Logo

თირკმლის მსოფლიო დღე 11.03.2021

title

თირკმლის მსოფლიო დღე ნეფროლოგიის საერთაშორისო საზოგადოებისა (ISN) და თირკმლის ფონდების საერთაშორისო ფედერაციის (IFKF) ერთობლივი ინიციატივაა. ეს დღე 2006 წლიდან მარტის მე-2 ხუთშაბათს ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანია მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება ჯანმრთელობისთვის თირკმლის ნორმალური ფუნქციონირების როლის შესახებ.

თირკმლის მსოფლიო დღის საკონსულტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის დღის თემაა „ხარისხიანი ცხოვრება თირკმლის დაავადებებთან ერთად,“ რაც ხაზს უსვამს როგორც საზოგადოების ცნობიერებისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლების მნიშვნელობას, ასევე ყურადღებას ამახვილებს პაციენტების გაძლიერების აუცილებლობაზე, რათა ისინი უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულნი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც მათი ხარისხიანი ცხოვრების ხელშემწყობი ფაქტორია.

თირკმლის დაავადებების მართვისა და მკურნალობის მიზანია პაციენტისათვის თირკმლის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნება, თირკმლის უკმარისობით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქება და პაციენტის სიცოცხლის გახანგრძლივება. თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტებისათვის მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებრივი და სოციალური როლის შენარჩუნება, საკუთარ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე კონტროლი. ხშირად, მათი პრიორიტეტები ყურადღების მიღმა რჩება და, შესაბამისად, აწყდებიან სირთულეებს მკურნალობის პროცესში. უკეთესი კლინიკური შედეგისათვის მნიშვნელოვანია პაციენტები სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულები და ჩართულები გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე; მათ უნდა იცოდნენ, რომ მათი მდგომარეობის მართვა ეფექტურად ხორციელდება, ჰქონდეთ მოტივაცია აქტიურად ჩაერთონ მკურნალობის და საკუთარი ჯანმრთლობის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ასევე, აუცილებელია, თირკმლის დაავადებების მქონე პაციენტების, მ.შ. დიალიზზე მყოფი პაციენტებისა და ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე პირების და მათი მომვლელების მხარდაჭერა, გასაკუთრებით პანდემიების და სხვა კრიზისული პერიოდების დროს.


ძირითადი ფაქტები:

·         ამჟამინდელი მონაცემებით, მსოფლიოში 850 მილიონ ადამიანს აღენიშნება თირკმლის პათოლოგია;

·         აშშ-ში 29 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს თირკმლის ქრონიკული დაავადება

·         თირკმლის ქრონიკული დაავადება, ძუძუს კიბოსთან შედარებით, უფრო ხშირად იწვევს სიკვდილს და მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევი 10 ძირითად მიზეზთა შორისაა;

·         გლობალურად, თირკმლის ქრონიკული დაავადებით ყოველწლიურად დაახლოებით 2.4 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც სიკვდილობის მე-6 მიზეზს წარმოადგენს;

როგორ ავიცილოთ თავიდან თირკმლის დაავადებები:

·         იყავით ფიზიკურად აქტიური;

·         აკონტროლეთ სისხლში გლუკოზის დონე;

·         აკონტროლეთ სისხლის წნევა;

·         იკვებეთ ჯანსაღად, შეამცირეთ მარილის მოხმარება;

·         აკონტროლეთ წონა;

·         ყოველდღიურად მიიღეთ 1.5-2 ლ. წყალი. ეს თირკმელს ეხმარება ტოქსინებისაგან ორგანიზმის განთავისუფლებაში;

·         არ მოწიოთ;

·         ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

 

თირკმლის ქრონიკული დაავადება, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა მოზრდილებში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

·         ადრეულ სტადიაზე თირკმლის ქრონიკულ დაავადებას სპეციფიური სიმპტომები არ აქვს;

·         თირკმლის ქრონიკული დაავადება არ იკურნება;

·         თირკმლის დაავადებების სკრინინგი შარდის და სისხლის ანალიზით ხორციელდება;

·         თირკმლის დაავადებების პროგრესირების შემთხვევაში ყალიბდება თირკმლის ქრონიკული უკმარისობა.


თირკმლის დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მისი ეფექტური მართვის შესაძლებლობას იძლევა!

 

https://www.worldkidneyday.org/2021-chttps://www.worldkidneyday.org/2021-2021

https://www.worldkidneyday.org/2021-campaign/2021-wkd-theme/