Logo

ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები

title

ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები

ფსიქიკური და ქცევითი დარღვევები

ფსიქიკური ჯანმრთელობა ზოგადად, ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია, აქედან გამომდინარე, წარმოუდგენელია ჯანმრთელობა გონებრივი სიჯანსაღის გარეშე. ფსიქიკური ჯანმრთელობა  უფრო მეტია, ვიდრე ფსიქიკური მოშლილობების არ არსებობა. ფსიქიკური ჯანმრთელობა განისაზღვრება მთელი რიგი სოციალ–ეკონომიკური, ბიოლოგიური და გარემო ფაქტორებით. ფსიქიკური ჯანმრთელობა განიხილება როგორც ჯანმრთელობის აუცილებელი კომპონენტი.

ფსიქიკური ჯანმრთელობის დეტერმინანტები

მრავალრიცხოვანი სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორები განსაზღვრავენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ხარისხს დროის სხვადასხვა მონაკვეთში. მაგალითად, პერმანენტული სოციო–ეკონომიკური წინააღმდეგობები, არის საფუძველი ფსიქიკური ჯანმრთელობის რისკებისა ინდივიდუალურ და თემის დონეზე. დაბალი ფსიქიკური ჯანმრთელობა ასოცირებულია სიღარიბესა და დაბალი განათლების ფაქტორებთან, სტრესულ სამუშაო გარემოსა და ასევე სომატურ დაავადებებთან, ძალადობასა და არაჯანსაღ ქცევებთან.

ასევე განიხილება სპეციფიკური ფსიქოლოგიური და პერსონალური ფაქტორები, როგორც განმაპირობებელი ინდივიდის მზაობისა ფსიქიკური დარღვევების განვითარების მხრივ და ბოლოს, გათვალისწინებულ უნდა იქნას ზოგიერთი ბიოლოგიური მიზეზი, როგორიცაა გენეტიკური დატვირთულობა, ტვინის ცვლითი პროცესების დარღვევა, დისბალანსი.

ფაქტორები, რომლებიც იწვევენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ხანდაზმულებში

მრავალი სოციალური, დემოგრაფიული, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორი განსაზღვრავს ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობას.  თითქმის ყველა ეს ფაქტორი უფრო აქტუალური ხდება ხანდაზმულობის პერიოდში. სიღარიბე, სოციალური იზოლაცია, ფიზიკური უუნარობის ან მატერიალური მიზეზების გამო გამოწვეული დამოუკიდებლობის დაკარგვა, მარტოობა გავლენას ახდენს ადამიანის როგორც ზოგად ჯანმრთელობაზე, ასევე ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ხოლო სოციალური მხარდაჭერა და ოჯახური ურთიერთობები ხანდაზმული ადამიანისათვის დამცავი ფაქტორია ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნების თვალსაზრისით.

დემენცია

დემენცია ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებაა, რომელიც იწვევს მეხსიერების, აზროვნების, ორიენტაციის გაუარესებას, ქცევის შეცვლასა და ქმედუნარიანობის დაქვეითებას ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს დაავადება ძირითადად ხანდაზმულ ადამიანებს ემართებათ. მას ხშირად წინ უსწრებს ემოციური გაუწონასწორებლობა, სოციალური ქცევის შეცვლა და მოტივაციის დაქვეითება.

დემენცია ინვალიდობის გამომწვევი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია მსოფლიოს მასშტაბით. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 35.6 მილიონი ადამიანი  დემენციით დაავადებულია და მათი რიცხვი ყოველწლიურად 7.7 მილიონით იზრდება. ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის დემენციით დაავადებული ადამიანების რიცხვი გაიზრდება 65.7 მილიონამდე, ხოლო 2050 წლისთვის-115.4 მილიონამდე.

დემენცია უდიდეს პრობლემას წარმოადგენს არამარტო დაავადებული ადამიანისთვის, არამედ მისი ოჯახის წევრებისთვისაც, სოციალური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური თვალსაზრისით. დაავადების შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა იწვევს ავადმყოფის სტიგმატიზაციას და იქმნება ბარიერები დაავადების დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.

ნიშნები და სიმპტომები

საწყისი სტადია:

  • გულმავიწყობა
  • დროის შეგრძნების დაკარგვა
  • ორიენტაციის დაკარგვა ნაცნობ ადგილებში

დაავადების ადრეული გამოვლენა (ადრეული ვიზიტი ექიმთან) მისი პროგნოზის განმსაზღვრელია.

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა და პრევენცია

ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობა მოიცავს საცხოვრებელი და გარემო პირობების ადაპტაციას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას.

ხელშეწყობა დაკავშირებულია ინტერსექტორალურ აქტივობებთან, როგორიცაა:

  • ადრეული ბავშვობის პერიოდის ინტერვენციები (ორსული ქალების ბინაზე მონახულება, სკოლამდელი ფსიქო–სოციალური აქტივობები, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პოპულაციის მხარდაჭერა და ა.შ.)
  • მოზარდების მხარდაჭერა (უნარ–ჩვევების პროგრამების დანერგვა)
  • ქალების, ხამდაზმული პირების, საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების (ლტოლვილები, ეთნიკური უმცირესობები, კონფლიქტური ზონის მაცხოვრებლები და ა.შ.) მხარდაჭერა.

საზოგადოებრივი აქტივობა – სოციალური მობილიზაცია და ადვოკატირება, განსაკუთრებით აქტუალურია ფსიქიკური დარღვევების მქონე პირების შემთხვევაში. აღნიშნულ ნოზოლოგიათა კატეგორიისათვის უმნიშვნელოვანესია ოჯახური, სოციალური მხარდაჭერა. 2008 წელს ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის კოალიციის მიერ ვაშინგტონში მიღებულ რეგულაციებში „Bill of Rigths for Children’s Mental Health Disorders and their Families“, ხაზგასმულია ოჯახის ერთგვარი ვალდებულება, ჩართული იყოს მკურნალობის დაგეგმვის, შეფასების, იმპლემენტაციისა და მონიტორირებისას, გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და აქედან გამომდინარე მისი განსაკუთრებული როლი, ამ კონტიგენტის ზრუნვის კონტინიუმში. ძირითადი პრობლემა ამ მხრივ, ინფორმაციული ასიმეტრიულობა და კომუნიკაციის დეფიციტია.

სახელმწიფოს ძალისხმევის მხრივ, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა არა მარტო ამ დარღვევათა პრევენცია, არამედ უკვე არსებული მოშლილობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინება:

  • ეპილეფსიის მკურნალობა ანტიეპილეფსიური მედიკამენტებით
  • დეპრესიის მკურნალობა ანტიდეპრესანტებით და ფსიქოთერაპიული მეთოდებით
  • ფსიქოზების მედიკამენტური მკურნალობა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა
  • ალკოჰოლური სასმელების დაბეგვრის, ხელმისაწვდომობისა და მარკეტინგის რეგულაციები.

ჯანსაღი ცხოვრების წესი –სრულყოფილი ფსიქიკური ჯანმრთელობის გარანტიაა

http://www.wfmh.org/2013DOCS/WMHDay%202013%20final%20doc2.pdf