Logo

„მოულოდნელობით შეპყრობილი“

title

დაავადება, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, ისეთ ცნობილ ადამიანებს ჰქონდათ, როგორიცაა აგატა კრისტი, დოსტოევსკი, ბაირონი, ნაპოლეონ ბონაპარტე, მოლიერი, ალფრედ ნობელი, კარდინალი რიშელიე, იულიუს კეისარი....

ადამიანებს, ამ მდგომარეობით, არცთუისე შორეულ წარსულში აკრძალული ჰქონდათ დაოჯახება; 1920-იან წლებში კი, ნაცისტურ გერმანისა და ამერიკაში   ქირურგიული ჩარევებით შვილების ყოლის უფლებას ართმევდნენ.

ის შეიძლება ნებისმიერი ასაკის, სქესისა და რასის,  ეროვნებისა თუ სოციალური ფენის წარმომადგენელს, ნებისმიერ დროსა და ადგილზე განუვითარდეს... „ეპილეფსია“(ბერძნულად ,,epilambanein - „მოულოდნელობით შეპყრობილი“[i]) ეს ის დაავადებაა, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ და რომელიცტვინის ნეირონების უნებლიე, არაადეკვატური აღგზნებით გამოწვეული გულყრებით ხასიათდება.[ii]

(...)ისე მოხდა, რომ ერთი კვირის შემდეგ, თავის სიცოცხლეში პირველად დაემართა ბნედის შეტევა, რომელიც, მთელი ცხოვრება აღარ მოშორებია.(...) საშუალოდ, თვეში ერთხელ, სხვადასხვა დროს ემართებოდა. თვით შეტევებიც სხვადასხვა სიძლიერის იყო, - ზოგი მსუბუქი, ზოგი კი ძალიან მძიმე. (...) ხანდახან სახლშივე, ან ეზოში, ან ქუჩაში უცებ გაჩერდებოდა დაფიქრებული და იდგა ასე ათიოდე წუთი მაინც; დაკვირვებული ფიზიონომისტი იტყოდა, რომ ფიქრისა და აზრის ნასახი არ ჭიატებდა მის სახეზე და ეს მხოლოდ ისე, უბრალო და უაზრო მზერა იყო(...)  (დოსტოევსკი. „ეშმაკნი“)

ეპილეფსიური გულყრა - მდგომარეობაა, რომელიც ზოგჯერ ცნობიერების დაკარგვით მიმდინარეობდეს.  შესაძლოა, თან ახლდეს დაცემა, კიდურების არაკონტროლირებადი მოძრაობები - დაკრუნჩხვა, უცნაური ხმების გამოცემა... სხვა შემთხვევაში,  ცნობიერების გათიშვას ერთვის მხოლოდ თვალის კაკლების წამიერი მიქცევა ზევით /„უაზრო მზერა“, ან იმავე პოზაში, რაც მანამდე ჰქონდა, „გაშეშება“...

ზემოთ აღწერილი სურათი სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ეპილეფსია ყველა შემთხვევაში ცნობიერების დაკარგვით მიმდინარეობს - ზოგჯერ ცნობიერების შენარჩუნების ფონზე ვლინდება  სხეულის კუნთების უნებლიე შეკრთომით, ან მეტყველების დარღვევით, ერთი და იგივე ბგერების, სიტყვების უნებლიე მრავალჯერადი განმეორებით...[iii]

10-დან 6 შემთხვევაში ამ დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, მის განვითრებაში გარკვეულ როლს ასრულებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა გენეტიკა და ტვინის ორგანული დაზიანება, მაგ, ტრავმული/ინფექციური ან მუცლადყოფნის პერიოდში განვითრებული დაზიანებები და სხვა.[iv]

მკურნალობაისტორიამეპილეფსიის მკურნალობის მრავალფეროვანი, მაგრამ საეჭვო მეთოდები შემოგვინახა. ასე მაგალითად, ძველ საბერძნეთში ეპილეფსიას მთვარის ღმერთის განრისხებას მიაწერდნენ და მკურნალობას ახალმთვარეობისას დაკრეფილი ფითრის (მარადმწვანე მცენარე) საშუალებით ცდილობდნენ; ძველი რომაელები კი სამკურნალოდ მოკლული გლადიატორის სისხლს იყენებდნენ... ძვ. წ. 400 წელს ჰიპოკრატემ პირველმა განიხილა ეს დაავადება როგორც „ბუნებრივი დარღვევა“. მკურნალობისთვის კი წამლებსა და სპეციალურ დიეტას, რომლის მთავარ არსს  ცხელი და ცივი კერძების გარკვეული თანაფარდობით მონაცვლეობა წარმოადგენდა, იყენებდა.

თანამედროვე მედიცინამ, რასაკვირველია, ბევრად ეფექტური მკურნალობის მეთოდები შეიმუშავა. დღესდღეობით, შესაბამისი მედიკამენტოზური მკურნალობის ფონზე კონტროლირებადია ეპილეფსიური გულყრების 70%, დარჩენილ 30% შემთხვევაში კი რეკომენდებულია ქირურგიული ჩარევა.[v] თუ მკურნალობის ფონზე ეპილეფსიური გულყრების ეპიზოდი არ განმეორდა 2 წლის განმავლობაში, ბავშვების 70% და მოზრდილების 60%-ს ეხსნება  მედიკამენტოზური მკურნალობა.

აქვე, ეპილეფსიის მართვის პროცესში გასათვალისწინებელი რამოდენიმე რჩევა:

1.      აუცილებელია ანტიეპილეფსიური მედიკამენტების ექიმის დანიშნულებისამებრ რეგულარული მიღება

2.     გულყრის მაპროვოცირებელი ფაქტორების - როგორიცაა ფოტოსტიმულაცია (ეპილეფსიით დაავადებულთა 5%-ს[vi]გულყრა ფოტოსტიმულაციაზე მაგალითად, სინათლის ციმციმზე უვითარდება), ძილის რეჟიმის დარღვევა, თამბაქოს მეორადი კვამლის ზეგავლენა - თავიდან აცილება

3.   არჩევანის გაკეთება ცხოვრების ჯანსაღ წესზე - აღმოჩნდა, რომ ეპილეფსიური გულყრების რისკი მომატებულია აქტიურ მწეველებში, შესაბამისად, თამბაქოზე უარის თქმა ამცირებს ეპილეფსიის რისკს[vii]

ცოტა რამ ფსიქო-სოციალურ ფაქტორებზე

სამწუხაროდ, ეპილეფსია ერთ-ერთი ყველაზე  სტიგმატიზირებული სამედიცინო მდგომარეობაა. კრიმინალური ტენდენციები,  ფსიქიკური პრობლემები, „გადამდები“ - ეს იმ სტერეოტიპების მოკლე ჩამონათვალია, რომელიც ეპილეფსიასთანაა დაკავშირებული. ასე მაგალითად, მსგავსი არასწორი წარმოდგენები ხშირად თვითონ დაავადებულებსაც აქვთ. მაგ. ერთ-ერთი კვლევით აღმოჩნდა, რომ ეპილეფსიით დაავადებულთა 30% ეპილეფსიას ფსიქიკურ აშლილობად მიიჩნევს და ამასთანავე ფიქრობენ, რომ გადამდებია… [viii] [ix]

სტიგმა და სტერეოტიპები - ეს ის ფაქტორებია, რომლის შედეგადაც ეპილეფსიის მქონე ადამიანებს უჭირთ  საზოგადოების წევრებთან ურთიერთობა, სამსახურის შოვნა და/ან მისი შენარჩუნება, ექმნებათ პრობლემები სასწავლებლებში, ოჯახის შექმნაში[x]; იზღუდება მათი თავისუფლება (ამის მაგალითია თუნდაც ის, რომ ბევრ ქვეყანაში ეპილეფსიით დაავადებულებს ეკრძალებათ მანქანის მართვა. თუმცა, ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ უჩვენა, რომ ეპილეფსიურ გულყრებთან დაკავშირებულია ავარიების  მხოლოდ 0.2%, მაშინ როცა ალკოჰოლთან დაკავშირებულია ავარიების 31%)[xi]. შედეგად, დიაგნოზი „ეპილეფსია“ პაციენტებში იწვევს სირცხვილისა და დანაშაულის განცდას, დეპრესიას; შფოთვის გაძლიერებას წამლების მიღებისა და სხვების რეაქციებთან დაკავშირებით. ეს კი თავის მხრივ, უარყოფით გავლენას ახდენს მკურალობის დადებით შედეგებზე.

,,ღვთაებრივი დაავადება”, ,,ვარსკვლავთა დაავადება”, ,,მთვარის დაავადება”, „ჰერაკლეს დაავადება“;  „ბნედა“, „ავი ზნე“, „ეპილეფსია“ - ეს იმ დაავადების სახელია, რომელიც მსოფლიოში ყოველწლიურად აღინიშნება 9 თებერვალს და რომელიც დღეს  50 მილიონ ადამიანს აქვს.

ბლოგი მომზადებულია ნათია ქაქუთიას მიერ

ჯანმრთელობის ხელშეწყობის სამმართველო

გამოყენებული წყაროები:

 


[i] http://www.allcountries.org/health/epilepsy_aetiogy_epidemiology_and_prognosis.html

[ii] http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs999/en/

[iii] http://www.cdc.gov/epilepsy/basics/faq.htm#What is epilepsy? What is a seizure?

[iv] http://www.who.int/mental_health/media/en/639.pdf

[v] http://www.aans.org/Patient%20information/conditions%20and%20treatments/epilepsy.aspx

[vi] http://epilepsymatters.com/information-resources/epilepsy-faq/photosensitive-epilepsy/

[vii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/24441294

[viii][viii] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/3720715

[ix] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10840406

[x] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/10924867

[xi] http://www.ncbi.nlm.nih.gov/pubmed/15452290