Logo

მაისის გაზომვის თვე 2021

title

საქართველო უკვე მეოთხედ მხარს უჭერს  მსოფლიო კამპანიას „მაისის გაზომვის თვე“ 2021

მოვუწოდებთ  მოსახლეობას  ჩაერთონ  წნევის  გაზომვის აქციებში

 

ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოება (ISH) მეოთხე წელია ახორციელებს ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლო კამპანიას ,,მაისის გაზომვის თვე’’.

საქართველო 2017 წლიდან მონაწილეობს აღნიშნულ სკრინინგულ ინიციატივაში.

 

მოვუწოდებთ საქართველოს მოსახლეობას ისარგებლონ ამ მნიშვნელოვანი შესაძლებლობით და გაიგონ საკუთარი არტერიული წნევის ციფრები

 

მომატებული არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია (აჰ), წარმოადგენს სიკვდილის  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან რისკის ფაქტორს მსოფლიოში.

უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში, მოზრდილი მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს მაღალი არტერიული წნევა აქვს  (არაგადამდებ დაავადებათა რისკ-ფაქტორების STEPS კვლევა, 2016). მოსახლეობის გარკვეულ ჯგუფებში კი ჰიპერტენზიის გავრცელების მაჩვენებელი 55%-60%-ია (MMM 2017-2019). მაღალი არტერიული წნევის  მქონე ადამიანების უმრავლესობამ ან საერთოდ არ იცის საკუთარი მდგომარეობის შესახებ და არ მკურნალობს ან იმყოფება მკურნალობაზე, რომელიც ეფექტურად არ აკონტროლებს მათ მდგომარეობას. ვინაიდან მომატებულ წნევას  ხშირად რაიმე განსაკუთრებული კლინიკური  სიმპტომები არ აქვს, არტერიული წნევის გაზომვა ჰიპერტენზიის იდენტიფიცირების ერთად-ერთი ზუსტი და, შესაბამისად, კრიტიკულად  მნიშვნელოვანი საშუალებაა. წნევის გაზომვა ძალიან მარტივი და იაფი პროცედურაა, ხოლო ჰიპერტენზიის ეფექტური კონტროლი შესაძლებელია პრევენციითა და სწორად შერჩეული მედიკამენტური მკურნალობით. ჰიპერტენზიის მართვის გარეშე ან არაეფექტური მართვის შემთხვევაში, სახეზეა სერიოზული მწვავე და გრძელვადიანი გართულებების რისკი.

ეს საკითხები იყო საფუძველი MMM გლობალური კამპანიის დაგეგმვისა, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი წნევის, მისი პოტენციური გრძელვადიანი შედეგების და ეფექტური  კონტროლის მნიშვნელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. მაისის გაზომვების თვე არტერიული წნევის სკრინინგის ყველაზე მასშტაბური უფასო კამპანიაა მსოფლიოში.

2021 წელს მაისიდან წლის ბოლომდე მოხალისეები მთელს მსოფლიოში, ქვეყნებში, ქალაქებსა და სოფლებში  მოსახლეობას გაუზომავენ  წნევას.

ჩვენს ქვეყანაში ამ აქციებში მონაწილეობს 500-მდე მოხალისე ექიმი და უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების სტუდენტი. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანის გამოკვლევა და განათლება. საქართველო მეოთხედ მონაწილეობს კამპანიაში; 2017 წელს გამოკვლეულ იქნა 6000, 2018 წელს - 11000 და 2019 წელს 13000 ადამიანი. 2021 წლის მასობრივ აქციებში, კიდევ უფრო მეტი ადამიანის ჩართვა იგეგმება .

MMM-ის მთავარი მკვლევარის, პროფესორ ნილ პოულტერის აზრით: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  მზარდი საფრთხეების მიუხედავად, მომატებული არტერიული წნევა რჩება გლობალური სიკვდილიანობის  ყველაზე მნიშვნელოვან რისკის  ფაქტორად და ტვირთად მსოფლიოში.’’

MMM ბრუნდება 2021 წლის მაისში

მაისის გაზომვების თვე მოიაზრება არტერიული წნევის კვლევის ყველაზე დიდ გლობალურ პროექტად 87 ქვეყანაში, რომლის მიზანია მილიონზე მეტი ადამიანის ტესტირება 2021 წლის მაისიდან ნოემბრამდე.

მომატებულ არტერიულ წნევას კვლავ ყველაზე დიდი წილი აქვს გლობალურ  სიკვდილიანობასა და ავადობის გლობალურ ტვირთში. დადგენილია, რომ 2019 წელს არტერიულ ჰიპერტენზიას უკავშირდებოდა სიკვდილის შემთხვევათა დაახლოებით 19% (10,8 მილიონი ადამიანი). ჰიპერტენზია იწვევს გულის იშემიური დაავადების, თავის ტვინის ინსულტისა და გულის უკმარისობის შემთხვევათა 50%–ს. საყურადღებოა, რომ მომატებული წნევისა  და მისი გართულებების მართვაზე გლობალური ჯანდაცვის ხარჯების დაახლოებით 10%-ზე  მეტი იხარჯება. სამიზნე ორგანოთა ჰიპერტენზიით დაზიანება COVID-19-ით დაინფიცირებულ პაციენტებში ზრდის დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და  არაკეთილსაიმედო პროგნოზის რისკს.

2021 წლის 17 მაისს, ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეს, საქართველო უერთდება მსოფლიო კამპანიას ,,მაისის გაზომვის თვე’’MMM 2021.

პირველი აქცია ჩატარდება  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში 17 მაისს, 15:00.

სკრინინგული საიტები გაიხსნება თბილისსა და 2021 წლის 1 ივნისიდან საქართველოს რეგიონებში.


დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:                                                                                                                          https://maymeasure.org/