title
15 ოქტომბერი ხელების დაბანის მსოფლიო დღეა. ხელების დაბანის დღე 2008 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება და ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდას ხელების წყლითა და საპნით დაბანის მნიშვნელობის შესახებ. COVID-19-ის პანდემია გვახსენებს, რომ ვირუსის გავრცელების შემცირების ერთერთი ყველაზე მარტივი და ეფექტური საშუალება სწორედ ხელების წყლითა და საპნით დაბანაა. 2020 წლის მსოფლიო დღის თემაა „ხელების ჰიგიენა ყველასთვის!", რომელიც ემყარება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებს COVID-19-ის პანდემისთან დაკავშირებით და მთელ მსოფლიოს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ხელების ჰიგიენას, კერძოდ კი ხელების წყლითა და საპნით დაბანას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასათვის.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ხელების დაბანის მსოფლიო დღეს რამდენიმე ღონისძიებით უერთდება:
• ვირტუალური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება სკოლის უმცროსკლასელ მოსწავლეთა ნამუშევრები, რომლებიც მიეძღვნება ხელების დაბანის თემატიკას COVID-19-ის კონტექსტში. კვირეულის ფარგლებში ნებისმიერ მოსწავლეს ან სკოლას შესაძლებლობა ექნება გამოაგზავნოს საკუთარი ნამუშევარი ncdc@ncdc.ge ან pr@ncdc.ge
ვირტუალურ გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ჰიგიენის დაცვის თემაზე შექმნილი თანამედროვე პოსტერები, ასევე ამავე თემაზე ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული უნიკალური მასალები.
• ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობის ფარგლებში ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ შექმნა ხელების დაბანის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საკითხავი ზღაპარი „თომა და დიდი საიდუმლო“. ზღაპარი COVID-19-ის პანდემიას ეხმიანება და ხელების დაბანის წესებსა და მის აუცილებლობას აცნობს მკითხველს. გამოყენებულია მე-5 კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ ლოლაძის ილუსტაციები.
• სტუმრობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ხელების დაბანის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით
COVID-19 -ის პანდემიისას ხელების ჰიგიენამ კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა.
ხელების დაბანა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
• საკვების მომზადებამდე;
• საკვების მიღებამდე;
• საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ყოფნის შემდეგ;
• ხველის და ცემინების შემდეგ;
• ნიღბის გამოყენებამდე და შემდეგ;
• საფენების შეცვლის შემდეგ;
• ავადყოფთან კონტაქტისას;
• ცხოველებთან და მათ ექსკრემენტებთან შეხების შემდეგ;
• ტუალეტით სარგებლობის შემდეგ.
გახსოვდეთ:
• თუ წყალი და საპონი არ არის ხელმისაწვდომი, ხელების დასამუშავებლად გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხსნარი
• დაუბანელი ხელებით არ შეეხოთ თვალის, პირისა და ცხვირის მიდამოს;
• ხელების დაბანა ყველაზე მარტივი და ეფექტიანი საშუალება ვირუსების გავრცელების შესამცირებლად;
დაიცავით ხელის დაბანის 5 წესი:
1. დაისველეთ ხელები გამდინარე, სუფთა წყლით და საპნით;
2. ააქაფეთ საპონი, კარგად წაისვით ხელისგულებზე და თითებშორის სივრცეებში, ფრჩხილებზე;
3. დაიბანეთ ხელები არანაკლებ 20 წამისა;
4. კარგად ჩამოიბანეთ საპონი სუფთა, გამდინარე წყლით;
5. შეიმშრალეთ ხელები სუფთა პირსახოცით ან ერთჯერადი ხელსახოცით.
____________________________________________
იხილეთ ასევე:
https://globalhandwashing.org/global-handwashing-day/