title
ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღინიშნება ყოველი წლის 1-7 აგვისტოს. მსოფლიოს 170-ზე მეტი ქვეყანა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ 1990 წლის აგვისტოში მიღებული დეკლარაციით, მხარს უჭერს და აძლიერებს ძუძუთი კვების სტრატეგიას, ბავშვთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით. ადეკვატური ძუძუთი კვება ჩვილის სიცოცხლის გადარჩენის უნიკალური საშუალებაა.
2012 წელს ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულის #WBW2021 კამპანია ამახვილებს ყურადღებას, ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ექსკლუზიური ძუძუთი კვება ხელსუწყობს ჯანმრთელი თაობების აღზრდას, მათ განვითარებასა და კეთილდღეობას.
წლევანდელი კვირეულის თემას წარმოადგენს: გადარჩენა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
გადარჩენა: ექსკლუზიური ძუძუთი კვება მნიშვნელოვნად ხელსუწყობს ახალშობილთა, ჩვილთა და ბავშვთა სიცოცხლის შენარჩუნებას.
ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: ექსკლუზიური ძუძუთი კვება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ახალშობილთა, ჩვილთა, ბავშვთა და დედათა ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გრძელვადიან და მოკლევადიან პერსპექტივაში.
COVID-19-ის პანდემიამ ძუძუთი კვებაზე მოახდინა, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა. იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფოების უმეტესობა მკაცრი იზოლაციის რეჟიმზე გადავიდა და მოძრაობაზე შეზღუდვები დაწესდა, მშობლებს ჰქონდათ დრო ყოფილიყვნენ სახლში და ყურადღება გაემახვილებინათ საკუთარი შვილების მოვლასა და აღზრდაზე. მეორე მხრივ, ზოგიერთ ქვეყანაში დედებისა და ჩვილების განცალკევება ხდება კორონავირუსის გადაცემის რისკის გამო. ჯანმო-ს რეკომენდაციით, დედები და ჩვილები ერთად უნდა იყვნენ, რადგან ძუძუთი კვება არა მხოლოდ უსაფრთხოა, არამედ ამცირებს ახალშობილთა სიკვდილიანობას. 2021 წლის სამოქმედო გეგმაში განხილულია ძუძუთი კვების დაცვისა და მხარდაჭერის პრობლემები სხვადასხვა დონეზე: ეროვნულ, საზოგადოებრივ, ჯანდაცვის სისტემის დონეზე და სამუშაო ადგილების დონეზე. გეგმაში ასევე წარმოდგენილია თითოეულ დონეზე არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები და კონკრეტული ზომები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ძუძუთი კვების დაცვისა და მხარდაჭერისთვის.
2021 წლის ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეულის მიზნებია:
· საზოგადოების ინფორმირება ექსკლუზიური ძუძუთი კვების მნიშვნელობის თაობაზე
· ექსკლუზიური ძუძუთი კვების როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის უმნიშვნელოვანესი ამოცანის მხარდაჭერა
· საზოგადოების და ორგანიზაციების უფრო მეტი ჩართულობა ექსკლუზიური ძუძუთი კვების ხელშეწყობის პროცესში
მთელ მსოფლიოში ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ირჩევს ახალშობილების ძუძუთი კვებას. თუმცა არსებობს დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ძუძუთი კვების ხელშემწყობი გარემოებების შექმნას. ძირითად მიზეზს წარმოადგენს პოლიტიკური ნების ნაკლებობა, წაახალისოს ძუძუთი კვება. ასევე ბარიერს წარმოადგენს ინტერსექტორული კოორდინაციის არარსებობა, ბავშვებისადმი კეთილგანწყობილი სამედიცინო სერვისების (BFHI) არარსებობა. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს ემატება COVID-19 პანდემიის და სხვა კრიზისების შედეგები. ბევრ დედას სურს ჩვილის ძუძუთი კვება, თუმცა ამისთვის ხელსაყრელი გარემო არ გააჩნია.
ამ ბარიერების გადალახვა შესაძლებელია, როდესაც პრიორიტეტი მიენიჭება ძუძუთი კვებას და დედისა და ჩვილის ჯანმრთელობას. მტკიცებულებებზე დაფუძნებულმა მიდგომებმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დონეზე შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს ძუძუთი კვების მაჩვენებლები და პრაქტიკა. ინვესტიციები უნდა იყოს მდგრადი და გრძელვადიანი, რასაც ხელს შეუწყობს მულტისექტორული მიდგომები.
ქმედებები, რომლებიც განხორციელებული უნდა იქნას სახელმწიფოსა და ეროვნული აქტორების მიერ:
· ძუძუთი კვების და ახალშობილთა და მცირეწლოვანი ბავშვების კვების დაცვის (IYCF) გაძლიერება მონიტორინგით და შესაბამისი კანონის აღსრულებით.
· ექსკლუზიური და ორ წლამდე ძუძუთი კვების მაჩვენებლის გაუმჯობესების მიზნით დაფინანსების გაზრდა (ახალგაზრდა დედების წახალისება და მათთვის სამუშაოზე ძუძუთი კვებისათვის თავისუფალი დროის გამოყოფა და ა.შ.)
· მონიტორინგის სისტემების გაძლიერება, რათა თვალყური ადევნონ პოლიტიკური ზომებისა და პრაქტიკის მიღწევებს, ძუძუთი კვების ეროვნული და გლობალური მიზნების მისაღწევად.
· ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის BMS ადვოკატირების კომპანიების გაძლიერება ციფრული მარკეტინგის კონტროლის ეფექტური გზების დასანერგად.
· დედების და მშობელთა სოციალური დაცვის კანონმდებლობისა და სამუშაო ადგილებზე ძუძუთი კვების მხარდაჭერის განხორციელება როგორც ოფიციალურ, ისე არაფორმალურ სამუშაო სექტორებში.
· მტკიცებებზე დაფუძნებული საინფორმაციო მასალების მომზადება და მიწოდება ძუძუთი კვების სათანადო და დროულ მხარდაჭერაზე, მათ შორის COVID-19-პანდემიის პირობებში და სხვა გადაუდებელი შემთხვევებისას.
· მულტისექტორული მიდგომის წახალისება ძუძუთი კვებაზე უარის თქმის შედეგების შესასწავლად, რათა ხაზი გაესვას საზოგადოების ყველა დონეზე ძუძუთი კვების დაცვას, პოპულარიზაციასა და მხარდაჭერას.
ლიტერატურა: https://worldbreastfeedingweek.org/?fbclid=IwAR0dyBYGETe36i3kw7KJpwdNftAv-I_h4cBiLQKvLxpaT3blmUJxdT_NlRg