title
2019 წლის 29 მარტს, 11:00-ზე შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში (თელავის ქუჩა 20) აღინიშნება დღე „საქართველო თამბაქოს გარეშე“.
ღონისძიება ტარდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით.
დღე „საქართველო თამბაქოს გარეშე“ ყოველწლიურად აღინიშნება სხვადასხვა პრიორიტეტული თემით. წელს საფუძველი ჩაეყრება მოძრაობას „საქართველო თამბაქოს კვამილს გარეშე“. მოძრაობას მრავალი ცნობილი ადამიანი უერთდება. ასევე ნებისმიერ მოქალაქეს აქვს საშუალება შემოუერთდეს მოძრაობას და ხელი შეუწყოს ქვეყანაში მიმდინარე პოზიტიურ ცვლილებებს.
დამატებით, შედგება 112-ის მობილურ აპლიკაციაში ჩაშენებული თამბაქოს კომპონენტის პრეზენტაცია. მობილური აპლიკაციის რჩევების ნაწილს ემატება ახალი კომპონენტი „თამბაქოს კონტროლი“. ამ კომპონენტში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია როგორც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის თაობაზე, ასევე თუ როგორ მოვიქცეთ როდესაც ვხედავთ კანონდარღვევას, რა მავნე გავლენა აქვს თამბაქოს ჯანმრთელობაზე და როგორ დავანებოთ მოწევას თავი.
ამასთან, როგორც ვიცით კანონდარღვევის ფაქტის დასაფიქსირებლად შეგვიძლია მივმართოთ 112-ს. ახლა 112-თან დაკავშირება კიდევ უფრო მარტივია მობილური აპლიკაციის საშუალებით. მას აქვს როგორც ზარის განხორციელების ასევე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის ფუნქცია. ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში უკავშირდებით ოპერატორს ცოცხალი მიმოწერის რეჟიმში (live chat). თუ გსურთ დარჩეთ ანონიმური, ამის შესახებ აცნობეთ ოპერატორს.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელები. ასევე, თამბაქოს კონტროლის სამთავრობო კომისიის წევრი უწყებების, სამთავრობო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თამბაქოს მომხარება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და ამავდროულად პრევენტირებადი პრობლემაა. თამბაქოს გლობალური ეპიდემია ყოველწლიურად დაახლოებით 7 მილიონ ადამიანს კლავს, მათ შორის 890,000 არამწეველია და იღუპება მეორადი კვამლის (პასიური მოწევის) გავლენის გამო. თამბაქოს ეკონომიკური ზარალის გათვლები აჩვენებს, რომ საქართველოში პირდაპირი ჯანდაცვის დანახარჯები და არაპირდაპირი დანახარჯები (ნაადრევი სიკვდილი და სამუშაოზე მოწევასთან დაკავშირებული ხარჯები) 824.9 მილიონი ლარია, რაც ქვეყნის წლიური მშპ-ს 2.43%-ს შეადგენს. თამბაქოს კონტროლის ოთხი (თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრა, საჯარო სივრცეში მოწევის სრულად აკრძალვა, თამბაქოს ნაწარმის რეკლამირება, პოპულარიზაცია და სპონსორობა, თამბაქოს პროდუქტის შეფუთვა და მარკირება) პრიორიტეტული მუხლის აღსრულების შემთხვევაში 15 წლის განმავლობაში ქვეყანა თავიდან აიცილებს 53 100 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალებას, რაც თამბაქოსთან ასოცირებულ მთლიან ეკონომიკურ ხარჯებს 3.6 მილიარდი ლარით შეამცირებს; თამბაქოს კონტროლში ჩადებული ყოველი 1 ლარით უკუ-ინვესტიციის სახით ქვეყანა მიიღებს 161 ლარს 5 წლის და 357 ლარს 15 წლის განმავლობაში.
2017 წელს პარლამენტმა მიიღო ახალი თაობის თამბაქოს კონტროლის საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (კანონები თამბაქოს კონტროლის შესახებ, რეკლამის შესახებ, მაუწყებლობის შესახებ, ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ; ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსი), რითიც საქართველო ხდება რეგიონში მოწინავე ქვეყანა თამბაქოს ეპიდემიასთან და მისი მოხმარებით გამოწვეულ ავადობასა და სიკვდილიანობასთან ბრძოლის კუთხით.
მონიტორინგის შედეგებმა გვაჩვენა, რომ 2018 წლის 1 მაისიდან დღემდე კანონის აღსრულება საკმაოდ ეფექტურად მიმდინარეობს. აღსრულების დონე სამასპინძლო ბიზნესში 96%-ია.
ვებ გვერდი: www.ncdc.ge
ფეისბუქი: National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH)
მის: ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი 99
საკონტაქტო პირი: