Logo

2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე,2022

title 2 აპრილი

აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი

აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების

ნახატების გამოფენა

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა

26 მაისის საგამოფენო დარბაზი

 

2 აპრილს აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართება გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა მიერ შესრულებული ნახატები.

გამოფენა გაიხსნება შაბათს, 2 აპრილს, 14:0 საათზე  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 26 მაისის საგამოფენო დარბაზში. გახსნას დაესწრებიან დაავადებათა კოტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის წარმომადგენლები, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვები და მათი მშობლები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დაინტერესებული ადამიანები.

გამოფენა გაგრძელდება ერთი კვირა და ნებისმიერ მსურველს ექნება მისი დათვალიერების საშუალება.

ღონისძიების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის აუტიზმის თვითადვოკატირების ქსელის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.

 

 

2 აპრილი - აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე

2007 წლის 18 დეკემბერს მიღებული A/RES/62/139 რეზოლუციით, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. ინიციატივას ერთხმად შეუერთდა მსოფლიოს ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველო. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებული იყო აუტიზმის შემთხვევათა მაღალი მაჩვენებლებით, რის გამოც ეს პრობლემა შეფასდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ კრიზისად  და მნიშვნელოვან  გამოწვევად.

2022 წ აუტიზმის ცნობადობის ამაღლების  მსოფლიო დღის  მთავარი თემაა:

„ხარისხიანი ინკლუზიური განათლება ყველას“

რაც თანხვედრაშია მდგრადი განვითარების მე-4 მიზანთან (ხარისხიანი განათლება)[i]

გასული ათწლეულის განმავლობაში, გლობალურად, მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, მათ შორის აუტიზმის მქონე პირებისთვის.

თუმცა, 2020 წელს, როდესაც COVID-19 პანდემია მთელ მსოფლიოში გავრცელდა, ქვეყნების უმრავლესობამ დროებით დახურა სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა მოსწავლეებისა და სტუდენტების 90%-ზე მეტი. პანდემიით გამოწვეულმა სწავლის პროცესის შეფერხებამ საგრძნობლად შეცვალა წლების მანძილზე მიღწეული პროგრესი და გააღრმავა უთანასწორობა განათლების სფეროში.

განსაკუთრებით მძიმედ დაზარალდა აუტიზმით დაავადებული მოსწავლეები და სტუდენტები. კვლევებმა აჩვენა, რომ მათზე არაპროპორციულად იმოქმედა დღის განრიგის, ასევე მთელი რიგი სერვისებისა და მხარდაჭერის, რომელსაც ისინი ეყრდნობოდნენ, შეცვლამ.

2015 წელს, გაეროში, მსოფლიო ლიდერების მიერ მიღებული მდგრადი განვითარების (მგმ) მიზანი 17  წარმოადგენს მსოფლიოს წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევებზე, მათ შორის უთანასწორობაზე, რეაგირების გეგმას.

მდგრადი განვითარების მიზანი 4 ფოკუსირებულია ყველასთვის ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ხელშეწყობაზე, როგორც სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და უთანასწორობის შემცირების საფუძველი. ინკლუზიური განათლება მნიშვნელოვანი ასპექტია მდგრადი განვითარების მიზნის მისაღწევად: „არავინ დავტოვოთ ყურადღების მიღმა“  

მგმ 4-ის კონკრეტული მიზნები ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის „თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა დონის განათლებასა და პროფესიულ მომზადებაში“ და საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობას და მოდერნიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესთა გათვალისწინებით და „ყველა მათგანისთვის ინკლუზიური და ეფექტური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფით“.

ამ თვალსაზრისით, მდგრადი განვითარების მიზნები ეხმიანება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციას. კონვენციის 24-ე მუხლი აღიარებს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ისევე როგორც ყველას, უფლება აქვთ მიიღონ ინკლუზიური, ხარისხიანი განათლება, რათა დაკმაყოფილდეს მათი ინდივიდუალური მოთხოვნები.

2022 წლის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის კამპანია ეძღვნება ინკლუზიურ განათლებას მგმ 4-ის კონტექსტში. ამ დღეს გაიმართება ვირტუალური ღონისძიებები, რაც გულისხმობს ექსპერტების და პედაგოგების მიერ მოდერირებული  დისკუსიებისა და მოკლე პრეზენტაციების გამართვას.

აუტიზმის  სპექტრის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ინკლუზიური ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა მათ შეძლონ თავიანთი პოტენციალის რეალიზება და წარმატების მიღწევა.

2022 წლის აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღის ადვოკატირების ძირითადი პრიორიტეტებია[ii]:

·         აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე პირების მიმართ მიმღებლობის და ცნობადობის გაზრდა გლობალურ დონეზე;

·         აუტიზმის კვლევების გაფართოებისა და დაფინანსების გაზრდა და ხელშეწყობა;

·         ბავშვთა ადრეული სკრინინგის და დროული ინტერვენციების გაძლიერება;

·         აუტიზმით მცხოვრები ზრდასრული ადამიანების მხარდაჭერა მათთვის განათლების შემდგომი და დასაქმების შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობით;

·         სანდო ინფორმაციასა და საჭირო სამედიცინო, სათემო თუ საოჯახო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა მთელი ცხოვრების მანძილზე;

 

რა არის აუტიზმი[iii]:

აუტიზმი წარმოადგენს განვითარების სპექტრულ აშლილობას და შეიძლება გამოიხატოს სხვადასხვა სიმპტომის სახით. აუტიზმი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და ხელს უშლის მას ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარებაში, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებში. აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში, თუმცა, შესაძლებელია გარემოს ცვლილების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში შეყვანისას გახდეს თვალსაჩინო. ზრუნვის პროცესში ძალზედ მნიშვნელოვანია ოჯახის წევრთა და გარშემომყოფთა ჩართულობა. აუცილებელია სტრესის გამომწვევი, ან პირიქით, დამამშვიდებელი ფაქტორების გამოვლენა, ასევე სწავლისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა. დროული კვების, ძილის, თამაშის, სწავლის, გარშემომყოფებთან ურთიერთობის ყოველდღიური რეჟიმი ხელს უწყობს სტრესის თავიდან აცილებას.

აუტიზმის სპექტრის აშლილობებს მიეკუთვნება 4 დიაგნოსტიკური კატეგორია: ბავშვთა აუტიზმი, ატიპური აუტიზმი, ასპერგერის სინდრომი და განვითარების ზოგადი აშლილობა, დაუზუსტებელი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მომსახურებას საკვანძო როლი აუტიზმის დროულ დიაგნოსტიკასა და მართვაშია, აუცილებელია ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და საგანმანათლებლო სერვისებს შორის მჭიდრო კოორდინაცია.[iv]

ძირითადი ფაქტები[v]:

·         ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით 100-დან 1 ბავშვს აუტიზმი აქვს.

·         აუტიზმის მქონე ადამიანების საჭიროებები და შესაძლებლობები განსხვავდება ერთმანეთისაგან - ზოგიერთ მათგანს შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება, მაშინ, როცა სხვები, მძიმე შეზღუდული შესაძლებობებით, მთელი ცხოვრების მანძილზე საჭიროებენ მზრუნველობას.

·         მტკიცებულებებზე დაფუძნებული ფსიქოსოციალური სერვისები და ინტერვენციები მნიშვნელოვნად პოზიტიურ როლს ასრულებენ აუტიზმის მქონე პირების კომუნიკაციისა და სოციალური უნარების განვითარებაში, რაც თავის მხრივ, გავლენას ახდენს აუტიზმის მქონე პირების და მათი ოჯახის წევრების/მომვლელების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.

·         აუტიზმის მქონე პირების სამედიცინო მოვლასთან ერთად მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ  და სოციალურ დონეებზე ინტერვენციების გაძლიერება ხელმისაწვდომობის, ინკლუზიის და მხარდაჭერის გაუმჯობესებისათვის.

 

[i] https://www.un.org/en/observances/autism-day

[ii] https://www.autismspeaks.org/advocacy-priorities

[iii] www.ncdc.ge

[iv] https://www.moh.gov.ge/uploads/guidelines/2018/03/13/c818447a62dfa9a783f07913bac8677a.pdf

 

[v] www.who.int