title
ხშირად დასმული კითხვები ფოლიუმის მჟავასთან დაკავშირებით
რას წარმოადგენს ფოლიუმის მჟავა და რატომაა ის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობისათვის?
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც აუცილებელია სისხლწარმოქმნისა და ნერვული სისტემისათვის. ფოლიუმის მჟავა პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მიმდინარე უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების დაყოფა და ზრდა, ერითროციტების წარმოება.
ორსულებში ფოლიუმისმჟავას ნაკლებობა (დეფიციტი) განაპირობებს ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარების მანკების წარმოშობას. დედის ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია ახალშობილის ჯანმრთელობისათვის.
ნერვული ღეროს ყველაზე გავრცელებული დეფექტებია:
- “Spina bifida” (ზურგისტვინის თიაქარი, ზურგის ტვინისა და ხერხემლის განვითარების მძიმე თანდაყოლილიდ ეფექტი) - ნაყოფის ხერხემალი სრულად ვერ ფარავს ზურგის ტვინს, რის შედეგადაც დარღვეულია ზურგის ტვინის ფუნქცია. ზურგის ტვინის თიაქრით დაბადებულ ბავშვებს მთელი სიცოცხლის მანძილზე პრობლემები აქვთ და საჭიროებენ მრავლობით ქირურგიულ ჩარევას.
- ანენცეფალია - თავის ტვინის განუვითარებლობა ან არასრული განვითარება. ანენცეფალიის მქონე ბავშვები კვდებიან დაბადებამდე ან მალევე დაბადების შემდეგ.
- თავის ტვინის თიაქარი (encephalocele) - თავის ქალის ღიაობის გამო ტვინის ქსოვილის კანქვეშ გამოსვლა.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება დედამ გააკეთოს ნაყოფის დეფექტების პრევენციის მიზნით, არის ფოლიუმის მჟავას ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით, ჩასახვის წინა და ორსულობის პერიოდში.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ქალებში, რომლებიც ორსულობის წინ და ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად იღებენ 400 მკგ (0.4 მგ) ფოლიუმის მჟავას, ნაყოფის ნერვული ღეროს სერიოზული დეფექტების განვითარების რისკი 50-70%-ით შემცირებულია.
დაავადების გამომწვევი მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არის არასრულფასოვანი (ფოლიუმის მჟავათი ღარიბი) კვება. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხშირია, როდესაც საკვებად არ იყენებენ ხორცს, ბოსტნეულს კი თერმულად დიდხანს ამუშავებენ.
ფოლიუმი შედის როგორც მცენარეულ ისე ცხოველურ პროდუქტებში. აღსანიშნავია, რომ ქალისა და ძროხის რძე შეიცავს ფოლატების დაახლოებით თანაბარ რაოდენობას (50ნგ/გ), ხოლო თხის რძეში მისი რაოდენობა 8-ჯერ ნაკლებია. ფოლიუმის მჟავა თერმოლაბილურია, რის გამოც კულინარიული დამუშავებისას ფოლატების 50% იშლება, ამიტომ მისი დეფიციტის თავიდან ასაცილებად აუცილებელია უმი ბოსტნეულისა და ხილის მიღება.
ფოლიუმის მიღების რა პერიოდებია ოპტიმალური ორსულობამდე და ორსულობის პერიოდში?
ნერვული მილის დეფექტები ვითარდება ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში - ჩვეულებრივ, სანამ ქალი გაიგებს, რომ იგი ორსულადაა.სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ფოლიუმის მჟავას მიღება რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც გეგმავს დაორსულებას. ცნობილია, რომ ორსულობათა საშუალოდ 50% დაუგეგმავია (საქართველოში, 2010 წლის RHS კვლევის მონაცემებით, ბოლო ორსულობის 36 % იყო დაუგეგმავი; 2005 წელს ეს მაჩვენებელი იყო 52%; ხოლო 1999 წელს - 59%). ყველა ქალი, ვინც კი შესაძლებელია, რომ დაორსულდეს, უნდა იღებდეს ფოლიუმის მჟავას. ამდენად, რეკომენდებულია ფოლიუმის მჟავას მიღება: 1) ორსულობამდე 3 თვის განმავლობაში მაინც, და 2) ორსულობის პირველი 3 თვის განმავლობაში (ყოველდღიური მიღების რეჟიმით)
კიდევ რა ნიშნებით ხასიათდება ფოლიუმის დეფიციტი?
ფოლიუმის დეფიციტის ნიშნებია: ზრდის შეფერხება ბავშვებში; ანემია მოზრდილებში; საჭმლის მონელების პრობლემები - დიარეა, უმადობა, წონაში კლება; სისუსტე და ადვილად დაღლა; მტკივნეული ენა; თავის ტკივილი; გულის რითმის დარღვევები; გაღიზიანებადობა და გულმავიწყობა.
ვინ წარმოადგენს რისკის ჯგუფს?
დაავადების რისკ-ჯგუფებს მიეკუთვნებიან ერთ წლამდე ასაკის ბავშვები, მოზარდები, და ორსულები. ვინაიდან ამ პერიოდში გაზრდილია მოთხოვნილება ფოლიუმზე.
რომელი პროდუქტები შეიცავს ბუნებრივად ფოლიუმის მჟავას?
ფოლიუმის მჟავა ბუნებრივად, საკვებ პროდუქტებში წარმოდგენილია ფოლატების სახით. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს: მუქ-მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული (ისპანახი, ბროკოლი, სალათის ფურცელი, მწვანე სოიო, ოხრახუში), პარკოსნები, სატაცური, ხილი (ბანანი, შავი მოცხარი, კივი, ფორთოხალი, ფეიხოა), სოკო, ხორცი (საქონლის ღვიძლი და თირკმელი), თევზი, ხიზილალა, პომიდორი.
რამდენად ხელმისაწვდომია ფოლიუმის მჟავა საქართველოში?
საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე ფოლიუმის მჟავა საკმაოდ იაფია და ხელმისაწვდომია საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის (თვის სამყოფი რაოდენობა არ აღემატება 2 ლარს)
კიდევ რა დადებითი ეფექტი აქვს ფოლიუმის მჟავას მიღებას?
ყველა ადამიანი საჭიროებს ფოლიუმის მჟავას. იგი გამოიყენება ისეთი მდგომარეობების დროს: როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა, ალცჰეიმერის დაავადება, სმენის ასაკობრივი დაქვეითება, ასაკობრივი მხედველობის პრობლემა, ოსტეოპოროზი, ძილის პრობლემები, დეპრესია, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, შიდსი, კანის დაავადება - ვიტილიგო; ასევე გამოიყენება დაბერების ნიშნების შემცირების მიზნით.
ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხელს უწყობს აგრეთვე ანემიის განვითარებას. მდგომარეობა გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, გულმავიწყობა, უმადობა, ადვილად გაღიზიანებადობა, წონაში კლება. ფოლიუმის მჟავის დეფიციტის დროს ასევე იმატებს ინფარქტისა და ინსულტის რისკი, კიბოს ზოგიერთი ფორმის (მაგ., კუჭის კიბო) რისკი, მამაკაცებში უნაყოფობის რისკი და სხვ.
კვლევებით დასტურდება, რომ ფოლიუმის მჟავა ასევე ხელს უშლის სხვა დეფექტების განვითარებას, როგორიცაა კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა და გულის ზოგიერთი მანკი. არსებობს კვლევები, რომელიც ამტკიცებს ფოლიუმის მჟავას მნიშვნელობას ინსულტის, ნეირობლასტომის და ლეიკოზების პრევენციისათვის.
რამდენად პრობლემურია საქართველოსთვის ფოლიუმის დეფიციტი?
2009 წელს საქართველოში ჩატარდა ნუტრიციის ეროვნული კვლევა (GNNS), რომელმაც აჩვენა, რომ არაორსული ქალების 36,6%-ს აღენიშნა ფოლიუმის დეფიციტი. საქართველოში ფოლიუმის დეფიციტის პრევალენტობა 15-49 წლის არაორსულ ქალებში გაცილებით მაღალია სხვა ქვეყნებთან შედარებით (აშშ, გერმანია და სხვ.). ფოლიუმით გამდიდრების საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, რომ ახალშობილებში ნერვული ღეროს დეფექტების პრევენციის მიზნით ფოლიუმის დამატებით მიღება უნდა მოხდეს, როგორც ორსულ, ასევე არაორსულ ქალებში.
ჰიდროცეფალიასა და ზურგის ტვინის თანდაყოლილი თიაქარის დიაგნოზით სახელმწიფო ზრუნვაში შესული ბენეფიციარების რაოდენობამ 2008 -2012 წლებში 36-ს მიაღწია. 36 ბავშვიდან - 14 ბავშვი დღესდღეობით არის ჩვილ ბავშვთა სახლში, 1 რეინტეგრირდა, 21 გარდაიცვალა. გარდაცვლილ ბავშვთა 70 % გარდაიცვალა ჩვილ ბავშვთა სახლში შესვლიდან პირველი 6 თვის განმავლობაში.
შესაძლებელია თუ არა ფოლიუმის მჟავას საკმარისი რაოდენობით მიღება კარგად დაბალანსებული მრავალფეროვანი კვებით? და როდისაა საჭირო ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღება?
ფოლატის საჭირო რაოდენობის მიღება შესაძლებელია დაბალანსებული (ფოლატის დიდი შემცველობის პროდუქტით) კვების საშუალებით. თუმცა ამ პროდუქტების არასაკმარისად მიღების ან გაზრდილი საჭიროების მდგომარეობების დროს, ადამიანებმა, რომლებიც არიან ფოლიუმის მჟავას დეფიციტის რისკის ქვეშ, დამატებით უნდა მიიღონ ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები ან ფოლიუმის მჟავას პრეპარატები.
სინთეზური ფოლიუმის მჟავა უკეთესად შეითვისება, ვიდრე საკვებით მიღებული. ორსულებმა უნდა მიიღონ 600 მკგ, მეძუძურებმა 500 მკგ, დანარჩენებმა 400 მკგ დღეში. მეცნიერული გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ადამიანების უმეტესობა იმაზე ნაკლებ ფოლიუმს მოიხმარს ვიდრე მას ესაჭიროება. ამის გამო მე-20 საუკუნის ბოლოდან ბევრ ქვეყანაში მიღებულ იქნა კანონი საკვები პროდუქტების აუცილებელი ფორტიფიკაციის შესახებ. ფოლიუმის მჟავით პურისა და სხვა პროდუქტების ფორტიფიცირებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული ანემიის რიცხვი, ორსულობისა და მშობიარობის გართულებები, ნერვული სისტემის პათოლოგიები ახალშობილებში. აშშ-ში, კანადაში, ინგლისში ფორტიფიკაციამ კარგი შედეგი გამოიღო აგრეთვე გულის კორონალური პათოლოგიის შემცირებაში.
ფოლიუმის მჟავას დამატებითი მიღების საჭიროების მიზეზები შეიძლება იყოს:
- ბუნებრივი წყაროებიდან ფოლატის არასაკმარისი რაოდენობით მიღება
- მდგომარეობები, რომლებიც ფოლატისადმი მოთხოვნილების ზრდას განაპირობებენ (ორსულობა, ალკოჰოლიზმი, ანემია და ზოგიერთი მედიკამენტის მიღება)
- მდგომარეობები, რომლებიც ფოლატის შეწოვას აფერხებენ
- დიდი რაოდენობით ფოლატის გამოყოფა
თქვენ ახსენეთ ფორტიფიცირებული საკვები, რამდენად აუცილებელია და ეფექტური ეს გზა (ანუ საკვები პროდუქტების ფორტიფიკაცია) პრობლემის მოსაგვარებლად?
აღნიშნული ჯანდაცვითი პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა ამ მიკრონუტრიენტებით საკვები პროდუქტის გამდიდრება და გამდიდრებული პროდუქტის ან/და ვიტამინის სახით გამოყენების ხელშეწყობა. პურის ფქვილის ფორტიფიკაციის ინიციატივას (FFI) 15 წლიანი ისტორია აქვს. 1996 წელს, ომანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ნაციონალურ დონეზე დანერგა ფქვილის ფორტიფიკაციის სტრატეგია, ნერვული ღეროს დეფექტების პრევენციის მიზნით. აშშ-მ და კანადამაც ამ წელს (1996) დაიწყეს ფქვილის ფორტიფიკაცია. 2007 წელს დაახლოებით 2 მილიარდ ადამიანს მიუწვდებოდა ხელი „გამდიდრებულ“ პროდუქტზე, რაც 540 მილიონით აღემატებოდა 2004 წლის მონაცემებს. ყოველწლიურად იზრდება ქვეყნების რიცხვი, სადაც რკინის და ფოლიუმის მჟავას, მოსახლეობის რისკის ჯგუფებისათვის დამატებითი მიწოდების საჭიროება ეროვნულ სტრატეგიულ გეგმებში აისახება.
ამჯამად ფქვილის სავალდებულო ფორტიფიკაცია მსოფლიოს 61 ქვეყანაში მიმდინარეობს. აქედან 55 ახდენს გამდიდრებას ორივე კომპონენტით (რკინით და ფოლიუმით), 5 მხოლოდ რკინით და 1 მხოლოდ ფოლიუმის მაჟავათი.
აშშ -ში ყოველწლიურად იმართება ფოლიუმის მჟავას შესახებ ცნობიერების ამაღლების ნაციონალური კვირეული (National Folic Acid Awareness Week), როდესაც ხდება მოსახლეობის ინფორმირება და სხვა მასშტაბური პრევენციული ღონისძიებების გატარება.
და პრევენციული შედეგიც ასეთია:
აშშ გაკეთებულმა ეკონომიკურმა ანალიზმა ფოლიუმის მჟავათი ფორტიფიკაციის ეფექტურობის შესახებ აჩვენა, რომ ფქვილის ფორტიფიკაციის პროგრამულმა დანახარჯმა შეადგინა 3 მლნ აშშ დოლარი/წელიწადში და დაზოგილ იქნა 145 მლნ აშშ დოლარი/წელიწადში, ანუ ინვესტირებულ 1 დოლარზე კეთდება 45 დოლარის ეკონომია (მარტო “spina bifida” -ს მკურნალობას 460.000 აშშ დოლარი/პაციენტზე სჭირდება). NTDs ის გავრცელების მაჩვენებელმა მნიშვნელოვნად იკლო ფორტიფიკაციის სავალდებულო სტრატეგიის დანერგვის შედეგად. კერძოდ 2006 წლისთვის აშშ-ში ნერვული მილის დეფექტების გავრცელება შემცირდა 37%-ით (1998 წლიდან აშშ-ში ფედერალური კანონი ითვალისწინებს ფოლიუმის მჟავათი ისეთი პროდუქტების სავალდებულოდ გამდიდრებას, როგორიცაა: მარცვლეული, ფქვილი, პურ-ფუნთუშეული, მაკარონი); კანადაში 46% -ით, კოსტა-რიკაში -35%-ით; ჩილეში -41%-ით; სამხრეთ აფრიკაში კი -31%-ით. ანუ ფორტიფიკაციის დაწყებიდან ქვეყნებმა დაადასტურეს ნერვული ღეროს დეფექტების (NTDs) 30-50% -ით შემცირება (დადასტურებულია, რომ NTDs-ს 50-70% შეიძლება თვიდან იქნას აცილებული ყოველდღიურად ფოლიუმის მჟავას ადეკვატური მიღებით). მსოფლიოში სულ მცირე 22 000 ფატალური შედეგი ან ნერვული ღეროს დეფექტი („spina bifida“) არის თავიდან აცილებული ამ სტრატეგიის წყალობით ყოველწლიურად, ანუ დღეში 60 ბავშვის გადარჩენა ხერხდება. აგრეთვე „spina bifida“ -ს სამკურნალო თანხების დაზოგვაა შესაძლებელი, რომელიც მილიონობით დოლარს ითვლის. ვინაიდან, აშშ -ში ყოველწლიურად დაახლოებით 3000 ორსულობაა მოსალოდნელი „Spina bifida” -ს ან “ანენცეფალის“ -ის თანხლებით.
საქართველოში პურის ფქვილის ფორტიფიკაციის (რკინითდაფოლიუმით) სტრატეგიადაინერგა 2006 წელს, „GAIN”-ისგრანტის - 5 წლიანიპროექტისსაფუძველზე (‘’Iron & Folic Acid Flour Fortification Programme in Georgia’’). 2009 წლისნუტრიციულიკვლევისმონაცემებითპურისნიმუშების 24.9%, ანუფქვილისბაზრის 21.2% იყოადეკვატურადფორტიფიცირებული. რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და ჯანმრთელობითი შედეგებიც მოსახლეობაში არასასურველია (ამავე კვლევის მონაცემებით არაორსული ქალების 36,6%-ს აღენიშნა ფოლიუმის დეფიციტი). აქედან გამომდინარე, ფქვილის ფორტიფიკაციის სტრატეგია საქართველოში უდავოდ საჭიროებს გაგრძელებას და მნიშვნელოვნად გაძლიერებას