Logo

პ რ ე ს რ ე ლ ი ზ ი - თამბაქოს კონტროლის სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის

title

2019 წლის 18 ნოემბერს, 12:00-16:00 საათზე, სასტუმრო „ბიოლი“-ში, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართება
თამბაქოს კონტროლის სამუშაო შეხვედრა სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის
სამუშაო შეხვედრას დაესწრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. ასევე, მოხსენებას გააკეთებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და თამბაქოს კონტროლის ალიანსის წარმომადგენლები.
შეხვედრა განკუთვნილია სამოქალაქო საზოგადოების სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის და ხორციელდება პროექტის “FCTC 2030” ფარგლებში.
2017 წელს, საქართველო 15 სახელმწიფოს შორის შეირჩა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მიერ ინიცირებული პროექტის"FCTC2030"-ის მიმღებ ქვეყანად, რომლის ფარგლებშიც დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის ფინანსური მხარდაჭერით და კონვენციის სამდივნოს ტექნიკური მხარდაჭერით ხორციელდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სრულყოფილი აღსრულება ეროვნულ დონეზე. „FCTC2030“ პროექტის ფარგლებში განხორციელდა საქართველოში თამბაქოს ეკონომიკური ტვირთის შეფასება ე.წ საინვესტიციო შემთხვევა, რომელმაც აჩვენა, რომ თამბაქოს პირდაპირი (ჯანდაცვითი) და არაპირდაპირი ტვირთი ქვეყანაში824.9 მლნ ლარია, რაც წლიური მთლიანი შიდა პროდუქტის 2.4%-ს შეადგენს.
საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ, 2017 წლის მაისში დამტკიცებული იქნა თამბაქოს კონტროლის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომლის საფუძველზეც, 2018 წლის 1 მაისიდან აიკრძალა მოწევა საზოგადოებრივ შენობა-ნაგებობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ისევე, როგორც აიკრძალა თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება და პოპულარიზაცია, თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე განთავსდა დიდი ზომის პიქტოგრამული სამედიცინო გაფრთხილებები, განისაზღვრა თამბაქოს მწარმოებლების და იმპორტიორების ვალდებულებები თამბაქოს ნაწარმის წარმოებასა და იმპორტთან დაკავშირებით, კანონით აიკრძალა თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევა ჯანდაცვითი გადაწყვეტილებების მიღებაში და სხვა.
დღეის მდგომარეობით, თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულების დონე მაღალია, თუმცა მნიშვნელოვანია მისი განხორციელების კიდევ უფრო სრულყოფა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. ამის მიღწევა გარდაუვალია დაინტერესებული მხარეების ჩართულობისა და ინტერსექტორული თანამშრომლობის გარეშე. თამბაქოს კონტროლი არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხი, ის ასევე განვითარების საკითხია, რადგან ჯანმრთელობის ტვირთთან ერთად თამბაქო უდიდეს ეკონომიკურ და გარემოს ტვირთს წარმოადგენს, ის ასევე ხშირად უგულებელყოფს ადამიანის ძირითად უფლებებს, როგორიცაა უფლება ჯანმრთელობაზე, ბავშვთა უფლებებს და წარმოადგენს გენდერული და სოციალური უთანასწორობის მიზეზს. ამიტომ, თამბაქოს კონტროლის პროცესში საჭიროა არა მხოლოდ სახელმწიფო უწყებების, არამედ გავლენიანი და პატივსაცემი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოების და მთლიანად საქართველოს საზოგადოების ჩართულობა.
შეხვედრაზე მიმოხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა თამბაქოს ტვირთი და თამბაქოს კონტროლი - სიტუაცია ამჟამად და სამომავლო პერსპექტივები საქართველოში; მითები და რეალობა თამბაქოს შესახებ; თამბაქოს კონტროლი და მდგრადი განვითარების მიზნები; სიახლეები თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში; სამოქალაქო საზოგადოების როლი თამბაქოს კონტროლის საკითხებში და სხვა.
მისამართი: კოჯორი, სასტუმრო ბიოლი.
საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103