. მსოფლიოში თამბაქოს უკავშირდება სიკვდილის შემთხვევების დაახლოებით 10%; საქართველოში კი სიტუაცია ამ მიმართულებით ბევრად უფრო ტრაგიკულია - ეს მაჩვენებელი 22%-ს აღწევს.

მომავალი თაობის სიცოცხლის გადასარჩენად და მათი ჯანმრთელობის უფლების უზრუნველსაყოფად საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ 2017 წლის მაისში დამტკიცებულ იქნა ახალი კანონპროექტები.

ამ ინფორმაციის ცოდნა გაგიადვილებთ მომზადებული შევხვდეთ ახალ რეგულაციებს და დავეხმაროთ ერთმანეთს კანონის სრულად დაცვაში.

რატომ თამბაქოს კვამლისაგან თავისუფალი გარემო?


თამბაქოს კონტროლის ახალი კანონმდებლობის შემოღების მიზანი თამბაქოს მეორადი კვამლის ნეგატიური ზემოქმედებისაგან თითოეული ჩვენთაგანის დაცვაა.

საქართველოში თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებით ყოველწლიურად 3000-მდე ადამიანი იღუპება.

თამბაქოს მეორადი კვამლი, რომელსაც ჩვენ ჩავისუნთქავთ, შეიცავს 7000-ზე მეტ ნივთიერებას, რომელთაგან 69 კანცეროგენია.

თამბაქოს კვამლის ხანგრძლივ ზემოქმედებას შეუძლია გამოიწვიოს ისეთი სერიოზული დაავადებები, როგორიცაა ფილტვის კიბო, გულის დაავადებები, ასთმის შეტევების გამწვავება და ა.შ. იგი ასევე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ბავშვების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს და წარმოადგენს ბავშვთა უეცარი გარდაცვალების სინდრომის მთავარ მიზეზს.

კანონში განხორციელებული ცვლილებების მიზანია ეფექტურად დაიცვას არამწეველები, განსაკუთრებით ბავშვები, თამბაქოს მეორადი კვამლის ზემოქმედებისაგან.

საქართველოს კანონით „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ 2018 წლის 1 მაისიდან თამბაქოს მოწევა აკრძალულია:

  • ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობაში, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი ზოგიერთი გამონაკლისისა (იხ. ქვეთავი „გამონაკლისები“).
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში, გარდა ტაქსისა და კატერისა;
  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, სხვა სასწავლო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, მოსწავლე ახალგაზრდობის ბანაკების, ბავშვთა გასართობი ცენტრების და 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, აგრეთვე 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე;
  • სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე;
  • ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება;
  • სტადიონზე, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია (2020 წლიდან).

გამონაკლისები

მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში:

  • ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას (თუ ფიზიკური პირი/ფიზიკური პირის ოჯახი ფაქტობრივად ცხოვრობს ამ საცხოვრებელ ადგილას და ეს საცხოვრებელი ადგილი იმავდროულად სამეწარმეო საქმიანობის განსახორციელებელი ფაქტობრივი ადგილსამყოფელი არ არის);
  • თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მოწევის პირობებს განსაზღვრავს შესაბამისი მინისტრი;
  • წინასწარი დაკავების იზოლატორში.
  • „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარში;
  • სამორინეში;
  • აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალურად გამოყოფილ მოსაწევ ოთახში;
  • სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართულია შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით.

ტერმინთა განმარტებები

კანონის მიხედვით შენობა-ნაგებობა განიმარტება შემდეგნაირად:

ნებისმიერი კონსტრუქცია, რომელსაც აქვს იატაკი, ნებისმიერი სახის სახურავი ან ჭერი და ზედაპირის (გარდა სახურავისა, ჭერისა, იატაკისა) არანაკლებ 1/2-ზე აქვს ნებისმიერი სახის ან/და მასალის მოძრავი ან უძრავი კედლები, მათ შორის, ღია ან დახურული ფანჯარა და კარი.

ხოლო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი:

ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, ავტობუსი, ტრამვაი, ტროლეიბუსი, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალება, მატარებელი, საჰაერო ხომალდი, მეტროპოლიტენი, გემი ან სხვა სანაოსნო საშუალება, რომელიც გამოიყენება ადამიანების შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ ან/და კომერციული მოგების მიღების მიზნით გადასაყვანად.

თამბაქოს ნაწარმი, რომლის მოწევაც იკრძალება, მოიცავს როგორც ტიპიურ სიგარეტებს, სიგარებს, სიგარილოებს და თუთუნს, ისე ელექტრონულ სიგარეტებს და ჩილიმსაც.

შენობა ნაგებობების შემთხვევაში - დაწესებულება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში - მისი მძღოლი, ვალდებულია თავის შენობა-ნაგებობაში/ტერიტორიაზე/ტრანსპორტში:

  • უზრუნველყოს  თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა;
  • არ დაუშვას თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება;
  • შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განათავსოს თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესები, შესაბამისი წარწერა და ნიშანი;
  • არ დაუშვას თამბაქოს მოწევა, ხოლო თამბაქოს მოწევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი .
  • დამრღვევის მიერ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მიმართოს შესაბამის ორგანოებს;


ფიზიკური პირი ვალდებულია შეასრულოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის წესები.

ზემოაღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება დაჯარიმდება 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.

ფიზიკური პირის შემთხვევაში ჯარიმა 100 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკური პირი მოწევს მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სახურავი, ლიფტი და სხვ.) იგი დაჯარიმდება 50 ლარით, განმეორების შემთხვევაში 100 ლარით.

სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტში მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.

რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის მიერ შესაბამის სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის მოთხოვნის შეუსრულებლობა, გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარით, განმეორებისას 1000 ლარით.

ფიზიკური პირის მიერ სახმელეთო საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოწევის აკრძალვის წესების დარღვევა გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას.

ფიზიკური პირის მიერ საზღვაო , სარკინიგზო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარით, განმეორებისას 100 ლარით.

ამავე პერიოდიდან მარტივდება დაჯარიმების წესი და უფლებამოსილი პირი (საზოგადოებრივ შენობებში პოლიციას, ტრანსპორტის შემთხვევებში შესაბამისი ადმინისტრაციებს, სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის სამინისტროს) ადგილზე შეუფარდებს ჯარიმას შესაბამის იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს. დაჯარიმებულ პირს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს თუ იგი არ ეთანხმება საჯარიმო სანქციას.



დაიცავი კანონი!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!