Logo

14 ნოემბერი - დიაბეტის მსოფლიო დღე „ხელმისაწვდომობა დიაბეტის მოვლაზე – თუ არა ახლა, როდის?“ 2021

title

დიაბეტის მსოფლიო დღე მნიშვნელოვანი შეხსენება მთელი პროგრესული კაცობრიობისათვისრომ ამ დაავადების გავრცელების ზრდის ტენდენციამ უკვე სტაბილური ხასიათი მიიღო.

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციის თაოსნობით დიაბეტის მსოფლიო დღე 145-ზე მეტ ქვეყანას და მილიონობით ადამიანს აერთიანებს შაქრიანი დიაბეტისა და მისი გართულებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებსა და ექიმებს მოუწოდებს ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა  მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.

დიაბეტთან ბრძოლის დღედ 14 ნოემბერი არჩეულია კანადელი მეცნიერის ფრედერიკ ბანტინგის პატივსაცემად, რომელიც 1891 წლის 14 ნოემბერს დაიბადა. 1922 წელს  ფრედერიკ ბანტინგმა თავის ახალგაზრდა კოლეგასთან - ბესტთან ერთად პირველი ადამიანი გადაარჩინა, როდესაც ინსულინის ინექცია გაუკეთა დიაბეტის იუვენილური ფორმით დაავადებულ 14 წლის ყმაწვილს. მათმა აღმოჩენამ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა, რადგან ინსულინის გარეშე დიაგნოზი „შაქრიანი დიაბეტი“ სიცოცხლის იმედს არ უტოვებდა ადამიანებს. ამ უდიდესი აღმოჩენის გამო 1923 წელს ბანტინგს და მისი კათედრის ხელმძღვანელ მაკლეოდს ნობელის პრემია მიენიჭათ.

შაქრიანი დიაბეტი არაგადამდებ დაავადებათა შორის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. მრავალ განვითარებად და ინდუსტრიულ ქვეყანაში შაქრიანმა დიაბეტმა ეპიდემიის ფორმა მიიღო და მას სიკვდილიანობის მიზეზებს შორის მეოთხე-მეხუთე ადგილი უჭირავს. შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პირებში გართულებები ინვალიდობის, სიკვდილიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუარესების წამყვან მიზეზს წარმოადგენს. დღესდღეობით შაქრიანი დიაბეტის შემთხვევებმა გლობალურად საგანგაშო რიცხვს მიაღწი, თითქმის ნახევარი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს ამ პრობლემით. შაქრიანი დიაბეტი მაღალ შემოსავალთან არ ასოცირდება და განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, სადაც დაავადებულთა 80% ვლინდება.    

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით დიაბეტის გართულებები მძიმე ტვირთად აწვება ჯანდაცვის სფეროს, დიაბეტით დაავადებულებს აქვთ 2-3-ჯერ მეტად გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და ინსულტის განვითარების რისკი;  ტერფის ამპუტაციის  85% გამოწვეულია დიაბეტური ტერფის მიზეზით, დიაბეტური რეტინოპათია 2,6%-ში სიბრმავეს წვევს. შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს აღენიშნებათ როგორც Covid 19 – ით ინფიცირების, ისე დაავადების მძიმე/კრიტიკული მიმდინარეობის მაღალი რისკი.

დიაბეტის მსოფლიო დღე, დიაბეტის საერთაშორისო ფედერაციისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით, 1991 წლიდან აღინიშნება. 2006 წელს გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ 14 ნოემბერი ოფიციალურად დიაბეტის მსოფლიო დღედ (2006 წლის 20 დეკემბრის სპეციალური რეზოლუცია  A/RES/61/225) აღიარა. რეზოლუციაში გენერალური ასამბლეის მიერ შემოთავაზებულია გაეროს წევრი ქვეყნებისთვის დიაბეტთან ბრძოლის ეროვნული პროგრამების შემუშავება და დაავადებულ ადამიანებზე ზრუნვა.    

დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო - ცისფერი წრე - დიაბეტის გლობალური სიმბოლოა, რომელიც დიაბეტზე ინფორმირებულობის გაზრდის კამპანიის ფარგლებში შეიქმნა. ემბლემა გაეროს რეზოლუციით მიღებულ იქნა 2007 წელს. რგოლი არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სიმბოლო; ცისფერი ფერი გამოხატავს ცას, რომელიც სხვადასხვა ერებს აერთიანებს და, ამასთან, გაერთიანებული ერების დროშის ფერია; რგოლი კი დიაბეტური საზოგადოების ერთიანობის ნიშანია. დიაბეტის მსოფლიო დღის ლოგო გამოხატავს დიაბეტის საზოგადოების ერთიანობას დაავადების პანდემიის წინააღმდეგ.

შაქრიანი დიაბეტის მსოფლიო დღის 2021-23 წლების თემაა: „ხელმისაწვდომობა დიაბეტის მოვლაზე – თუ არა ახლა, როდის?“.

აღნიშნული თემატიკა ასახავს გზავნილს, რომ დიაბეტით დაავადებულებს დროულად და ხარისხიანად უნდა გაეწიოს დახმარება. 2021-23 წლების თემის  ძირითადი არსია შაქრიანი დიაბეტის, მეტაბოლური დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება  კვების და  ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესების გზით  სისხლში გლუკოზის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სამიზნე მაჩვენებლების მიღწევა.