title
კლიმატის ცვლილება და ჯანმრთელობა
რას წარმოადგენს კლიმატის ცვლილება?
კლიმატის ცვლილების ფენომენი ცნობილი გახდა XX საუკუნის 70-იანი წლებიდან, როცა აღინიშნა მსოფლიო საშუალო წლიური ტემპერატურის მკვეთრი ზრდის ტენდენცია და გახშირებული კლიმატური კატასტროფები. დღეისათვის, უკვე მეცნიერულად დადასტურებულია, რომ კლიმატის ცვლილებას პლანეტის მასშტაბით ნამდვილად აქვს ადგილი.
- უკანასკნელი 100 წლის განმავლობაში ჩვენი სამყარო 0.750C-ით გათბა. 1850 წლიდან მოყოლებული ყოველი სამი ათეული წელი წინა სამ ათეულ წელთან შედარებით უფრო მეტად თბილი იყო.
- კლიმატური ცვლილებები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჯანმრთელობის, სოციალურ და გარემო ფაქტორებზე, როგორიცაა: სუფთა ჰაერი, უსაფრთხო სასმელი წყალი, საკმარისი საკვები და უსაფრთხო საცხოვრებელი.
კაცობრიობის ისტორიაში დაფიქსირებული კლიმატის გლობალური ცვლილების ყველა პერიოდისაგან განსხვავებით თანამედროვე ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საწარმოო საქმიანობით და დაკავშირებულია ინტენსიურ ინდუსტრიალიზაციასთან.
ადამიანის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე
ანთროპოგენული ფაქტორები მოიცავს ადამიანის საქმიანობას, რომელიც თავისი მოქმედებით ცვლის გარემოს. ყველაზე მნიშვნელოვანი ანთროპოგენულ ფაქტორებს შორის არის გაზრდილი ნახშირორჟანგის რაოდენობა ატმოსფეროში ბუნებრივი საწვავის, ოზონის ხვრელის, აგროკულტურის, ტყეების გაჩეხვის ხარჯზე. თითოეული მათგანი ცალ-ცალკე და მთლიანობაში მონაწილეობს გლობალური კლიმატის ჩამოყალიბებაში და, ცხადია, თითოეული მათგანის ცვლილება ადრე თუ გვიან გავლენას ახდენს კლიმატზე.
რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ადამიანის ჯანმრთელობაზე?
კლიმატის ცვლილება მკვეთრად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. აქ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის შეგუება კლიმატის ცვლილებასთან. ხშირ შემთხვევებში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ რთულად მიმდინარეობს. კლიმატის ცვლილების გამო იზრდება დაავადებათა გავრცელების გეოგრაფიული არეალი.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მონაცემებით ადამიანის ჯანმრთელობაზე განსაკუთრებულ გავლენას კლიმატის ცვლილების სამი ძირითადი დამახასიათებელი მოვლენა ახდენს, რომელთა შორისაა: თბური ტალღები, ბუნებრივი კატასტროფები და შეცვლილი ინფექციური ფონი.
ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე - იწვევს არა მხოლოდ გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას და, ასევე, უკვე არსებული პათოლოგიების გამწვავებას, არამედ, შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. ასე მაგალითად, 2003 წელს ევროპაში თბური ტალღების მიზეზით 70 000 ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტთა მოსაზრებით, მაღალი ატმოსფერული ტემპერატურა ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის მუშაობაზე, განსაკუთრებით მოხუცებსა და ქრონიკულად ავადმყოფ პირებში.
გარდა პირდაპირი გავლენისა, ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა ირიბადაც მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე: მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის პირობებში იცვლება მიწისპირა ოზონის და ჰაერის სხვა დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაცია, რაც გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებათა განვითარებას უწყობს ხელს.
თბური ტალღების განმეორებადობაზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესაფასებლად, რომელიც განხორციელდა საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პროექტის „კლიმატის ფორუმი-აღმოსავლეთი“, გამოთვლილ იქნა თბური ინდექსის მნიშვნელობები. ქვემოთ მოყვანილ ცხრილებში მოცემულია თბური ინდექსის მაჩვენებლის ცვლილება ორი პერიოდის (პირველი პერიოდი - 1961-1985 წწ. და მეორე პერიოდი - 1986-2010 წწ.) მიხედვით.
ცხრილი 1. თბური ინდექსით გამოთვლილი სახიფათო დღეების რაოდენობა და საშუალო მნიშვნელობა, აწმყო
თბური ინდექსი, დღეების რაოდენობა
ცხრილში 2. არის მოცემული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ თბური ინდექსის მნიშვნელობები, რომლებიც სხვადასხვა დონის რისკს წარმოადგენენ.
კლიმატის ცვლილების მიზეზით ბუნებრივი კატასტროფების რიცხვი გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან მოყოლებული გასამმაგდა. შესაბამისად, გაიზარდა ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზარალი: დაშავებულ და გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი, ასევე იმ დაავადებათა სიხშირე, რომლებიც ბუნების ექსტრემალური მოვლენების ზემოქმედებით ჩნდება. ასე მაგალითად, წყალდიდობის შედეგად ზიანდება კანალიზაციის მილები, რაც სანიტარიული სისტემის მოშლას და ინფექციურ დაავადებათა აფეთქებას იწვევს.
ბუნებრივი კატასტროფების გახშირება ადგილნაცვალ პირთა - ეკო-მიგრანტთა რიცხვის გაზრდასაც იწვევს, რაც ქვეყნისთვის მძიმე სოციალურ ტვირთს წარმოადგენს.
კლიმატის ცვლილება ასევე მოიაზრება ინფექციური პათოლოგიების, განსაკუთრებით წყლისმიერი და ტრანსმისიული ინფექციების, გახშირების ხელშემწყობ ფაქტორად. ჰაერის ტემპერატურა და ტენიანობა დიდ გავლენას ახდენს ინფექციის, მაგალითად, მალარიის გადამტანი მწერის სასიცოცხლო ციკლზე. თუკი მწერის არსებობისთვის ხელსაყრელი კლიმატი ჩამოყალიბდა (მაღალი ტემპერატურა და ტენიანობა), ინფექციური პათოლოგია იოლად ვრცელდება.
ვარაუდობენ, რომ ტემპერატურის მატებასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზრდება ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა: მალარია, ნილოსის ცხელება, ვირუსული ჰემორაგიული ინფექციები; ადგილი ექნება ისეთი ქრონიკული დაავადებების ზრდასაც, როგორიცაა ასთმა, გულსისხლძარღვთა დაავადებები და სხვ.
კლიმატური პირობები დიდ გავლენას ახდენს წყლისმიერი დაავადებებისა და მწერებით, მოლუსკებისა და სხვა ცივსისხლიანი ცხოველების საშუალებით გადაცემად დაავადებებზე; კლიმატის ცვლილებებმა შესაძლოა გაახანგრძლივოს ტრანსმისიული დაავადებების სეზონი და/ან შეცვალოს ამ დააავდებების გეოგრაფიული არეალი.
მალარია მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული კლიმატზე. კოღო Anohpeles-ით გადაცემული მალარია ყოველწლიურად 800 000 ადამიანის სიცოცხლეს იწირავს; ძირითადად, აფრიკის ქვეყნებში, 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. Aedes-ით გავრცელებადი დენგეს ცხელებაც ძალზე მგრძნობიარეა კლიმატური პირობებისადმი; ეპიდკვლევები მიუთითებენ, რომ 2080 წლისათვის კლიმატური ცვლილებების გამო მსოფლიოში დამატებით 2 მილიარდი ადამიანი იქნება დენგეს ცხელებით ინფიცირების რისკის ქვეშ.
ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურა უშუალოდ ზრდის გულ-სისხლძარღვთა და რესპირატორული დაავადებებით გამოწვეულ სიკვდილიანობას, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებში. ზაფხულის თბური ტალღების პერიოდში, ევროპაში მხოლოდ 2003 წელს 70 000-ზე მეტი სიკვდილის შემთხვევა აღირიცხა. ზღვის დონის მატება და ექსტრემალური ამინდით გამოწვეული კატასტროფები დააზიანებს მოსახლეობის საცხოვრებლებს, სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა აუცილებელ სამსახურებს. ცნობილია, რომ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარზე მეტი ზღვის დონიდან 60 კილომეტრზე მაღალ ადგილებში ცხოვრობს.
მიუხედავად იმისა რომ გლობალურმა დათბობამ შეიძლება გარკვეულწილად სოციალური სარგებელიც კი მოიტანოს, მაგ: შეამციროს სიკვდილის შემთხვევები ზამთრის პერიოდში და გაზარდოს საკვების პროდუქტიულობა გარკვეულ ტერიტორიებზე; საერთო ჯამში ჯანმრთელობაზე გამოვლენა უარყოფითი იქნება.
მნიშვნელოვანი ფაქტები
- მოსალოდნელია, რომ 2030 და 2050 წლებში კლიმატური ცვლილებები ყოველწლიურად დამატებით, დაახლოებით, 250 000 სიკვდილის შემთხვევას გამოიწვევენ არასათანადო კვების, მალარიის, დიარეითა და ცხელებით მიმდინარე დაავადებების გამო;
- 2030 წლისათვის ჯანმრთელობაზე მიყენებული პირდაპირი ზარალი (იმ ხარჯების გამოკლებით, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ისეთ სექტორებზე მოდის, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, წყალი და სანიტარია) 2-4 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული;
- ჯანმრთელობის სუსტი ინფრასტრუქტურის მქონე ტერიოტორიები, უმეტესად განვითარებად ქვეყნებში, ყველაზე რთულად გაუმკლავდებიან წარმოქმნილ სიძნელეებს შესაბამისი დახმარების მიღების გარეშე;
- კლიმატის ცვლილება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზული გამოწვევაა, რომელიც აქტიურ ქმედებებს მოითხოვს.
როგორ ხდება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება?
კლიმატური ცვლილებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება შესაძლოა მხოლოდ მიახლოებითი იყოს. მიუხედავად ამისა, ჯანმო აცხადებს, რომ კლიმატური ცვლილებები 250 000-ით მეტ სიკვდილის შემთხვევას გამოიწვევს ყოველწლიურად 2030-2050 წლებში. აქედან 38 000 ხანდაზმულ პირებში დაფიქსირდება თბურ ტალღების ექსპოზიაციის გამო, 48 000 - დიარეის და 60 000 - მალარიის გამო; 95 000 სიკვდილის შემთხვევა ახალშობილებშია მოსალოდნელი საკვების ნაკლებობის გამო. კლიმატის ცვლილებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შედეგების გამოვლენა და რაოდენობრივი შეფასება აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ეროვნული და საერთაშორისო პოლიტიკის შესამუშავებლად. ამ სახის ღონისძიებებში შედის სათბური გაზის ემისიების ზემოქმედების შერბილება. კლიმატის ცვლილებების ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასება უნდა განხორციელდეს ეროვნულ დონეზე. მთავრობები პასუხისმგებლობას იღებენ უპასუხონ ახალ გამოწვევებს და შეაფასონ ჯანმრთელობის რისკები, რაც გლობალური კლიმატის ცვლილებების გამო შეიქმნა.
კლიმატის ცვლილებები და ადამიანის ჯანმრთელობის რისკები და მათზე რეაგირება
მსოფლიოს მთელი მოსახლეობა იქნება რისკის ქვეშ კლიმატური ცვლილებების გამო. კლიმატის ცვლილებისადმი განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფები არიან: ბავშვები, მოხუცები და ქრონიკულად ავადმყოფი პირები.
რისკის ჯგუფების გამოსაყოფად მხედველობაშია მისაღები შემდეგი ფაქტორები:
- ინდივიდუალური რისკის ფაქტორები (ასაკი, სქესი, არსებული დაავადებები, მედიკამენტების მიღება, ჭარბი წონა, დეჰიდრატაციის დონე, ორსულობა)
- საცხოვრებელი გარემო (საცხოვრებელი პირობები, ურბანული „გავარვარებული კუნძულის“ ეფექტი, გაგრილების შეუძლებლობა, ჰაერის დაბინძურება, მავნე სამუშაო გარემო და პირობები)
- სოციალური რისკის ფაქტორები (მარტოხელობა, ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობის არ არსებობა, სასწრაფო დახმარების სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის არ არსებობა).
განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ბავშვები, რომლებიც ღარიბ ქვეყნებში ცხოვრობენ. ისინი მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან. როგორც უკვე აღინიშნა, ხანდაზმული პირებზე მძიმედ აისახება კლიმატური ცვლილებები, ეს უფრო მეტად გასათვალისწინებელია იმ პირებში, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აწუხებთ.
თბური ტალღების დროს ღია სივრცეში მომუშავეთა ჯანმრთელობის დაცვისთვის პროფესიული ჯანმრთელობის სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს:
- გარე სამუშაო ადგილები: ინჟინრები, ფერმერები, მებაღეები, საველე მუშაკები, გამყიდველები ღია ბაზრებში, მეხანძრეები, პოლიციელები, ჯარისკაცები და ა.შ.
- შიდა სამუშაო ადგილები: ყველა სამუშაო ადგილი, რომელიც არ არის კონდიცირებული და სადაც მაღალია ტემპერატურა.
კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირების პოლიტიკა
ჯანმო-ს სამოქმედო გეგმა
2008 წელს ჯანმოს 61-ე ასამბლეაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილებების მავნე ზემოქმედებისაგან მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემუშავებულიყო და განხორციელებულიყო სამოქმედო გეგმა ჯანმოს წევრი ქვეყნებისთვის.სამუშაო გეგმა 4 მთავარ პრიორიტეტულ მიმართულებას გამოყოფს:
- ჯანმრთელობის სისტემების ხელშეწყობა ყველა ქვეყანაში; განსაკუთრებით დაბალ- და საშუალოშემოსავლების ქვეყნებში, რათა გაძლიერდეს და გაიზარდოს მათი შესაძლებლობა ჯანმრთელობის მოწყვლადობის შეფასებისა და მონიტორინგისათვის
- განისაზღვროს კლიმატის ცვლილებებით განპირობებული რისკები და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება
- ადამიანის ჯანმრთელობის დასაცავად, პირველ რიგში, მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისათვის შესაბამისი სტრატეგიებისა და მოქმედებების შემუშავება და დანერგვა
- ცოდნისა და კარგი პრაქტიკის განვრცობა და გაზიარება
2009 წელს ჯანმომ ხელი მოაწერა კლიმატური ცვლილებებისა და ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმას, რომელიც მოიცავს:
ადვოკატირება - მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელობის ამ სერიოზული საფრთხის მიმართ;
1. პარტნიორობა - გაერთიანებული ერების სისტემის ფარგლებში პარტნიორი სამსახურების კოორდინირებული მუშაობა და იმის უზრუნველყოფა, რომ ჯანმრთელობის საკითხები ჯეროვნად იყოს ასახული დღის წესრიგში;
2. მეცნიერების მიღწევები და ფაქტები - სამეცნიერო მტკიცებულებების გადახედვის კოორდინაცია;
3. ჯანდაცვის სისტემების გაძლიერება, რათა დაეხმარონ ქვეყნებს შეაფასონ და შეამცირონ მოწყვლადობა.
როგორ ვიმოქმედოთ?
ყველაზე ეფექტური ქმედებებია
- ნავთობპროდუქტების, ბუნებრივი აირისა და ენერგიის მოხმარების შემცირება, რათა მინიმუმამდე დავიდეს ნახშირორჟანგის გამოყოფა;
- მანქანებით ნაკლებად სარგებლობა;
- ძველი ტექნიკის ახალით ჩანაცვლება.
სასარგებლო ქმედებები
- ხეების დარგვა;
- გარემოს დასუფთავება;
- თუ ამას გაითვალისწინებს მოსახლეობის საშუალო რაოდენობა, ნახშირორჟანგის გამოყოფა შემცირდება 3%-ით.
რა მდგომარეობაა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით საქართველოში?
საქართველოში კლიმატის ცვლილების ნიშნები მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან შეიმჩნევა. სურათი განსხვავებულია ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში. გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციის მიერ საქართველოსათვის მოწოდებულ მეორე ეროვნულ შეტყობინებაში კლიმატურ პარამეტრებში ცვლილებების ტენდენციები მოცემულია ორ პერიოდში - 1955-1970 და 1990-2005 წლებში. დასავლეთ საქართველოში პირველიდან მეორე პერიოდამდე საშუალო ტემპერატურამ მოიმატა 0,20C-ით, ხოლო ნალექთა წლიური ჯამი შემცირდა 27 მმ-ით; აღმოსავლეთ საქართველოში საშუალო წლიური ტემპერატურა გაიზარდა 0,30C-ით, ხოლო ნალექთა წლიური ჯამი გაიზარდა 41 მმ-ით.
გარდა იმისა, რომ თბილისში აღინიშნება აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელი კლიმატის ცვლილების ზოგადი ტენდენცია, დედაქალაქში განსაკუთრებით მწვავედ აისახება კლიმატის ცვლილების შედეგები, რაც გამოწვეულია ურბანიზაციით, თბური ტალღებისგან გამოწვეული „კუნძულის ეფექტით“ (მაღალი ტემპერატურის პირობებში ასფალტის, შენობების მიერ ხდება სითბოს შთანთქმა, რაც ქალაქის „გავარვარებას“ და სითბოს შენარჩუნებას იწვევს მზის ჩასვლის შემდეგაც).
აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილება ჯერ-ჯერობით არ ვლინდება წყლისმიერი და ტრანსმისიული ინფექციების დინამიკაში. უკანასკნელ პერიოდში ადგილი აქვს შემთხვევების კლებას მალარიის, ლეიშმანიოზის, ყირიმ-კონგოს ცხელებისა და სხვა მწერებით გავრცელებადი დაავადებების მხრივ.
საქართველოს წითელმა ჯვარმა 2012-2013 წწ. ჩაატარა პილოტური კვლევა თბურ ტალღებზე, რის საფუძველზეც ამჟამად მიმდინარეობს თბური ტალღების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშვება. პროცესში ჩართულია სხვადასხვა უწყება.
http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs266/en/
http://www.euro.who.int/en/health-topics/environment-and-health/Climate-change
http://www.modernpublishing.ge/view_post.php?id=7&pub=15&year=2010
http://www.who.int/globalchange/publications/key_messages/en/
http://www.who.int/globalchange/publications/key_messages/general_public/en/
WHO Global Health Risks
http://www.who.int/mediacentre/news/releases/2014/climate-health-risks-action/en/