Logo

რა არის ახალი კორონავირუსი? (COVID-19) რეკომენდაციები მშობლებისთვის, აღმზრდელებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის

title

COVID-19 კორონავირუსების ახალი შტამია, რომლის ადამიანთა შორის გავრცელება პირველად 2019 წელს ჩინეთში, ვუჰანის პროვინციაში დაფიქსირდა და დღეის მდგომარეობით ის მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი, მათ შორის ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოშიც. ჯანმრთელობის ექსპერტების შეშფოთებას იწვევს ახალი ვირუსის შესახებ მწირი ინფორმაცია და ის ფაქტი, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს მძიმე დაავადება და განვითარდეს პნევმონია. 


როგორ ვრცელდება COVID-19? ვირუსი ვრცელდება:

  • წვეთოვანი გზით - ხველით, ცემინებით; 

  • თვალზე, პირსა და ცხვირზე დაუბანელი ხელის შეხებით; 

  • დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით - შეხება, ხელის ჩამორთმევა; 

  • იშვიათ შემთხვევაში ფეკალიებთან კონტაქტით.


რა არის COVID-19-ისთვის დამახასიათებელი სიმტომები? 

  • COVID-19 სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნთქვის გაძნელება; თუმცა, შესაძლოა მიმდინარეობდეს უსიმპტომოდაც. 

  • ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია წარიმართოს უფრო მძიმედ და განვითარდეს პნევმონია ან სუნთქვის გაძნელება. 

  • არსებული ინფორმაციით, COVID-19 ინფიცირებულ პაციენტებში სიმპტომების გამოვლენა ხდება ვირუსთან ექსპოზიციის შემდგომ, 2-14 დღეში.


ვინ იმყოფება COVID-19-ით დაინფიცირების რისკის ქვეშ?

  • პირები, ვინც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ COVID-19-ის მაღალი გავრცელების არეალში;

  • პირები, ვინც ახლო კონტაქტში იმყოფებიან დაინფიცირებულ პირებთან.

  • არსებული ინფორმაციით მაღალი მაღალი რისკის ქვეშ არიან ხანდაზმული და თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგ. დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული დაავადებები და ა.შ) მქონე პირები. 

ავადებიან თუ არა COVID-19-ით ბავშვები?  

  • ვინაიდან ვირუსი ახალია, ჯერჯერობით არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რამდენად სახიფათოა ის ბავშვებისა თუ ორსულებისთვის. არსებული მონაცემებით, ვირუსით ავადდება ყველა ასაკის პირი, თუმცა ბავშვებში გავრცელება შედარებით დაბალია. დაავადების ფატალური გამოსავალი ბავშვებში ძალიან იშვიათია, უმეტესწილად აღინიშნება ხანდაზმულ და თანმხლები ქრონიკული დაავადებების (მაგ. დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა  და რესპირაციული დაავადებები და ა.შ) მქონე პირებში. 

  • როგორ  უნდა იმოქმედოთ, თუ ბავშვს აქვს COVID-19 მსგავსი სიმპტომები?

  • მიმართეთ სამედიცინო სამსახურს. თუმცა, გახსოვდეთ, ამჟამად გრიპის სეზონია და COVID-19  სიმპტომები, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა და ხველა ასევე ახასიათებს გრიპს ან უბრალო გაციებას, რომელიც გაცილებით მეტადაა გავრცელებული. 

დაიცავით ხელისა და რესპირაციული ჰიგიენის წესები, როგორიცაა ხელების რეგულარული დაბანა და დარწმუნდით, რომ ბავშვს ჩატარებული აქვს კალენდრით განსაზღვრული ყველა  აცრა - რათა ბავშვი დაცული იყოს სხვა ვირუსული და ბაქტერიული ინფექციებისაგან!

  • როგორც გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების შემთხვევაში,  თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გამოგივლინდათ სიმპტომები, დროულად მიმართეთ ექიმს, მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს (სამსახური, სკოლა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, და სხვ.), რათა არ გადასდოთ სხვას. 

უნდა გაუშვათ თუ არა ბავშვი ბაღში ან სკოლაში? 

  • თუ ბავშვს აქვს სიმპტომები, მიმართეთ ექიმს და მიჰყევით მის ინსტრუქციას. როგორც გრიპისა და სხვა რესპირაციული ინფექციების დროს, მოასვენეთ სიმპტომების მქონე ბავშვი სახლში და მოერიდეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს, რათა არ გადასდოს სხვას. 

  • ბავშვის სკოლაში და ბაღში სიარული მნიშვნელოვანია, თუ არ აღენიშნება არანაირი სიმპტომი, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა ან ხველა ან არ მიიღეთ ოფიციალური რეკომენდაცია, რომელიც ეხება თქვენი ბავშვის საგანმანათლებლო დაწესებულებას. 

  • ასწავლეთ ბავშვებს ხელებისა და რესპირაციული ჰიგიენის დაცვის წესები სააღმზრდელო დაწესებულებებში, სკოლებში და სხვა ადგილებში. 


არსებობს თუ არა COVID-19-ის საწინააღმდეგო მკურნალობა?

  • ამ ეტაპზე არ არსებობს სპეფიციკური სამკურნალო საშუალება, რომელიც რეკომენდებულია COVID-19-ის პრევენციისა და მკურნალობისათვის. თუმცა, ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებს მიეწოდებათ შესაბამისი სამედიცინო მომსახურება დაავადების სიმძიმის ხარისხის გათვალისწინებით. პრეპარატის შესაქმნელად მიმდინარეობს კვლევები.


არის თუ არა ანტიბიოტიკი COVID-19-ის პრევენციის და მკურნალობის საშუალება?  

  • არა, ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსებზე. ანტიბიოტიკი ანადგურებს ბაქტერიებს. შესაბამისად, ანტიბიოტიკი არ უნდა იყოს გამოყენებული მისი პრევენციის ან მკურნალობის მიზნით. ანტიბიოტიკის გამოყენება შესაძლოა საჭირო გახდეს  თანმხლები ბაქტერიული ინფექციის არსებობისას.  


როგორ შევამციროთ COVID-19-ით თქვენი და გარშემომყოფი ადამიანების 

დაინფიცირების რისკი? COVID-19-ისგან თავის დასაცავად საჭიროა დაცული იყოს გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების პრევენციის ზოგადი რეკომენდაციები: 


# 1. დაიბანეთ ხელები ხშირად - ხელების დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტის შემცველი ხსნარით, ანადგურებს ხელების ზედაპირზე არსებულ ვირუსებს.  


დაიბანეთ ხელები საპნითა და წლით არანაკლებ 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით 

  • საკვების მომზადებამდე და შემდეგ

  • კვების წინ და შემდეგ

  • ტუალეტით სარგებლობის შემდეგ 

  • ავადმყოფთან კონტაქტის წინ და შემდეგ და ა.შ.


# 2. დაიცავით სასუნთქი სისტემის ჰიგიენა:

  • ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი  

  • ცხვირსახოცი გამოყენებისთანავე დახურულ ურნაში გადააგდეთ და ხელები დაიბანეთ საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით.  

  • ავადმყოფობის დროს გამოიყენეთ სამედიცინო ნიღაბი და მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს

  • დაიცავით პრევენციული ღონისძიებები, რაც მოწოდებულია ჯანდაცვის პროფესიონალების მიერ


# 3. შეინარჩუნეთ უსაფრთხო დისტანცია

  • შინარჩუნეთ არანაკლებ 1 მეტრი მანძილი თქვენსა და  სხვა ადამიანებს შორის, განსაკუთრებით რესპირაციული სიმპტომების (ხველა, ცემინება, ცხელება) მქონე ადამიანებთან 

  • რესპირაციული ინფექციით, მათ შორის COVID-19 ინფექციით, ინფიცირებული ადამიანი ხველისა და ცემინების დროს ავრცელებს ვირუსის შემცველ წვეთებს. თუ თქვენ ამ დროს იმყოფებით ძალიან ახლო მანძილზე, შესაძლებელია ჩაისუნთქოთ ვირუსი


# 4.  არ შეეხოთ  დაბინძურებული ხელებით თვალებს, ცხვირსა და პირს -  ხელებით თქვენ ეხებით ისეთ ზედაპირებს, რომლებიც შესაძლებელია ვირუსით იყოს დაბინძურებული


# 5. მიიღეთ მხოლოდ თერმულად კარგად დამუშავებული და მოხარშული ხორცის და რძის პროდუქტები 


# 6. ხშირად გაანიავეთ და დაალაგეთ სველი წესით საცხოვრებელი და სამუშაო გარემო, დეზინფექცია ჩაუტარეთ ნივთებს და მათ ზედაპირებს. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რამდენ ხანს ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას ახალი კორონავირუსი ზედაპირებზე. თუმცა, არსებული ინფორმაციით, ეს პერიოდი რამდენიმე საათია. ამიტომ, მიზანშეწონილია საგნების ზედაპირების (მაგ. სამუშაო და საწერი მაგიდები, საგნების (მაგ. ტელეფონი, კლავიატურა) რეგულარულად დასუფთავება. მარტივ სადეზინფექციო საშულებებს შეუძლიათ ვირუსის განადგურება, რის შემდეგაც ადამიანების დაინფიცირება აღარ ხდება 


# 7. გადადეთ მოგზაურობა, თუ ამის აუცილებლობა არ არის. COVID-19-ის გავრცელებასთან დაკავშირებული სიტუაციის გამო, მოერიდეთ მოგზაურობას განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეყნებში (დღეის მდგომარეობით - ჩინეთი, სამხრეთ კორეა, ირანი, იტალია).


# 8. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს აღგენიშნებათ რესპირაციული სიმპტომები (სიცხე, ხველა და სუნთქვის გაძნელება), დროულად მიმართეთ ექიმს. დაუყონებლივ აცნობეთ სამედიცინო დაწესებულებას ან დაუკავშირდით 112-ს, თუ  იმოგზაურეთ იმ ქვეყნებში, სადაც გავრცელებულია COVID-19, ან კონტაქტში იმყოფებოდით პირთან, რომელმაც უახლოს პერიოდში იმოგზაურა მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში და აღენიშნებოდა რესპირაციული ინფექციებისათვის დამახასიათებელი სიმპტომები


დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:


1505 (24/7 განმავლობაში) - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან ეწვიოთ ვებ-გვერდს: moh.gov.ge; https://www.facebook.com/mohgovge/  


116001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00) - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ეწვიოთ ვებ-გვერდს: ncdc.ge;  https://www.facebook.com/ncdcgeorgia/


საქართველოს მთავრობის კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის ვებ-გვერდი: https://stopcov.ge/ 


დაიცავით თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობა! 


დაავადებათა კონტროლისა დასაზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი გისურვებთ ჯანმრთელობას!


9 მარტი, 2020 წ, 

თბილისი, საქართველო