Logo

გაიგეთ მეტი შიდსის შესახებ

title

გაიგეთ მეტი შიდსის შესახებ

 რა არის შიდსი?[i]

შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

შიდსს იწვევს ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). იგი ამ ვირუსით გამოწვეული დაავადების  ბოლო სტადიას წარმოადგენს,  როდესაც  ძირითადი კლინიკური ნიშნების გამოვლენა ხდება.

აივ მიეკუთვნება რეტროვირუსების ოჯახს. მიუხედავად მეცნიერების მცდელობისა, ჯერჯერობით შიდსის მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს; თანამედროვე სამკურნალო პრეპარატებით შესაძლებელია დაავადების კონტროლი და მართვა, მისი ქრონიკულ დაავადებად გადაქცევა და შესაბამისად სიცოცხლის გახანგრძლივება. მკურნალობის საუკეთესო შედეგის მისაღებად, მნიშვნელოვანია აივ–ზე დროული ტესტირება.

საიდან წარმოიშვა აივ ინფექცია?[ii]

აივ–ინფექციის წარმოშობის შესახებ მრავალი თეორია არსებობს. დღემდე სადავოა მისი ზუსტი წარმოშობის ადგილი.  მეცნიერებს ყველაზე სარწმუნოდ მიაჩნიათ, რომ მაიმუნის იმონუდეფიციტის ვირუსმა (მივ) ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ  მუტაცია განიცადა. დასავლეთ აფრიკაში გამოავლინეს შიმპანზეს ტიპი, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსული ინფექციის წყაროდ მიიჩნიეს. ისინი ვარაუდობენ, რომ შიმპანზეებზე ნადირობისას, მათში გავრცელებულმა ვირუსმა (SIV) მუტაცია განიცადა მონადირეებში და ჩამოყალიბდა, როგორც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ). ათწლეულების მანძილზე ვირუსი ნელ-ნელა გავრცელდა მთელ აფრიკაში და შემდეგ მსოფლიოს სხვა კონტინენტებზე.

რა სტადიებისაგან შედგება აივ/შიდსი?[iii]

გამოყოფენ აივ ინფექციის მიმდინარეობის შემდეგ სტადიებს.

მწვავე ინფექცია – ვირუსით დაინფიცირებიდან 2-4 კვირის განმავლობაში, გრიპის მსგავსი სიპტომებით ვითარდება. აღნიშნულ სტადიას მწვავე რეტროვირუსული სინდრომი (ARS) ან პირველადი აივ ინფექცია ეწოდება. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მწვავე რეტროვირუსული სინდრომი ყველა შემთხვევაში არ ვითარდება. დაავადების ამ ეტაპზე, იმუნური სისტემის მნიშვნელოვანი CD4+ უჯრედების განადგურების ხარჯზე, ხდება იმუნოდეფიციტური ვირუსის ინტენსიური გამრავლება. აქედან გამომდინარე CD4+ ლიმფოციტების რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მწვავე ფაზის დროს განსაკუთრებით მაღალია ინფექციის გადაცემის რისკი, რადგანაც ვირუსის რაოდენობა სისხლში მკვეთრად მომატებულია.

ქრონიკული (ასიმპტომური) აივ-ინფექცია. ამ შემთხვევაში ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი მრავლდება ნაკლები სიხშირით, არ ხდება  კლინიკური სიმპტომების გამოვლენა. მაშინ როცა, მკურნალობის გარეშე ლატენტური პერიოდი საშუალოდ 10 წელი გრძელდება, ანტირეტროვირუსული თერაპიის (ART) ფონზე შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლე რამდენიმე ათეული წლით გახანგრძლივდეს.  აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მკურნალობის მიუხედავად, მაინც არსებობს სხვა ადამიანის დაინფიცირების საშიშროება. თუმცა, რისკი მნიშვნელოვნად მცირეა.

შიდსი წარმოადგენს ინფექციის განვითარების  ბოლო სტადიას, როდესაც იმუნური სისტემა მკვეთრად დასუსტებულია და ადამიანი დაუცველია სხვადასხვა ინფექციებისა და სიმსივნური დაავადებების განვითარებისაგან. თუ CD4+ უჯრედების რაოდენობა 1 მმ3 სისხლში 200-ზე ნაკლებია (<200 უჯრედი/მმ3) ვითარდება  შიდსი (ნორმაში CD4+ უჯრედების  რაოდენობაა 500-1600 უჯრედი/მმ3). შესაბამისი მკურნალობის გარეშე პაციენტის  სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 3 წელი, ოპორტუნისტული დაავადებების (იმუნური სისტემის დაქვეითების დროს მიმდინარე დაავადებები) განვითარების შემთხვევაში კი დაახლოებით ერთი წელია.

აღსანიშნავია, რომ ადამიანი  დაავადების განვითარების ყველა ეტაპზე გადამდებია.

როგორ გადაეცემა შიდსი?[iv]

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის გადაცემა ხდება  სისხლით, სპერმით, ვაგინალური სეკრეტითა და დედის რძით.

ვირუსის გადაცემაზე ყველაზე  ხშირად შემდეგი ქცევითი ფაქტორები მოქმედებენ:

  • შიდსით დაავადებულთან დაუცველი (კონდომების გამოყენების გარეშე) სქესობრივი კავშირი
  • კონტაქტი სხვა სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებულ პარტნიორთან, რაც ინფექციის გადაცემის რისკს ზრდის
  • ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისას დაბინძურებული შპრიცების  გამოყენება

აივ ინფექციის გადაცემა შესაძლებელია მოხდეს:

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს
  • შიდსით დაავადებული დედიდან  შვილზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების დროს
  • დაბინძურებული ნემსების ან სხვა ბასრი  საგნების ჩხვლეტისას  (რისკ-ჯგუფს  სამედიცინო პერსონალი წარმოადგენს)
  • ჰემოტრანსფუზიის დროს (ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმისას)
  • ტრანსპლანტაციის დროს (ორგანოების ან ქსოვილების გადანერგვისას)

ვირუსი  არ გადაეცემა: 

  • წყლით
  • ჰაერით
  • მწერებით
  • ნერწყვით, ოფლით ან ცრემლით.
  • ხელის ჩამორთმევით
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით
  • კოცნით
  • საერთო ტუალეტის ან აბაზანით სარგებლობისას

რამდენად  სიცოცხლისუნარიანია ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გარემოში?[v] 

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი გარემოში (ადამიანის ორგანიზმის გარეთ)  დიდხანს  ვერ ცოცხლობს.

არსებობს თუ არა   აივ/შიდსსა და სქესობრივი გზით გადამდებ სხვა ინფექციებს შორის კავშირი?

აივ–ინფიცირებულთან  დაუცველი სქესობრივი კონტაქტის დროს, სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციების არსებობა 2-5 ჯერ ზრდის აივ–ით დაინფიცირების რისკს. ცნობილია, რომ ზოგიერთი სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია (ჰერპეს-ვირუსი, სიფილისი და ადამიანის პაპილომა ვირუსი) კანისა და  ლორწოვანი გარსის დაზიანებას იწვევს და სქესობრივი კონტაქტისას აივ ადვილად აღწევს  ორგანიზმში. თუმცა, კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანების გარეშე მიმდინარე სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებიც (ქლამიდიოზი, გონორეა, ტრიხომონიაზი) გარკვეულწილად ზრდის აივ–ით დაინფიცირების რისკს.

დამატებითი ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ:http://www.cdc.gov/std/hiv/STDFact-STD-HIV.htm

  

მოსახლეობის რომელი ნაწილი მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფს?[vi] 

  • მამაკაცები რომელთაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (მსმ)
  • ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლები
  • სექს- მუშაკები

 

ინფორმაციის წყარო


[i]http://www.cdc.gov/hiv/basics/whatishiv.html

[ii]http://www.cdc.gov/hiv/basics/whatishiv.html

[iii]http://www.cdc.gov/hiv/basics/whatishiv.html

[iv]http://www.cdc.gov/hiv/basics/transmission.html

[v]http://www.cdc.gov/hiv/basics/transmission.html

[vi]http://www.cdc.gov/hiv/risk/index.html