title
მარბურგის ცხელება
1.ზოგადი მიმოხილვა
- მარბურგის ცხელება მწვავე ვირუსული ჰემორაგიული ინფექციაა, რომელიც მკურნალობის გარეშე, როგორც წესი, ფატალურად მთავრდება. ამ დაავადების დიდი აფეთქებები დიწყო ერთდროულად მარბურგში, ფრანკფურტში (გერმანია) და ბელგრადში (სერბია) 1967 წელს. ეს აფეთქებები უკავშირდებოდა ლაბორატორიულ საქმიანობას, რომელშიც იყენებდნენ უგანდიდან შეყვანილ მწვანე მაიმუნებს (Cercopithecus aethiops). შემდგომში დაფიქსირდა აფეთქებები და სპორადული შემთხვევები ანგოლაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სამხრეთ აფრიკაში (პაციენტი ავად გახდა ზიმბაბვეში მოგზაურობის შემდეგ) და უგანდაში. სიკვდილიანობა ამ აფეთქებების დროს მერყეობდა 24%-დან 88%-მდე.
მარბურგის ცხელების გამომწვევი ენათესავება ებოლას ვირუსს. ეს ორი დაავადება კლინიკურად მსგავსია, ორივე იშვიათია, აქვთ უნარი გამოიწვიონ დიდი აფეთქება, ახასიათებთ მაღალი ლეტალობა.
საქართველოში მარბურგის ცხელების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაავადების გავრცელების რისკი უპირატესად დაკავშირებულია ადამიანთა დაავადების საერთაშორისო გავრცელებასთან და არ უკავშირდება ვირუსის ცირკულაციას ველურ გარემოში.
2. გამომწვევი აგენტი - მარბურგის ვირუსი ფილოვირუსების (Filoviridae) ოჯახის წევრია.
3. მიზეზები/ძირითადი რისკის ფაქტორები - სამედიცნო პერსონალი და ის პირები, რომლებიც უვლიან მარბურგის ცხელების მქონე პირებს, არიან ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ, რადგანაც არსებობს ალბათობა იმისა, რომ ისინი კონტაქტში შევლენ დაავადებული პირის სისხლთან და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან; ადამიანებში დაავადების გარცელება შესაძლებელია დაავადებულ გარეულ ცხოველებთან (ღამურები და პრიმატები) კონტაქტის შედეგადაც.
4. რეზერვუარი - დაავადების ბუნებრივი რეზერვუარი უცნობია, თუმცა სამეცნიერო მონაცემებზე და სხვა მსგავსი მიმდინარეობის მქონე დაავადებების გავრცელების და გადაცემის გზების შესწავლის შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანები ინფიცირდებიან დაავადებულ ცხოველებთან კონტაქტის შედეგად. მარბურგის ცხელების გადამტანებად მიიჩნევიან ღამურები (სახეობა Rousettus aegyptiacus, ოჯახი Pteropodidae). ასევე არის მოსაზრება, რომ ამ სახეობისა და მარბურგის ვირუსის გავრცელების არეალი ემთხვევა.
ეს ვირუსი ასევე აღმოჩენილია მწვანე მაიმუნებში (Cercopithecus aethiops) და ღორებში. აფეთქების დროს ღორის ფერმები მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, რადგან ისინი შეიძლება გახდნენ ინფექციის დამატებითი წყაროები.
5. გადაცემის გზები - ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება პირდაპირი ან დაუცველი კონტაქტით დაავადებული ადამიანის სისხლის და/ან სხვა ბიოლოგიური სითხეების დაზიანებულ კანთან ან ლორწოვანთან პირდაპირი კონტაქტის შედეგად; კონტამინირებულ საგნებთან (მაგ. ნემსები) კონტაქტის შედეგად; ინფიცირებულ ღამურებთან (Rousettus aegyptiacus), პრიმატებთან კონტაქტისას; მარბურგის ცხელებისაგან გამოჯანმრთელებულ მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტისას.
6. ინკუბაციური პერიოდი - 2-21 დღე.
7.გადამდებლობის პერიოდი - ზოგიერთ ვირუსს ახასიათებს გამოჯანმრთელების შემდგომ ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა ნაწილში დაგროვება/აკუმულირება (სათესლეები, თვალები, თავზურგტვინის სითხე), ასეთი ვირუსების რიცხვს მიეკუთვნება მარბურგის ვირუსიც. ამ დროისთვის არაა დადგენილი თუ რამდენხანს ცოცხლობს ვირუსი გამოჯანმრთელებული ადამიანის ორგანიზმში.
8.მიმღებლობა - ზუსტი მონაცემები არ არსებობს.
9.კონტროლის ღონისძიებები:
ა) პრევენციული ღონისძიებები :
ü აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა;
ü სისხლთან და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტისგან თავის არიდება;
იმ რიტუალებისგან თავის არიდება, რომლებიც ითვალისწინებენ გვამთან შეხებას;
ü ცხოველებთან ან უმ ხორცთან კონტაქტისგან თავის არიდება;
ü იმ სამედიცინო დაწესებულებებისგან თავის არიდება, სადაც მარბურგის ცხელების მქონე პირებს მკურნალობენ;
ü იმ შემთხვევაში, თუ პირს აღენიშნება ცხელება, ძლიერი ტკივილი კუნთებში, ზოგადი სისუსტე, ინტენსიური თავისა და ყელის ტკივილი, პირღებინება, დიარეა, გამონაყარი მთელ სხეულზე, სასურველია დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს. ექიმთან მიმართვამდე მინიმუმამდე უნდა შემცირდეს სხვა ადამიანებთან კონტაქტი;
ü ეპიდაფეთქების ზონიდან დაბრუნების შემდეგ, 21 დღის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ჯანმრთელობის მდგომარეობას. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პირს შესაძლო კონტაქტი ჰქონდა სისხლთან ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან.
ბ) პაციენტის და კონტაქტების კონტროლი - შესაძლო შემთხვევის გამოვლენისას, ჯანდაცვის მუშაკი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც უკვე მარბურგის ცხელების დადასტურებულ შემთხვევასთან, რომელიც მოიცავს:
ü შესაძლო შემთხვევის მოთავსება უნდა მოხდეს ცალკე ოთახში ან იმ ტერიტორიაზე, სადაც მოთავსებულები არიან სხვა შესაძლო შემთხვევები. ეს უნდა მოხდეს იზოლირებულად იმ პაციენტებისგან, რომელთაც უკვე დადასტურებული აქვთ მარბურგის ცხელება.
ü დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შეტყობინება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში;
ü უნდა მოხდეს ყველა პირის მოკვლევა, რომელსაც შესაძლოა კონტაქტი ჰქონოდა საეჭვო პაციენტთან ან მის გამონაყოფებთან და უნდა განხორციელდეს მონიტორინგი იდენტიფიცირებულ კონტაქტებთან (ცხელება და ადრეული სომპტომები); უნდა მოხდეს ნარჩენების დატოვება იზოლირებულ ტერიტორიაზე, სანამ არ მოხდება მათი დეკონტამინაცია შესაბამისი წესების დაცვით, მათ შორის სასაზღვრო პუნქტზე.
ü პაციენტის ნიმუშის მიწოდება და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს საშიში ტვირთის ტრანსპორტირების საერთაშორისო პროცედურების დაცვით.
გ) ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები
პაციენტის განთავსება
- პაციენტი უნდა განთავსდეს იზოლირებულად ცალკე დახურულ პალატაში, რომელსაც ექნება ცალკე სველი წერტილი;
- უნდა იწარმოოს პაციენტთან შემსვლელთა სია.
სამედიცინო მუშაკებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვა:
- პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს სულ მცირე აუცილებლად უნდა ეკეთოს: ხელთათმანი, უნდა ეცვას უნიფორმა (სითხის გაჟონვისგან დაცული და ჰერმეტული), თვალის დამცავი საშუალება და პირზე ასაფარებელი ნიღაბი;
- პირადი დაცვის აღჭურვილობა (PPE) უნდა შეიცავდეს (სისხლის, ლორწოს, ნარწყევის ან ფეკალური ნაწილაკებთან კონტაქტის შემთხვევაში) ორმაგ ხელთათმანებს, ერთჯერად ბახილებს და რეზინის შესაბამის ფეხსაცმელს;
- სამედიცინო მუშაკებმა ხშირად უნდა ჩაიტარონ ხელის ჰიგიენა პირადი დაცვის აღჭურვილობის გამოყენებამდე და გამოყენების შემდგომ, მ.შ. ხელთათმანების.
პაციენტის მოვლის აღჭურვილობა:
- პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენებადი ერთჯერადი სამედიცინო მოწყობილობები;
- მრავალჯერადი მოწყობილობები, რომლებიც დეზინფიცირდება;
- ნემსის და წვეტიანი იარაღების ლიმიტირებული გამოყენება;
- ყველა გამოყენებული ნემსი თუ წვეტიანი იარაღი უნდა იყოს განსაკუთრებულად უსაფრთხოდ უტილიზებული (ერთჯერად – დახურულ კონტეინერებში);
- არ უნდა იქნას გამოყენებული აეროზოლების წარმომქმნელი პროცედურები.
ტრანსპორტირება
- მარბურგის ცხელებით დაავადებული ადამიანის გადაყვანის შემთხვევაში, ტრანსპორტირება უნდა მოხდეს სპეციალური სატრანსპორტო საშუალებით, როგორიცაა სათანადოდ აღჭურვილი თვითმფრინავი (საჰაერო სასწრაფო დახმარების თვითმფრინავები), სათანადოდ აღჭურვილი სასწრაფო დახმარების მანქანა.
დ) ბუნებრივი მოვლენების ზეგავლენა - არ შეესაბამება
ე) საერთაშორისო ღონისძიებები - მარბურგის ცხელება ექვემდებარება ჯანმრთელობის საერთაშორისო წესებით (IHR 2005) სასწრაფო შეტყობინებას. ნებისმიერი უწყება ვალდებულია ამ დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში შეატყობინოს ქვეყნის ჯსწ-ის ეროვნულ კოორდინატორს (დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი), რომელიც თავის მხრივ, უზრუნველყოფს სასწრაფო შეტყობინების გაგზავნას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საკონტაქტო პუნქტთან.