title
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა აივ დადებითი ბავშვების დასახმარებლად
2018 წლის 1 დეკემბერს 15:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის, შიდსის ცენტრის, თბილისის სამხატვრო აკადემიის, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის და სამხატვრო სტუდია „არტ ნოვო“-ს ორგანიზებით გამართება ცნობილი მხატვრების, და სამხატვრო აკადემიის წარჩინებული სტუდენტების ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის აქცია სახელწოდებით
აუსრულე სურვილი
ყოველი წლის 1 დეკემბერს შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღე აღინიშნება. 1988 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ეს დღე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული და დღეისათვის მსოფლიოს 160-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება ამ დღისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ღონისძიება, რითაც აივ ინფიცირებულთა თემი, მთავრობები და არასამთავრობო სექტორი ცდილობს საზოგადოებას შეახსენოს შიდსის პრობლემის აქტუალობის და ამ მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებების გაფართოვების აუცილებლობის შესახებ.
მართალია საქართველო აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება, მაგრამ ეპიდემიის მასშტაბი მაინც მატულობს. დღეისათვის საქართველოში რეგისტრირებულია აივ ინფექცია/შიდსის 7380 შემთხვევა, მათ შორის 109 ბავშვია. რამდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვთა რიცხვმა, ვინც მშობლები შიდსის გამო დაკარგა. მათი უმრავლესობა ბებია-ბაბუის მზრუნველობის ქვეშ დარჩა, რომლებსაც უკიდურესად უჭირთ ბავშვებისთვის ღირსეული საყოფაცხოვრებო პირობების შემქნა, საკვებით უზრუნველყოფა, ჩაცმა, სწავლაში ხელშეწყობა. საზოგადოების ნაწილში არსებული მაღალი სტიგმის გამო ბავშვები და მათი მეურვეები ვერ სარგებლობენ სოციალური შეღავათებით და მატერიალური გაჭირვებასთან ერთად უწევთ დამცირების, შეურაცხყოფისა და იზოლაციის შიშისა და უიმედობის გარემოში ცხოვრება.
აქცია „აუსრულე სურვილი“ აივ /შიდსთან მიმართებაში საზოგადოებრივი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობაა. აქციის მიზანია დაანახოს საზოგადოებას, რომ მცირეოდენი დანახარჯებითა და ძალისხმევით შესაძლებელია ადამიანთა, განსაკუთრებით კი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფების, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება.
აქციის ფარგლებში შეგროვებული თანხა გადაეცემა შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდს შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვებისთვის მათი საბაზისო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. იმ სურვილების ასახდენად, რომელიც ყველა ბავშვს აერთიანებს განურჩევლად ჯანმრთელობის და სოციალური სტატუსისა.
აქციის ფარგლებში სურვლისამებრ, შესაძლებელი იქნება მხარდაჭერის ჯგუფში გაერთიანება შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების რეგულარული მხარდაჭერისთვის.
თქვენც შემოგვიერთდით, მიიღე მონაწილეობა საქველმოქმედო გამოფენა- გაყიდვაში
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 599 95 6103, მარინა ასათიანი 599 11 99 99, სანდრო ასათიანი 555 00 04 71
მისამართი: ქ.თბილისი, გუდიაშვილის ქუჩა №7