Logo

გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია

title

   გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების ლაბორატორია ახორციელებს სადიაგნოსტიკო და კვლევით აქტივობებს სხვადასხვა რესპირატორულ ვირუსებზე.

ლაბორატორია წარმოადგენს ეპიდზედამხედველობის პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს; მონაწილეობს გრიპისმაგვარი დაავადებებისა და მძიმე მწვავე რესპირატორული დაავადებების კვლევის ეპიდზედამხედველობის პროგრამებში.

2007 წლიდან ლაბორატორიას ჯანმოსგან მინიჭებული აქვს საქართველოს გრიპის ნაციონალური ცენტრის სტატუსი და მისი ძირითადი მიზნებია: საქართველოში მოცირკულირე გრიპის ვირუსების მონიტორინგი; გრიპის ვირუსის ახალი ქვეტიპების დროული დეტექცია  – განსაკუთრებით პანდემიური საფრთხის მქონე ვირუსების; გრიპის შტამების მუდმივი გაზიარება ჯანმო-ს გრიპის კოლაბორაციულ ცენტრებთან ვაქცინის შემადგენლობის განსაზღვრის მიზნით.

ლაბორატორია ახორციელებს გრიპის ვირუსებთან დაკავშირებულ კვლევებს, როგორიცაა გრიპის ვირუსების დეტექცია რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (Influenza A, H1, H3, H1p, H5, H7N9, Influenza B); გრიპის ვირუსების იზოლაცია უჯრედულ კულტურაზე (MDCK); სუბტიპირება ჰემაგლუტინაციის ინჰიბირების რეაქციით და სეკვენირება. 

სხვა რესპირატორული ვირუსების დეტექცია ხორციელდება რეალურ დროში პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის საშუალებით. ამჟამად შესაძლებელია ისეთი რესპირატორული პათოგენების იდენტიფიკაცია, როგორიცაა: კორონავირუსები MERS-CoV, HKU, 229, 43, 63; პარაგრიპის ვირუსები 1, 2, 3, 4; ადამიანის მეტაპნევმოვირუსი A/ B; რინოვირუსი, რესპირატორულ სინციტიალური ვირუსი A/B; ენტეროვირუსი; პარექოვირუსი; ბოკავირუსი; ადენოვირუსი; მიკოპლაზმა პნევმონია.

ლაბორატორია ყოველწლიურად მონაწილეობს ჯანმოსა და აშშ-ს CDC-ს მიერ ორგანიზებულ გარე ხარისხის გარე კონტროლის პროგრამებში.

ამჟამად ლაბორატორია რამდენიმე სამეცნიერო კვლევითი პროექტის მონაწილეა:

CRDF #60211 ”გრიპის ვირუსის კვლევა შინაურ ცხოველებში”

GDD “მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციისა და საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ზედამხედველობითი კვლევა”

პერსონალი

ლაბორატორიაში მუშაობს 4 კვალიფიციური თანამშრომელი, მათ შორის ორი ექიმი.

ლაბორატორიის ორი  თანამშრომელი მუშაობს სადოქტორო ნაშრომებზე გრიპის ვირუსსა და ტკიპისმიერ ენტეფალიტზე.